Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიშეგრადის ჯგუფი“: 2+2 არ უდრის 4-ს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

„ვიშეგრადის ჯგუფი“, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანას - ჩეხეთს, უნგრეთს, პოლონეთსა და სლოვაკეთს - აერთიანებს, ცოცხალ-მკვდარია და კიდევ კარგა ხანს დარჩება ასე.

სწორედ ასეთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ოთხეულის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისგან, რომელიც პრაღაში 27 თებერვალს ჩატარდა.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ „ვიშეგრადის ოთხეულს“ (ან, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე, V4-ს) სერიოზულ მოთამაშედ მიიჩნევდნენ. ბრიუსელში მას შეთანხმებების მიღწევის რეალური ძალა გააჩნდა. ის ჯერ კიდევ 1991 წელს შეიქმნა და ერთ-ერთ უძველეს არაფორმალურ პოლიტიკურ ალიანსს წარმოადგენს ევროკავშირშიც და ნატოშიც.

თავდაპირველად V4 თანამშრომლობის პლატფორმა გახლდათ, რომლის დანიშნულება საბჭოთა მემკვიდრეობისაგან განთავისუფლება და ამ ოთხი ქვეყნის დასავლურ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში გაერთიანება იყო. შემდეგ ის ანგარიშგასაწევ ძალად გარდაიქმნა ამავე პოლიტიკურ სტრუქტურებში. ცალ-ცალკე მათი უგულებელყოფა იოლია, ერთად კი V4 65 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენს, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ევროპულ პოლიტიკაზე სხვადასხვა სფეროში: იმიგრაციაში, სოფლის მეურნეობაში და საგარეო ურთიერთობებშიც კი.

ეს ჯგუფი ერთმანეთს სწორედ საგარეო პოლიტიკამ დააშორა - უკრაინაში მიმდინარე ომმა. დააშორა კი არა, ქვეყნებს შორის უკვე იმხელა უფსკრულია, რომ მათ შეგვიძლია უკვე V2+V2 ვუწოდოთ. ჩეხეთი და პოლონეთი კიევის დიდი მხარდამჭერები არიან, პოლიტიკურადაც და სამხედრო კუთხითაც. ისინი მოითხოვენ, რომ ომით გატანჯულ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ, რაც შეიძლება მალე. უნგრეთი და სლოვაკეთი კი, პირიქით, უარს აცხადებენ იარაღის გაგზავნაზე და „მშვიდობას“ ითხოვენ ნებისმიერ ფასად. უნგრეთი ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს და ხელი შეუშალოს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერების, პეტრ ფიალას და დონალდ ტუსკის ორმხრივმა შეხვედრამ მეტხანს გასტანა, ვიდრე თავად სამიტმა. ჩეხი დიპლომატების ცნობით, შეხვედრა „გულთბილ ატმოსფეროში“ ჩატარდა და ორი ქვეყნის ლიდერებმა თითქმის ყველა განსახილველ საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას. პოლონეთმა მიანიშნა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს პრაღის ინიციატივას, უკრაინისათვის საჭირო ტყვია-წამალი მესამე ქვეყნებში შეიძინოს და კიევს შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაწოდოს.

სამიტის შემდეგ ჩატარებულმა ერთობლივმა პრესკონფერენციამ კი სულ სხვა სურათი აჩვენა. ოთხივე ლიდერს სახეზე დაძაბული ღიმილი დასთამაშებდა. ყველამ აღიარა, რომ ძალიან განსხვავებული შეხედულებები გააჩნდათ. ფიალამ, რომლის ქვეყანაც V4-ის პრეზიდენტი იქნება ივნისამდე, როდესაც ამ პოსტს პოლონეთი გადაიბარებს, სცადა შეხვედრის პოზიტიური მხარეებისათვის გაესვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ორ საკითხზე ყველა თანხმდება: რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება და, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება. თუმცა, ქვეყნებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუ რა სახის უნდა იყოს ეს დახმარება. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა იქვე გაუსვა ხაზი, რომ ბუდაპეშტი არ ეწინააღმდეგება ჰუმანიტარულ ან ფინანსურ დახმარებას და უნგრელი ექიმები ფრონტის ხაზზე ეხმარებიან მებრძოლებს.

შემდეგ ორი განსხვავებული ნარატივი გაჩნდა. ტუსკი დაჟინებით ამბობდა, რომ დასავლეთმა არ უნდა უღალატოს თავის ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ფიალა კი ხაზს უსვამდა, რომ რუსეთს არ უნდა გაუვიდეს აგრესიული პოლიტიკა. ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო კი ლაპარაკობდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე და აცხადებდნენ, რომ ომს უკრაინისათვის მიწოდებული იარაღი ვერ შეწყვეტს და, რომ კიევი და მოსკოვი ორი წლის შემდეგაც იმავე ადგილას იქნებიან, ოღონდ ათიათასობით დამატებითი ადამიანი მოკვდება.

ამგვარად, ჯერ არ ჩანს, თუ როგორ გახდება 2+2 ისევ 4 უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა ჯგუფმა მედიას კი უთხრა, რომ ერთ რამეზე ყველა თანხმდება: უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცებს არცერთი არ გააგზავნის. ეს ერთგვარი პასუხი ჩანდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წინა დღით გაკეთებულ განცხადებაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა გამორიცხონ კიევის მხარდასაჭერად სამხედროების გაგზავნა.

უკრაინის საკითხის გარდა, როგორც ჩანს, V4 ბევრ რამეზე ახერხებს შეთანხმებას. ფიალამ აღნიშნა, რომ ჯგუფს საერთო პოზიცია ჰქონდა ენერგეტიკის საკითხებზე, კერძოდ კი, მეტი ატომური ენერგიის საჭიროებებზე. ოთხივეს მკაცრი პოზიცია უჭირავს „არალეგალურ მიგრაციასთან“ დაკავშირებით, არ უჭერენ მხარს ევროკავშირის სავალდებულო კვოტებს მიგრანტთა კლუბის წევრებს შორის გადანაწილებაზე და არ სურთ ევროკავშირში ცვლილების განხორციელება, რომელიც კავშირს უფრო „ფედერალურად აქცევს“ და შეამცირებს ვეტოების რაოდენობას.

მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის საკითხიც. ოთხივე თანხმდება, რომ ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ არ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ხარჯზე. წარმოების ხარჯების ზრდას ფერმერები მთელ ევროპაში აპროტესტებენ, რაც ამ საკითხს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. აქ ტუსკი რთულ ვითარებაშია. მას სურს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოს პოლონელი ფერმერებიც, უმნიშვნელოვანესი ამომრჩევლები, რომლებიც ახლა უკრაინის საზღვარს ბლოკავენ და უკრაინულ პროდუქციას არ უშვებენ ქვეყანაში.

მას სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, როდესაც განაცხადა, რომ სოლიდარული იყო უკრაინასთან, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ევროკავშირთან დადებული შეთანხმება ბლოკში უკრაინული პროდუქციის დაუბეგრავად დაშვებასთან დაკავშირებით, პოლონეთის ბიზნესის ხარჯზე არ უნდა განხორციელებულიყო. ფიცო და ორბანი კმაყოფილი ჩანდნენ. ახლა ამას არავინ აღიარებს, მაგრამ V4, თუ ის გადარჩა, ალბათ შეთანხმდება, რომ ეროვნული ინტერესები საბოლოოდ უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG