Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა ერთი თვით გაახანგრძლივა სლოვაკეთთან სახმელეთო საზღვრის კონტროლი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჩეხეთმა განაცხადა, რომ მეზობელ სლოვაკეთთან შემოღებულ დროებით სასაზღვრო კონტროლს 2 თებერვლამდე გააგრძელებს.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტ რაკუშანის თქმით, გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული და იგი მიზნად ისახავს ბრძოლის გაძლიერებას არალეგალური მიგრაციისა და ე.წ. ადამიანებით კონტრაბანდის წინააღმდეგ.

ორივე ქვეყანა შენგენის ზონის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა ნებადართულია პასპორტების გარეშე.

სახმელეთო-სასაზღვრო კონტროლი ჩეხეთის ხელისუფლებამ 2023 წლის 4 ოქტომბერს შემოიღო ლტოლვილების მოზღვავების გამო.

"არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო ვითარებას განვიცდით - მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან, პოლიციამ ჩეხეთში 11 000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა მაშინ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

მსგავსი ზომებს მიმართა ასევე პოლონეთის ხელისუფლებამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სლოვაკეთთან დაწესებული სასაზღვრო კონტროლი 1 თებერვლამდე გააგრძელა.

ჩეხეთის საზღვარს კვეთს არალეგალი მიგრანტების დიდი რაოდენობა, რომელთა უმეტესობა თურქეთიდან ევროკავშირში ჩასული სირიელებია.
არალეგალურ მიგრაციასთან ერთად, სახეზეა ასევე ორგანიზებული დანაშაული, მაგალითად, კონტრაბანდა, რომელიც ასევე გაიზარდა ბოლო პერიოდში.

"ოქტომბრის დასაწყისში შემოღებული დროებითი სასაზღვრო კონტროლის შემდეგ, შემოწმდა 680 000-ზე მეტი ადამიანი", - განაცხადა რაკუშანმა. ჩეხმა სამართალდამცველებმა 1100-ზე მეტი ადამიანი საზღვარზევე უკან გააბრუნეს. რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში სლოვაკეთს 120 ადამიანი გადაეცა, ხოლო დღეისათვის დაკავებულია კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 58 პირი.

XS
SM
MD
LG