ჩეხეთმა 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება.
WSJ-ის ჟურნალისტების თანახმად, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს.
WSJ-ის თქმით, სავაჭრო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია, რომ შეიარაღების მიწოდება განხორციელდეს ჩეხეთის ან მესამე ქვეყნების გზით, რათა დაიფაროს გამყიდველ ქვეყანასა და უკრაინას შორის კავშირები და მიმწოდებელს აარიდოს მოსკოვის რისხვა.
ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი ფინანსური წილი გაიღო გერმანიამ.
როგორც ჩეხეთის მთავრობაში ამბობენ, დაგეგმილია მეტი ჭურვისთვის თავის მოყრა იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ხელმისაწვდომი. როგორც BBC შენიშნავს, უკრაინაში ჭურვების პირველი პარტიის გაგზავნა უახლოეს რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიწყოს.