Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: რუსეთს უკრაინაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს საარტილერიო ჭურვების რაოდენობით


საილუსტრაციო ფოტო. საარტილერიო ჭურვები
საილუსტრაციო ფოტო. საარტილერიო ჭურვები

რუსეთი იმაზე მეტ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, ვიდრე ეს უკრაინის დასახმარებლად შეუძლიათ აშშ-ს და ევროპას. ამის შესახებ ევროპის და ნატოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი. მისი წყაროების თანახმად, რუსეთი ყოველთვიურად აწარმოებს 250 ათასამდე საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში დაახლოებით 3 მილიონს. აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინა ყოველწლიურად მოამარაგონ 1,2 მილიონი ჭურვით.

CNN-ის ცნობით, დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ფრონტზე ყოველდღე ხარჯავს 10 ათასამდე საარტილერიო ჭურვს, ხოლო უკრაინა - დაახლოებით 2 ათასს, ფრონტის წინა ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე კი უფრო ნაკლებს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან მიიღო თანამედროვე შეიარაღების სისტემები, თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ომში შესაძლოა, გაიმარჯვოს იმ მხარემ, რომელიც მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.

ნატოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, CNN-ს უთხრა, რომ რუსეთი ორ ცვლად, 24 საათის განმავლობაში ამუშავებს ჭურვების მწარმოებელ ქარხნებს და თავდაცვის სექტორში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი, მაშინ, როცა უკრაინაში ომის დაწყებამდე ეს რიცხვი 2-2,5 მილიონი იყო. გარდა ამისა, რუსეთი ამ საბრძოლო მასალებს იღებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.

ამასთან, CNN-ის წყაროთა თანახმად, რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, აქვს შესაძლებლობების ზღვარი, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის მიაღწევს.

2024 წლის თებერვალში დასავლეთის სახელმწიფოებმა შექმნეს ახალი კოალიცია, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG