- შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი;
- სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების მუშაობის ოპტიმიზაცია;
- სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
- „მშვიდობის გზაჯვარედინის“ წახალისება.
სტრატეგიული პარტნიორობა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ გამოაცხადა, რომ სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“.
პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, მხარეებმა ეს ინიციატივა „ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს“ დააანონსეს და „ბოლო თვეების განმავლობაში“ ამაზე მუშაობდნენ.
„შეიძლება ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და დღეს ეს რეალობა გაფორმდა და ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ:
- ეს შეთანხმება „ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და ჩვენს მიზანმიმართულობას გამოხატავს“;
- „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ“.
შავი ზღვის კაბელი
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მოისმინა „ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა მსხვილი პროექტები, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“.
„მსხვილი პროექტებიდან“ ფაშინიანმაც შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი გამოყო. მან ჯერ ახსენა თავისი ინიციატივა, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და თქვა, რომ ეს პროექტი „მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ“. ამის შემდეგ კი განაცხადა:
„ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი“.
პრემიერ-მინისტრებს არ უთქვამთ, რა სახის შეიძლება იყოს სომხეთის მონაწილეობა.
შავი ზღვის კაბელის პროექტის კონტექსტში სომხეთი პირველად 2023 წლის ოქტომბერში ახსენეს - ბრიუსელში. ნიკოლ ფაშინიანისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის 6 ოქტომბრით დათარიღებულ საერთო განცხადებაში წერია:
„ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი“.
მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას“.
პროექტის ინიციირებისას შეთანხმება ასეთი იყო: აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
ჯერ უცნობია, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე აზერბაიჯანს, - პროექტის ძირითად მოთამაშეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაპირებების მიუხედავად, ჯერაც არ აქვთ ხელი მოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.
საბაჟო პუნქტებზე შეთანხმება?
პრემიერ ფაშინიანის განცხადებით, შეხვედრებისას ლიდერებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურასა და კავშირების შესაძლებლობებზე. „ეკონომიკური წინსვლის“ ხსენების შემდეგ კი ფაშინიანმა განაცხადა:
„ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა“.
ფაშინიანის თქმით, ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვის შემთხვევაში, „საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება“.
ღარიბაშვილს ბრიფინგზე ეს საკითხი არ უხსენებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ წელს უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს. თქვა ისიც, რომ:
- „სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის;
- რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა;
- გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა“.
ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია რუსეთის ფედერაცია.
- საქართველოსთვის რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია, - 2023 წელს $2.4-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვით;
- სომხეთისთვის რუსეთი რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორია.
- ორივე ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას ბოლო ორ წელიწადში სწორედ რუსეთთან ვაჭრობასა და უკრაინის ომის ფონზე რუსეთიდან შემოსული მიგრანტების ნაკადები განაპირობებდა.
საზღვრის დელიმიტაცია
კიდევ ერთი საკითხი, რაც ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ახსენა, საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციაა.
„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“, - განაცხადა მან.
სომხეთი ამჟამად აზერბაიჯანთან საკუთარი საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს საკითხი არის ორ ქვეყანას შორის გაჭიანურებული სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც უნდა შეთანხმდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვარი სრულად დელიმიტირებული არც საქართველოსა და სომხეთს აქვთ.
მსგავსი პრობლემაა აზერბაიჯანთან, - საზღვარი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორისაა დელიმიტირებული. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მხარეებმა 2023 წლის ზაფხულში განიხილეს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობა.
ისევ „მშვიდობის გზაჯვარედინი“
ფაშინიანი ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ ეწვია თბილისს.
ბოლოს ის საქართველოში 2023 წლის 26 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“. თავდაპირველად სწორედ იქ წარადგინა მან სომხეთის მთავრობის ინიციატივა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
26 იანვარს პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს პროექტი ახლა უკვე ორმხრივ გაფართოებულ ფორმატში წარუდგინა ქართველ კოლეგებს.
„ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი, და ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული გზა. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას, და ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
„მშვიდობის გზაჯვარედინით“ ფაშინიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს საზღვრების გახსნასა და ერთმანეთთან დაკავშირებას სთავაზობს სომხეთზე გამავალი რამდენიმე მარშრუტით. ოღონდ მთავარია დათქმა: „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა“.
ეს აზერბაიჯანის შეთავაზებული „ზანგეზურის დერეფნის“ ერთგვარი ალტერნატივაა.