განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე ბრალდების მხარე, პროკურატურა, როგორც წესი, თავად ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, თუმცა, დაზარალებულების ან დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების ადვოკატები ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე, ხშირია ფაქტები, როდესაც სწორედ ბრალდებულის ოჯახი და დაცვის მხარე აპელირებენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ბრალდებული იყო შეურაცხადი და ამით ისინი ცდილობენ არა თუ შეამცირონ სასჯელის ზომა, არამედ სრულად აარიდონ თავი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ ყველა ადვოკატს აქვს უფლება, კანონიერი გზით დაიცვას ბრალდებული, მათ შორის, თავად მოითხოვოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაც, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ამ ტიპის საქმეებზე ექსპერტიზის მოთხოვნა ბრალდებულთა დაცვის მხარის ერთგვარ სტრატეგიად, ტენდენციად ჩამოყალიბდა. თავად ექსპერტიზის დასკვნებთან კი მათ კითხვები აქვთ.
ბოლო პერიოდში მომხდარი ფემიციდის, ფემიციდის მცდელობისა თუ სხვა მძიმე დანაშაულების გახმაურებულ საქმეებში ბრალდებული პირების ნაწილი ან შეზღუდულ შერაცხადად, ან სრულად შეურაცხადადაა მიჩნეული. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე მთლიანად შეწყდა, რიგ შემთხვევებში კი ბრალდებული, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, შედარებით მსუბუქ სასჯელს იღებს.
რას ამბობს კანონი?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფება შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ე.ი. ფსიქიკური დაავადების გამო, არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობის დროს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, თუმცა, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და ეს მდგომარეობა შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება.
რას ითხოვს ავტობუსში მოკლული ქალის დედა?
2022 წლის 21 მაისს სოფო კვარაცხელია ქმარმა, როინ მებონიამ თბილისში, #323 ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა. ქალის მკვლელობას შეესწრნენ მისი და და არასრულწლოვანი დისშვილებიც.
2023 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა 38 წლის როინ მებონია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და მას ცოლის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუმცა, იმის გამო, რომ კაცს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა, მოსამართლემ, კანონმდებლობის თანახმად, ეს გარემოება სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა და მას არა უვადოდ, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, გამოჯანმრთელებამდე იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გააპროტესტა. გადაწყვეტილება გააპროტესტა ბრალდებულის დაცვის მხარემაც. ადვოკატი ბრალდებულის სასჯელისგან სრულ გათავისუფლებას და მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას მოითხოვს. საქმეს ამჯერად უზენაესი სასამართლო განიხილავს.
მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა, ხათუნა ნაჭყებია, მაშინაც დარწმუნებული იყო და ახლაც დარწმუნებულია, რომ მისი სიძე არ არის შეურაცხადი და როდესაც მან ცოლს რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, კარგად აცნობიერებდა, რას აკეთებდა.
როგორც ის მიყვება, მკვლელობის შემდეგ, კაცმა აიღო ცოლის ზურგჩანთა, სადაც უფროსი, 11 წლის შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსულინი იდო, გააჩერა ტაქსი და მძღოლს ჩანთა ბავშვის ბებიასთან გაატანა:
„უთხრა მისამართი, რადგან იცოდა, რომ ინსულინი ბავშვს ჰაერივით სჭირდებოდა. თუ შეურაცხადი იყო, როგორ გაახსენდა ეს დეტალები. როგორ შეიძლება, ფსიქიკურად აშლილმა ადამიანმა ეს ყველაფერი გააცნობიეროს, გაახსენდეს შვილის ინსულინი, მისამართი და ა.შ. ავტობუსის კამერებში ჩანს, როგორ ურტყამს უფროსი ბიჭი მხრებზე, როგორ ექაჩება ქურთუკზე, რომ როგორმე გააჩეროს მამა, თუ შეურაცხადი იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, ბავშვს რატომ არ მოუქნია დანა? ბავშვს მხოლოდ იგერიებდა. ჩემი შვილი უყვიროდა, სოფო ვარ, ბიჭო, სოფო ვარო, და ვიცი, ვინც ხარო, მხოლოდ ამას უმეორებდა“.
ხათუნა ნაჭყებია ამბობს, რომ შვილის მკვლელობის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს და იქ შეეცდება სიმართლის პოვნას:
„ჩემი შვილის შემდეგ კიდევ მოკლეს ძალიან ბევრი ქალი. ყველა მკვლელს ან შეზღუდულ შერაცხადობას, ან სრულად შეურაცხადობას აწერენ და ეს იქცა ადვოკატების ერთგვარ ხელწერად, რომ მკვლელები უვადოდ არ დარჩნენ ციხეში და არ მიეზღოთ ის, რასაც კანონით იმსახურებენ. ჩემს შვილს რომ აღარაფერი უშველის, ეს ხომ ცხადია, მაგრამ ამ ბრძოლით მინდა, სხვისი შვილების სადარაჯოზე ვიდგე. პოტენციურმა დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ დანაშაულის შემთხვევაში ისინი კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯებიან“.
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება
2022 წლის 23 მაისს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე კაცმა ყოფილი ცოლი, 39 წლის ქალი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაჭრა. დაჭრილი ქალის ახლობელი მაშინ რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ წყვილი 14 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ქალის მიმართ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ქალი პირველად ქმრის ოჯახიდან ერთი წლის წინ წავიდა. მისივე სიტყვებით, მოგვიანებით, ქალი დაბრუნდა ყოფილი ქმრის ოჯახში, თუმცა განმეორებითი ძალადობის გამო, კვლავ დატოვა ქმრის სახლი და მარტომ, შვილთან ერთად დაიწყო ცხოვრება:
„რამდენიმე თვის წინ აქ მოვიდა ფულის სათხოვნელად და ხელი გაარტყა, ტუჩი გაუსკდა და გადავარდა. პოლიციაში დავრეკეთ, მოვიდა პოლიცია და მეორე დღეს დაიჭირეს. სასამართლომ 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. 20 მეტრის რადიუსში არ უნდა მიჰკარებოდა. დაახლოებით სამი კვირა, მაქსიმუმ ერთი თვე იქნება გასული ამ გირაოს შემდეგ“, - უთხრა 2022 წლის მაისში რადიო თავისუფლებას დაჭრილი ქალის ახლობელმა.
გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცის სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, კაცი სრულად შეურაცხადად გამოცხადდა და ის ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ გადაიყვანეს სამკურნალოდ:
„ორ წელში ეს ადამიანი დატოვებს დაწესებულებას“, - მეუბნება დაზარალებული ქალის ადვოკატი, „უფლებები საქართველოს“ იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც ამჯერად პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობასა და გულგრილობას ედავება:
„ერთი მხრივ, შეწყდა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით. და მეორე მხრივ, გამოძიებამ ამ ქალის მიმართ განხორციელებული სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები უყურადღებოდ დატოვა. ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გირაოსა და შემაკავებელი ორდერის ფონზე. სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში იყვნენ, რომ ეს კაცი იყო მოძალადე, თუმცა, მორიგი დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს. დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი, რომელიც შშმ პირის სტატუსს ატარებს, არის უკიდურესად შეშინებული, ხმას არ იღებს, ცდილობს, არსად გამოჩნდეს, არავის არაფერი უთხრას, ეშინია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვების შემდეგ, კაცი კვლავ შეეცდება მის მოკვლას“.
რატომ მიიჩნია ექსპერტიზამ ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი შეზღუდულ შერაცხადად?
ნაცვლად უვადო პატიმრობისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 9 წლის ბავშვს სისტემატურად აუპატიურებდა. ეს დანაშაული 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დის გაუპატიურების შემსწრე იყო მისი უმცროსი ძმაც.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში დაწერა, რომ კაცს შეზღუდული შერაცხადობა აქვს. სასამართლომ ეს ფაქტორი სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო სხდომები ჯერ არ დაწყებულა.
თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ამ საქმეში ბავშვების ინტერესებს იცავს. ამბობს, რომ დასკვნა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაწერა, სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს.
მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია ექსპერტიზამ კაცი შეზღუდული შერაცხადობის მქონედ მაშინ, როდესაც დასკვნაში დაწერა, რომ „ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავის თავს და უხელმძღვანელოს მას“.
თამუნა გაბოძე ამბობს, რომ კითხვები აქვს ექსპერტიზის დასკვნის გარშემო და თვლის, რომ ეს არის ის ტიპური შემთხვევა, როდესაც ბრალდებულები ცდილობენ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აარიდონ თავი მკაცრ სასჯელს:
„სამხარაულის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, ბრალდებული ქრონიკული აშლილობით ან ფსიქიკის სხვა ავადმყოფური მდგომარეობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის.
ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მისი გონებრივი განვითარება არ შეესაბამება მის ასაკობრივ ნორმას, თუმცა, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავის თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს ჩვენება, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს გასაგები, არ უნდა იყოს ორაზროვანი. შეუძლებელია, ადამიანი იაზრებდეს სად იყო, შეეძლოს თავის დაცვა, სასამართლო სხდომებზე დასწრება და არ შეეძლოს გაცნობიერება, რომ შშმ ბავშვს აუპატიურებდა წლების განმავლობაში. ამ დასკვნას აქვს სერიოზული პრობლემები“.
რატომ დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს?
გამოძიების თანახმად, 9 იანვრის ღამეს, თბილისში, 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცივი იარაღით ჯერ 27 წლის ცოლს, ქეთევან ედიბერიძეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ თავი დაიზიანა. ქალი იმავე ღამეს, კლინიკაში გარდაიცვალა. გიორგი კავლელაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებულიც.
ელისო რუხაძე მოკლული ქალის ოჯახის ინტერესებს იცავს. ამბობს, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც გამოძიებამ მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა და და გამოკითხა:
„ბრალდებულის მამა არის ყოფილი პოლიციელი. მამის ჩვენებით ირკვევა და დაც იმავეს ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკზე დამოკიდებული. როდესაც საქმესა და ანამნეზში ჩნდება ნარკოტიკი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ყალიბდება, თითქოს ეს არის ნარკოტიკით გამოწვეული ფსიქიკური დაავადება. ზუსტად იგივე მოცემულობა იყო ავტობუსში მკვლელობის საქმეში. ვარკეთილის საქმემაც აჩვენა, რომ ამ ტიპის საქმეებში მთავარი სტრატეგიაა ბრალდებულების შეურაცხადად გამოყვანა. ეს იოლია გამოძიებისთვისაც და მარტივია დაცვის მხარისთვისაც, როდესაც ეჭვქვეშ დგება ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა“.
ელისო რუხაძისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის მოცემულობა, როდესაც შეზღუდულ შერაცხადობას საფუძვლად ედება ბრალდებულების ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და ამით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები:
„როდესაც ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებითაა გართულებული ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა, ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელი გარემოება, რადგან ნარკოტიკის გამოყენებას ადამიანი იწყებს ნებაყოფლობით და შემდეგ ხდება მასზე დამოკიდებული. ფემიციდის საქმეების 80-90%-ის შემთხვევაში, ბრალდებულებს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში უწერიათ ან შეზღუდული შერაცხადობა, ან შეურაცხადობა და ყველა მათგანში ფიგურირებს ნარკოტიკული საშუალებების მიღებით გართულებული პერსონალური აშლილობა ან რომელიმე სხვა დიაგნოზი.
მაგალითად, მაქვს სამი საქმე ხაშურსა და სურამში. ბრალდებულები გამოცხადდნენ შეურაცხადებად და სამივე საქმეში ფიგურირებდა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით გართულებული ფსიქიკური ჯანმრთელობა. ნარკოტიკზე დაფუძნებული შეზღუდული შერაცხადობა არ უნდა იყოს შემამსუბუქებელი გარემოება სასჯელის დანიშვნისას. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ“.
ფემიციდის კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც 2022 წელს ბოდბეში მოხდა, ბრალდებულის უვადო პატიმრობით დასრულდა. თუმცა, როგორც ელისო რუხაძე ამბობს, მაშინაც იყო მცდელობა, რომ კაცი შეურაცხადად მიეჩნიათ და ან შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმე, ან მცირე სასჯელი მიეღო:
„ჩვენ მაშინ ძალიან კრიტიკული განცხადებები გავაკეთეთ. ექსპერტიზის ბიურომ სრულად შერაცხადად მიიჩნია ეს ადამიანი. შესაბამისად, სასამართლომ ის უვადო პატიმრობაში გაუშვა“.
რაც შეეხება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნების გადასინჯვის შესაძლებლობას, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამის პრაქტიკა თითქმის არ არსებობს:
„მაშინ უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც რამდენიმე ათასი ლარი ჯდება და ამ თანხის მოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ქალებს ან მოკლული ქალების ოჯახებს ნამდვილად არ შეუძლიათ“, - მეუბნება ელისო რუხაძე.
გიორგი კავლელაშვილს, რომელსაც გამოძიება 27 წლის ცოლის მკვლელობას ედავება, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გადაიყვანენ.
მისი ადვოკატი, გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ საქმის დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. რაც შეეხება ფსიქიატრიული კვლევის დანიშვნას, ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ზუსტად ისე მოითხოვა ბრალდების მხარემ, როგორც სხვა მსგავსი ტიპის საქმეებზე.
რაც შეეხება უფლებადამცველების შეფასებებს ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის საქმეებში დაცვის სტრატეგიის თაობაზე, არაეთიკურს უწოდებს:
„ეს უფლებადამცველები არ არიან უფლებამოსილები, შეაფასონ ადვოკატის სტრატეგია. დაცვის მხარემაც რომ მოითხოვოს ექსპერტიზა, მათ რა უფლება აქვთ ამაზე ილაპარაკონ. საადვოკატო საქმიანობა იმას გულისხმობს, რომ ყოველგვარი გავლენისგან და ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. რა სტრატეგიას აირჩევს ადვოკატი, ეს მისი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გადასაწყვეტია. ამაზე მითითება არაკომპეტენტურია მსხვერპლის უფლებების დამცველების მხრიდან. ჩვენ ვამბობთ რაიმეს, როდესაც ისინი არასწორ მოსაზრებებს გამოხატავენ ხოლმე? ადვოკატი დასაცავი პირის მრჩეველია და აკეთებს ყველაფერს მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად. საქმეში თუ იკვეთება გარემოება, რომ საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, რა თქმა უნდა, ის უნდა ჩატარდეს“, - მეუბნება გიორგი მდინარაძე.
კითხვები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს
რადიო თავისუფლება შეეცადა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან მიეღო ინფორმაცია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დასკვნების შესახებ.
ბიუროს პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვებს 25 იანვარს წერილობით უპასუხებდნენ. თუმცა, დღის ბოლოს გაირკვა, რომ პასუხებს დღეს ვეღარ მივიღებდით და დათქმული დრო 26 იანვრის ჩათვლით გადავადდა.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტს აი, ამ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი:
- რა ეტაპებს გადის ექსპერტთა გუნდი ბრალდებულის შერაცხადობის შესახებ საბოლოო დასკვნის დასაწერად? მაგალითად, რამდენი ექსპერტი მუშაობს დასკვნაზე, რა პერიოდის განმავლობაში, რა ტიპის კვლევებს გადის ბრალდებული პირი?
- არის თუ არა შემთხვევები, როდესაც ექსპერტთა გუნდი დაზუსტებით ვერ ყალიბდება ბრალდებულის შერაცხადობის საკითხზე? ამ შემთხვევაში დამატებითი კვლევები ინიშნება?
- არსებობს თუ არა ცდომილების შანსი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისას? როგორ აზღვევთ ამ, თუნდაც მცირე რისკს?
- არის თუ არა საქმეები (ბოლო წლების განმავლობაში), როდესაც თქვენ მიერ დაწერილი დასკვნა გადაისინჯა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ და ის შეიცვალა? - პირი ჩაითვალა ან სრულად შერაცხადად, ან პირიქით, სრულად შეურაცხადად ან შეზღუდულ შერაცხადად?
- წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეებზე, რამდენ ბრალდებულს უტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა? არსებობს თუ არა სტატისტიკა, მათ შორის, რამდენ პირს უდასტურდება შეზღუდული შერაცხადობა?
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.