Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მართლა უნიკალური თვითმფრინავი დაკარგა


მოსკოვი. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი
მოსკოვი. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი

15 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 14 იანვარს საღამოს ჩაატარა სამხედრო სპეცოპერაცია და აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, გაანადგურა სტრატეგიული მნიშვნელობის ორი რუსული თვითმფრინავი.

განადგურებულია ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 და საჰაერო სამეთაურო პუნქტი Ил-22M.

რუსული წყაროები შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავები შეცდომით ჩამოაგდო რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემამ.

სპეციალისტების შეფასებით, A-50 უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული მანქანაა, რომელიც უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით აქვს რუსეთის ჯარს.

ამ თვითმფრინავებს ძირითადად იყენებდნენ კოორდინაციისა და დამიზნებისთვის უკრაინაზე ყოველდღიური სარაკეტო და საავიაციო თავდასხმების დროს. რუსეთის მძიმე დანაკარგებს შორისაა თვითმფრინავთან ერთად დაღუპული პერსონალი, 20-მდე ადამიანი, რომელთა ჩანაცვლება ძნელი იქნება.

მოვლენების ქრონოლოგია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი იური მისიაგინი იყო პირველი, ვინც 14 იანვრის საღამოს Telegram-ში დაწერა A-50-ისა და Ил-22M-ის ჩამოგდების შესახებ. დეპუტატის თქმით, „დაზიანება“ რუსულმა თვითმფრინავებმა კიევის დროით 21:00 საათზე მიიღეს. მისიაგინის შემდეგ უკრაინის პარლამენტის კიდევ ერთმა დეპუტატმა ალექსანდრ ფედიენკომაც დაწერა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინული მედიის წყაროებმა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვიდან. ამის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა Telegram-ში გამოაქვეყნა ასეთი პოსტი: „ეს თქვენ დნიპროსთვის! დაიწვით ჯოჯოხეთში, მტარვალებო!"

ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 14 იანვარს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსზე, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული წყაროების შემდეგ, ინფორმაცია დაადასტურეს რუსულმა Telegram-არხებმა, მათ შორის Fighterbomber-მა (რომელსაც სავარაუდოდ მართავს ყოფილი რუსი სამხედრო მფრინავი, სირიის ოპერაციის მონაწილე ილია ტუმანოვი). Fighterbomber-მა მომხდარის მიზეზად რუსული სარდლობის შეუთანხმებელი მოქმედება დაასახელა. ამის შემდეგ, ანონიმურმა რუსულმა Telegram-არხმა Militarist-მა, ხელში ჩაგდებულ რადიოშეტყობინებებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ Ил-22M ავარიულად დაეშვა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ აეროპორტში.

რადიოშეტყობინება, რომელსაც Militarist-ი დაეყრდნო, ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო РБК-Украина-მ, რომლის მიხედვით, Ил-22M-ის ეკიპაჟი ითხოვდა როგორც ავარიულ დაშვებას ანაპაში, ასევე სახმელეთო სამსახურების, მათ შორის მეხანძრეებისა და სამედიცინო პერსონალის მობილიზებას. ამავდროულად, ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა არაა დადასტურებული, შეიცავს ფრაზას: „სთხოვეს ინფორმაციის გადაცემა“, ანუ რადიოშეტყობინება შეიძლებოდა გადაეცა Ил-22M-ისა და A-50-ის თანმხლებ რომელიმე თვითმფრინავს. როგორც უკრაინელი OSINT-ანალიტიკოსი ოლგა გონჩარენკო ვარაუდობს, საუბარია Су-30SM ავიაგამანადგურებელზე.

15 იანვარს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს ორივე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი.

რამდენიმე საათში Fighterbomber-ის ტელეგრამარხმაც გამოაქვეყნა დაზიანებული Ил-22M-ის ფოტო, რომელიც სავარაუდოდ ანაპის აეროპორტშია გადაღებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში A-50-ისა და Ил-22M-ის ჩამოგდების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

მაინც რა ჩამოაგდეს და დააზიანეს?

რუსული და უკრაინული წყაროების მონაცემებით, ჩამოგდებულ A-50-ს ჰქონდა ბორტის ნომერი RF-50601, დაზიანებული Ил-22M კი, როგორც ანაპაში გადაღებული ფოტოებიდან ირკვევა, RF-95678-ია.

სად ჩამოვარდა A-50?

A-50-ის შესაძლო ჩამოვარდნის ადგილი შეიძლება გამოითვალოს ირიბი მონაცემებით – მაგალითად, იმ თერმული კვალით, რომელიც ამ თვითმფრინავმა დაცემამდე დატოვა. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სატელიტურ სურათებზე. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სავარაუდო ინციდენტამდე 12 საათით ადრე, გარკვეული თვითმფრინავი იმყოფებოდა ჰაერში და მოძრაობდა A-50-ისთვის დამახასიათებელი ციკლური ტრაექტორიით - ქალაქ პრიმორსკის სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

15 იანვარს დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა რუსულ თვითმფრინავებზე თვალთვალის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი, სადაც ჩანს, თუ როგორ ქრება ეკრანიდან თვითმფრინავის აღმნიშვნელი ერთი წერტილი. ეს ხდება იმავე ადგილას, პრიმორსკის სამხრეთით, ნახევარკუნძულ ობტოჩნაიას მიდამოში.

პრიმორსკის რაიონში თვითმფრინავის ჩამოვარდნა ასევე დასტურდება ოლგა გონჩარენკოს მიერ დაჭერილი დისპეტჩერებისა და პილოტების საუბრების ჩანაწერებით, რომლებშიც ეს ადგილი სავარაუდოდ ნახსენებია სამძებრო-სამაშველო ოპერაციის კონტექსტში.

როგორ ჩამოაგდეს A-50 და დააზიანეს Ил-22?

არსებობს ორი ძირითადი ვერსია.

ბევრი რუსული ტელეგრამარხი წერს, რომ A-50 შეიძლებოდა ჩამოეგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის ე.წ. მეგობრულ ცეცხლს. სხვა ვერსიით, ორივე თვითმფრინავს მისწვდა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის PAC-2 რაკეტები, რომლებიც სავარაუდოდ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან, უკრაინის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქიდან ისროლეს. ასევე განიხილება უკრაინისათვის გადაცემული F-16-დან „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებით იერიშის მიტანის შესაძლებლობაც.

დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ანალიტიკოსი (რომელმაც რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა სთხოვა) მიიჩნევს, რომ „მეგობრული ცეცხლის“ ვერსიას მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა, საუბარი რომ იყოს მხოლოდ ერთ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე. მოცემულ შემთხვევაში კი Patriot-ის გამოყენების ალბათობა უფრო სავარაუდოა.

რუსლან ლევიევი, საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის „მეგობრული ცეცხლის“ შემთხვევები იშვიათი ნამდვილად არაა ამ ომში: პირველი ასეთი ინციდენტი მოხდა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს, როდესაც რუსებმა ჩამოაგდეს თავისივე Ан-24.

საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot
საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot

რითაა უნიკალური A-50 და Ил-22?

ადრეული აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 შეიქმნა Ил-76 თვითმფრინავის ბაზაზე გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და მან 1985 წლიდან სრულად ჩაანაცვლა სსრკ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში Ту-126.

A-50 არის უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული კომპლექსი, რომელსაც შეუძლია საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების როგორც აღმოჩენა, ასევე დაცვა. ის ასევე რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას შეიარაღებული ძალების სამართავ პუნქტებს.

A-50-ს იყენებენ საბრძოლო და მოიერიშე თვითმფრინავების მართვა-დამიზნებისთვის, ეს ხომალდი საჰაერო სამეთაურო პუნქტის ფუნქციას ასრულებს.

A-50
A-50

რადიო თავისუფლების პროექტის krym.realii-ს (krymr.com) ცნობით, შეერთებულ შტატებში მსგავსი სისტემა ბევრად ადრე, ჯერ კიდევ წინა ათწლეულში შეიქმნა. AWACS (airborne warning and control system - საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემა) თვითმფრინავის პროტოტიპმა პირველად ჯერ კიდევ 1972 წელს იფრინა.

ნატოს ქვეყნებში ამჟამად 66 ასეთი თვითმფრინავია. ამ ტიპის საბჭოთა და ამერიკული თვითმფრინავების დამახასიათებელი ნიშანია დისკის ფორმის მბრუნავი სარადარო ანტენა.

სერიული წარმოების ყველა A-50 თვითმფრინავი აწყობილია ტაშკენტის საავიაციო ქარხანაში. 1990-იანი წლების დასაწყისში თვითმფრინავის ფასი 250-270 მილიონი დოლარი იყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ამ თვითმფრინავების გადაკეთება და მოდერნიზაცია ბერიევის სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურმა კომპლექსმა გადაიბარა.

ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის საჰაერო ძალების განკარგულებაში იყო ძველი მოდელის სამი A-50 თვითმფრინავი და ექვსი მოდერნიზებული A-50U - სამიზნეების აღმოჩენის გაზრდილი დიაპაზონითა და ერთდროული მხარდაჭერის გაზრდილი შესაძლებლობებით.

”როდესაც ის აფრინდება, სამხედროები ამბობენ: მზე ამოვიდა. ომის დროს ასეთი თვითმფრინავების დატვირთვა მაქსიმალურია: ისინი უზრუნველყოფენ ყველა საჰაერო იერიშის მხარდაჭერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს იერიშები ხორციელდება ერთდროულად სხვადასხვა სახეობის თვითმფრინავებითა და იარაღით, მაგალითად, სტრატეგიული ბომბდამშენებით, ფრთოსანი რაკეტებით, ტაქტიკური ავიაციით.

ასეთი თვითმფრინავის დაკარგვა, მისი ფინანსური ღირებულებისგან დამოუკიდებლად (Forbs-ის მიხედვით, 500 მილიონი დოლარი), ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის.

რუსეთის საჰაერო ძალებს აქვთ საკმარისი რაოდენობის სტრატეგიული ბომბდამშენები და მით უმეტეს ჩვეულებრივი ავიაგამანადგურებლები, მაგალითად Миг-31-ები, მაგრამ A-50-ებს ხელის თითებზე თუ დათვლიან.

ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ მთელი უკრაინის „სკანირება“, სამიზნეების კოორდინატების გადაცემა მოიერიშეებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა მაღალკვალიფიციური პერსონალი, 20-მდე ადამიანი, რომელთა ჩანაცვლება ძალიან ძნელი იქნება“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა და, რომლის თქმითაც, უკრაინის საჰაერო ძალებისთვის ეს თვითმფრინავი ყველაზე „გემრიელი“ სამიზნეა.

2023 წლის თებერვალში რუსული A-50, რომელიც ბელარუსის მაჩულიშჩის აეროდრომზე იდგა, დაზიანდა დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად. თვითმფრინავი იძულებული გახდა, სარემონტოდ რუსეთში გაფრენილიყო.

7 მარტს ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, კრივოი როგის მკვიდრი რუსული პასპორტით.

მოგვიანებით, დაკითხვისას, დაკავებულმა, რომელიც საკუთარ თავს ნიკოლაი შვეტს უწოდებდა, თქვა, რომ თვითმფრინავი ორი დრონის დახმარებითა და უკრაინის სპეცსამსახურის მითითებით ააფეთქა.

2023 წლის ნოემბერში, ამ საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს, ბელარუსის მოქალაქეს, დმიტრი მოსტოვს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მაჩულიშჩის აეროდრომიდან ონლაინგადაცემის ორგანიზებისთვის. თავად მოსტოვი უარყოფს ყველა ბრალდებას.

სულ საქმეში 30-მდე ბრალდებულია, რომელთაგან ზოგიერთს ტერორიზმის მუხლით სიკვდილით დასჯა ემუქრება.

A-50. აეროდრომი მაჩულიშჩი, ბელარუსი, 2023 წლის 19 თებერვალი
A-50. აეროდრომი მაჩულიშჩი, ბელარუსი, 2023 წლის 19 თებერვალი

საჰაერო სამეთაურო პუნქტი Ил-22М უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ დაკარგული ამ ტიპის მეორე თვითმფრინავია.

პირველი, ბორტის ნომრით 75917, ჩამოაგდეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა 2023 წლის 24 ივნისს, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დროს. მაშინ დაიღუპა თვითმფრინავის 8-ვე პილოტი და ეკიპაჟის წევრი. კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი დააზიანა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა „Бук“-მა 2022 წლის ოქტომბერში.

Ил-22M ასევე გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების დროს სახმელეთო ჯარების და თვითმფრინავების კოორდინირებისთვის.

ზოგჯერ ასეთი მანქანები ასევე გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი „მაღალი სიმაღლის ანტენები", რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას სამეთაურო პუნქტებსა და ჯარებს შორის.

A-50-ის მსგავსად, Ил-22-ზე დაფუძნებული საჰაერო სამეთვალყურეო პუნქტი შეიქმნა 70-იან წლებში და ასევე არაერთხელ იქნა მოდერნიზებული.

Forbes-ის შეფასებით, ასეთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია.

IISS-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტისთვის, რუსეთის შეიარაღებას 12 ცალი Ил-22М თვითმფრინავი ჰქონდა.

Ил-22М - რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო სარდლობის სამეთაურო პუნქტი
Ил-22М - რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო სარდლობის სამეთაურო პუნქტი

„როდესაც სარაკეტო იერიშები ხორციელდება უკრაინაზე ან ჰაერში იმყოფებიან „კინჟალის“ მატარებელი რუსული Миг-31К-ები, A-50-ებიც თითქმის ყოველთვის ჰაერში არიან - დაფრინავენ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში ან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების თავზე“, - ამბობს რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, Current Time-ისათვის მიცემულ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკო, - A-50-ს შეუძლია თვალყური ადევნოს უკრაინული თვითმფრინავების მდებარეობას, დააფიქსიროს ფრთოსანი რაკეტების გაშვება.

ამ ტიპის თვითმფრინავების რაოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული მხარის შესაძლებლობას, მიიღოს სადაზვერვო ინფორმაცია. გარდა ამისა, ბოლო დროს A-50 ხშირად გამოიყენება რუსული საჰაერო თავდაცვის კომპლექსის С-400-ის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სწორედ A-50-ის წყალობით შეუძლია С-400 კომპლექსს მიაღწიოს სამიზნის აღმოჩენის მითითებულ დიაპაზონს ანუ 400 კილომეტრს“.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა A-50-ისა და Ил-22-ის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ ცნობაზე. მისი თქმით, კრემლს „არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე რუსული თვითმფრინავი უკრაინის ძალებმა ჩამოაგდეს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG