Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აფხაზი „მინისტრის“ ვიზიტის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ


ფოტო არქივიდან: ენგურჰესი, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: ენგურჰესი, 2022 წელი

თბილისში კომენტარს არ აკეთებენ ენერგეტიკის სფეროში ქართულ-აფხაზურ კონსულტაციასთან დაკავშირებით.

აფხაზურმა „Нужная газета“-მ 23 დეკემბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის“, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით ზუგდიდში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.

„წყაროების ცნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„Нужная газета“ წერდა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობდა, ეს ინფორმაცია ხალხისგან დაემალა“.

როგორ მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს უკვე გადაუხადა 700 მლნ რუბლი (7.6 მლნ დოლარი).

რადიო თავისუფლება ენგურჰესს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, ახალი ამბის გამოქვეყნების დროისთვის, პასუხი არ მიუღია.

კრისტინა ოზგანის „ვიზიტის“ შესახებ კომენტარს არც ოკუპირებულ აფხაზეთში აკეთებენ.

ქართველი ენერგეტიკოსი გია არაბიძე რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზასთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შესაძლოა ვარდნილჰესის საკითხი განეხილათ.

ენგურჰესი საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. იგი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი განლაგებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; გვირაბის ნაწილი, მართვის პულტი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა აფხაზურ მხარესაა.

XS
SM
MD
LG