ამჟამად „ენგურჰესის“ კომპლექსში შემავალი ვარდნილჰესების კასკადის მხოლოდ პირველი სადგური მუშაობს. კასკადის II, III და IV სადგურები კი გაჩერებული და გაძარცვულია (თითოეულის სიმძლავრე 40 მეგავატია). ვითარების შეფასება რადიო თავისუფლების პროექტმა „ეხო კავკაზამ“ ენერგეტიკოსს გია არაბიძეს სთხოვა.
ეხო კავკაზა: აფხაზური მხარე აქტიურად მუშაობს „ვარდნილჰესი 2“-ის აღდგენაზე. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება?
გია არაბიძე: პრინციპში, ჩვენ 120 მეგავატს ვკარგავთ, ვარდნილი 2,3,4 არ მუშაობს. ძალიან მძიმე სიტუაციაა იქ, ვიცი ბატონი ლევან მებონიასგან („ენგურჰესის“ დირექტორი – რედ.) ამ საკითხთან დაკავშირებით, იქ ფაქტობრივად გაძარცვულია და დალამულია აბსოლუტურად ყველაფერი. მათი წესრიგში მოყვანა საკმაოდ რთული, შრომატევადი და ძვირადღირებული პროექტია. თუმცა, თანხები რომ გვერდზე გადავდოთ, იდეა მისაღებია, რადგან ფაქტობრივად 120 მეგავატი იკარგება. ოღონდ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამას აფხაზური მხარე როგორ მოაგვარებს. ნამდვილად არ ვიცი.
ეხო კავკაზა: საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პროექტი „ენგურჰესმა“ განახორციელოს და ელექტროენერგია შემდეგ გადანაწილდეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 50/50-ზე, რამდენად მისაღებია ეს ვარიანტი?
გია არაბიძე: ეს ვარიანტიც მისაღებია, გარკვეული ხელშეკრულების საფუძველზე, რომ ის 40 მეგავატი ავამუშაოთ და მოვიყვანოთ წესრიგში. ენგურის მთლიანი კასკადის ამუშავება მისაღებია, მაგრამ დეტალებია დასაზუსტებელი. თვითონ იდეა მისაღებია, რომ ქართულმა მხარემ აღადგინოს, მოიყვანოს წესრიგში.
ეხო კავკაზა: შეძლებს აფხაზური მხარე დამოუკიდებლად ამ პროექტის განხორციელებას?
გია არაბიძე: თეორიულად ეს შესაძლებელია. ტანკი დგას, შემოვა და აღადგენს - დაუშლი? მაგრამ [ოკუპირებული] აფხაზეთის ეკონომიკას ამის აწევა არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია. მათ ვერ მოახერხეს ოჩამჩირის ხაზების გარემონტება და მოწესრიგება, გამრიცხველიანება. ეს უნდა გააკეთოს რუსმა, რასაკვირველია. აფხაზი ამას ვერ გააკეთებს.
ახლა რამდენად უღირს რუსეთს თანხების ჩადება ამ მძიმედ აღსადგენ „ვარდნილჰესებში“ - ეს უკვე სხვა საკითხია. რუსეთი მხოლოდ პოლიტიკური მიზნით თუ წამოვა და გააკეთებს, თორემ 40 მეგავატი რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს.
მაგალითად, აეროპორტის წესრიგში მოყვანა რუსეთის პოლიტიკური მიზნიდან გამომდინარეობს და ამას ეკონომიკასაც მიაბამს, მაგრამ ის 40 მეგავატი რაში დასჭირდება, ეს ცოტა ძნელი სათქმელია ჩემთვის.
ეხო კავკაზა: ვარაუდია, რომ ელექტროენერგია, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავებას მოახმარონ.
გია არაბიძე: ბუნებრივია, [ოკუპირებული] აფხაზეთის ენერგეტიკაში არსებული პრობლემები, ძირითადად, [კრიპტოვალუტის] მაინინგითაა გამოწვეული. აფხაზეთის მთავრობა ორი მიმართულებითაა მოწადინებული. პირველი - რომ რაღაცნაირად ჩააქროს იმ აფხაზი მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც ელექტრონერგიის ხარისხით დაწყებული და რაოდენობით დამთავრებული არის ძალიან ცუდი, მეორე მხრივ კი, აფხაზეთის მთავრობაში იქნება გარკვეული კატეგორია ხალხისა, რომელიც რაღაცნაირად მიბმული იქნება მაინინგებზე და უკონტროლო ხარჯვებზე, რაც დღეს ხდება.
ეხო კავკაზა: ტექნიკურად რომ შევხედოთ, „ვარდნილჰესი-2“, აღდგენის შემთხვევაში, „ენგურჰესისგან“ დამოუკიდებლად მუშაობას შეძლებს?
გია არაბიძე: მთელი ენგურის კომპლექსი თავიდან ბოლომდე იმართება საქართველოს სადისპეტჩეროთი. [ოკუპირებულ] აფხაზეთს დღეს [მართვის] არავითარი მექანიზმი არ გააჩნია. მხოლოდ ქართული სადისპეტჩეროდან ხდება მისი მართვა – კაშხლიდან დაწყებული სამანქანო დარბაზით დამთავრებული. დღეს ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ აფხაზეთის მხარემ ეს მართოს.
ეხო კავკაზა: როგორ აფასებთ იმას, რომ რუსეთი წელს უკვე ითხოვს აფხაზური მხარისგან ელექტროენერგიის საფასურის გადახდას?
გია არაბიძე: დიახ, აქამდე არ იყო პრობლემა, დენი უფასოდ მიდიოდა. ნოემბრის თვეში კი აფხაზურმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ორი ხელშეკრულება გააფორმა რუსულ მხარესთან და ეს არცთუ იაფი კონტრაქტია. რუსეთმა უთხრა, რომ თუ არ გადაიხდი ამ თანხას, მე [ელექტროგადამცემი ხაზი] „სალხინოთი“ დენს აღარ მოგაწოდებ. დეკემბრის კონტრაქტები ჯერ კიდევ არ არის დადებული.
აფხაზებს საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვთ. დღიური მოხმარება დაახლოებით 7 მილიონი კვტ/სთ-ის ფარგლებშია, როცა 2-3 წლის წინ 10-12 მილიონი იყო. ძალიან სერიოზულადაა აფხაზეთის მოხმარება შემცირებული, იმიტომ რომ „ენგურჰესში“ წყალი არ გვაქვს, ენგური მუშაობს ჩამოდინებაზე. რაც გამომუშავდება, დღეში დაახლოებით 3-3.5 მილიონი კვტ/სთ, ფაქტობრივად მიდის აფხაზეთში, ამდენივე შემოდის „სალხინოთი“ და ამით იფარება დღეს აფხაზეთის მოხმარება.
დეფიციტის დასაფარად, რაც დეკემბერში ელოდებათ, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი სჭირდება კიდევ, ეს სერიოზული პრობლემაა. ამ პირობებში სავარაუდო ვარიანტია გრაფიკის შემოღება და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.