Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ვნახოთ? - „ანიხა“, ფილმი, რომელმაც ორად გაყო აფხაზებიც და ქართველებიც   


კადრი ფილმიდან „ანიხა“
კადრი ფილმიდან „ანიხა“

აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვით განიხილეს აფხაზურ სალოცავებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ანიხა“. აფხაზების ერთი ნაწილი იმით აღშფოთდა, რომ აფხაზური კულტურის შესახებ ფილმის გადაღებაში ქართული მხარე მონაწილეობდა.

„შენ იყავი მაშინ, როდესაც არ არსებობდა არც დედამიწა და არც ცა, უფალო, ჩვენო გამჩენო.

შენ იყავი მაშინ, როდესაც არ არსებობდა არც მდინარე და არც ზღვა, უფალო, ჩვენო გამჩენო.

შენ იყავი მაშინ, როდესაც არ არსებობდა არც ბუნება და არც პირუტყვი, უფალო, ჩვენო გამჩენო.

შენ იყავი მაშინაც, როდესაც ადამიანიც კი არ არსებობდა, უფალო, ჩვენო გამჩენო...“ - ასე იწყება დოკუმენტური ფილმი „ანიხა“.

„ანიხა“ აფხაზურად სალოცავს ნიშნავს. ფილმი აფხაზური რელიგიური ტრადიციების თავისებურებებზეა, ქურუმების ინსტიტუტზე, უძველესი ხეების კულტზე, წმინდა ნიშებსა და რიტუალებზე, რომლებითაც ადგილობრივები ღვთისგან წყალობასა და მფარველობას ითხოვენ.

ფილმი აფხაზურ ენაზეა, გადაღებულია აფხაზეთში, ადგილობრივი აფხაზების მიერ. ქართული აუდიტორიისთვის ქართული ტიტრები მიჰყვება.

ფილმი ახალი არ არის, 2019 წელს გამოვიდა, მაგრამ ბოლო დღეებში აფხაზური ფეისბუკი ისევ მასზე ალაპარაკდა, აღშფოთდა იმის გამო, რომ ფილმი ქართველებთან თანამშრომლობით გადაიღეს. ერთ- და ორსიტყვიანი კომენტარები წარსულის განხილვასა და სტატუსზე დავაში გადაიზარდა.

„სისულელეა“.

„ჯანდაბაში გაუშვით“.

„არ მჯერა, რომ ჩვენები მათთან თანამშრომლობენ“.

„ეს რაღა უბედურებაა, ახლა ის უნდა ვუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს და განსაკუთებით ქართველ ბავშვებს, რომ აფხაზეთი საქართველო არაა და ტრადიციები განსხვავდება? ბოდიშიც ხომ არ მოვიხადოთ, რა სირცხვილია!“

„ჩვენი ომი არ დამთავრებულა. სამშვიდობო ხელშეკრულება არ გვაქვს. ქართული ლეგიონი ჯერ უკრაინაშია დაკავებული, მაგრამ ყოველთვის მზად იქნებიან აფხაზეთში შემოიჭრან. რუსი მესაზღვრეები რომ არ იდგნენ ენგურზე და აფხაზეთში ბაზები არ იყოს, დიდი ხნის წინ გაგვანადგურებდნენ“.

იყო სხვანაირი კომენტარებიც:

„ამას აფხაზეთის და მისი ტრადიციების პოპულარიზაციისთვის აკეთებენ“.

„სხვათა შორის ჩვენებას ბევრი მაღალჩინოსანი ესწრებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრიც კი იყო, როგორც მახსოვს“.

„ის, რომ ქართველებმა აფხაზურ ძველ რწმენებზე შეიტყვეს, თან მხოლოდ ქართველებმაც არა, იქ ალბათ კიდევ სხვებიც უყურებენ... ცუდი არ მგონია. კულტურის პროპაგანდა ცუდი არასდროსაა, ნებისმიერი აუდიტორიისთვის, გაგვიცნობენ, მათ შორის ისინიც, ვინც მტრულად არის განწყობილი. ჩემი აზრით, ეს კარგია. აქ მავნებლური რა უნდა იყოს? პირიქით, უნდა წავახალისოთ“.

„და სად ვუყუროთ?“

რადიო თავისუფლება ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს ზურაბ შენგელიას ესაუბრა. ფილმი „ანიხა“ ამ ინსტიტუტისა და თსუ-ის აფხაზეთის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია.

ზურაბ შენგელია
ზურაბ შენგელია

- ბატონო ზურაბ, როგორ შეიქმნა ეს ფილმი?

- რამდენიმე წელია გვაქვს პროგრამა, პირობითი სახელით: „გავიცნოთ აფხაზეთი“. ჩვენი ინსტიტუტის არსებობის 25-წლიანი გამოცდილებიდან მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს აფხაზურ ეთნოკულტურულ სივრცეს, აფხაზებთან ახალ ურთიერთობას კი ახალი იმპულსი, ახალი მიდგომა სჭირდება, ძველი აღარ გამოდგება.

სტალინური ნაციონალური პოლიტიკა ახალი კომუნისტური, საერთო კულტურული სივრცის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. რასაც თავად რუსეთში 250-ზე მეტი ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი ჯგუფის არსებობა შეეწირა.

ასეთი ხიფათის წინაშე იყო აფხაზური კულტურაც. თუ ქართველები უკმაყოფილონი ვიყავით ჩვენი ეთნოკულტურული სივრცის ასახვითა და წარმოჩენით იმ პერიოდში, მით უმეტეს ჩვენთვის უფრო გასაგები უნდა იყოს აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება ამ მხრივ. მხოლოდ 21-ე საუკუნეში ითქვა, რომ ნებისმიერი ენა, კულტურა, როგორი მცირერიცხოვან ეთნოსსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, საერთო ცივილიზაციის კულტურული მოზაიკის ნაწილია და უნდა შევინარჩუნოთ.

აფხაზურმა მხარემ გაითვალისწინა რა ეს ფაქტორები, დაგვთანხმდა ამ იდეის განხორციელებაზე და ერთობლივი მუშაობით მივიღეთ შედეგი. ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ტელევიზიამ ეს ფილმი რამდენიმეჯერ აჩვენა, უკვე ნიშნავს აფხაზური საზოგადოების განწყობას ამ პროექტის მიმართ.

ფილმის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთხელ აჩვენა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ფილმის შეფასება ორივე საზოგადოებაში იდენტურად არაერთგვაროვანი იყო. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს ერთმანეთის მიმართ გაუცხოებას.

- რა იყო ამის მიზეზი?

- გაუცხოების მიზეზი, ჩვენი აზრით, რუსული კოლონიალური პოლიტიკის ტექნოლოგიაში უნდა ვეძებოთ იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთმა კავკასიის ანექსია დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. ეს ტექნოლოგია საფუძვლად დაედო სტალინურ ნაციონალურ პოლიტიკასაც. აფხაზები მკვიდრი ეთნოსია აფხაზეთში, ისევე როგორც ქართველები, მათ სხვა სამშობლო არა აქვთ და მათი ეროვნულ უმცირესობად მოხსენიება მათ შეურაცხყოფს. ისევე, როგორც გამოთქმა „ან ქართველი ხარ, ან ჩამოსახლებული“.

- ფილმში „ანიხა“ ასახულია რიტუალები, რომლებიც ხვალ-ზეგ შეიძლება აღარც იყოს, შესაძლოა ეს ყველაფერი ბევრმა აფხაზმაც არ იცოდეს.

- დიახ, მათთვისაც გარკვეულწილად აღმოჩენა იყო. ვაპირებთ, ამ ფილმს ინგლისური ტიტრები დავადოთ და საზღვარგარეთ გავიტანოთ.

- კიდევ სხვა ფილმის გადაღებაც ხომ არ იგეგმება?

- შემდეგი თემა ალბათ მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნის აფხაზური რიტუალი იქნება. საინტერესოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ დღეს ვდღესასწაულობთ, ისინი კი გლოვობენ. მათ რიტუალში სპირიტიზმის ელემენტებიცაა გარეული.

- კიდევ რა თემები შეიძლება იყოს საინტერესო ქართული აუდიტორიისათვის?

- ჩვენ არ ვიცით დღევანდელი აფხაზეთი. ჩვენ აფხაზეთის შესახებ ვმსჯელობთ იმის მიხედვით, რასაც აფხაზეთის ხელისუფლება და რუსეთი იტყვის, ხოლო საზოგადოება რას ფიქრობს, რა სწყინს, რა უხარია - არ ვიცით.

აფხაზების ახალ თაობას ომი არ უნახავს. არც ქართველებთან ჰქონიათ არანაირი ურთიერთობა. მათ განათლება აქვთ მიღებული პეტერბურგში, მოსკოვში, რომში... იციან, რა არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება. აი, სწორედ მათთან ერთად უნდა დავიწყოთ ახალი ურთიერთობები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG