ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბს მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი მარიანა ლისენკო და ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში პრორუსული პარლამენტის თავმჯდომარე არტიომ ჟოგა უხელმძღვანელებენ.
სამივე მათგანის თქმით, პუტინმა ისინი პირადად მიიწვია შტაბის თანათავმჯდომარეებად. შტაბმა უკვე დაიწყო მუშაობა მოსკოვში, საგამოფენო დარბაზ „გოსტინი დვორში“. მომავალში შტაბის ხელმძღვანელები გეგმავენ "რეგიონებში გასვლას".
2018 წელს, რუსეთის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინის შტაბს ხელმძღვანელობდნენ ნიჭიერი ბავშვების ცენტრ ‘’სირიუსის“ ხელმძღვანელი ელენა შმელიოვა, კომპანია „კამაზის“ აღმასრულებელი დირექტორი სერგეი კოგოგინი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრ რუმიანცევი.
დღესვე, 21 დეკემბერს, წარადგინეს პუტინის საარჩევნო კამპანიის ლოგო - "რუსეთი პუტინი 2024". მას არშიებზე რუსეთის დროშის ფერები დაჰყვება.
მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა გადაწყვიტა მეხუთე ვადით დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. მმართველი „ედინაია როსიის“ მიერ იგი მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს, იქნა კანდიდატად წარდგენილი.
კანდიდატის რეგისტრაციას რუსეთის სულ მცირე 40 რეგიონში 300 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.