ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომმა თვალსაჩინო გახადა, რომ დასავლეთში ანტისემიტიზმის ახალი მძლავრი ტალღა გაჩნდა. რაც განსაკუთრებით პარადოქსულია, მისი ცენტრი ელიტური პროგრესული იდეებისთვის მებრძოლი უნივერსიტეტებია. ერთგვარად შოკისმომგვრელიც იყო, როდესაც ამერიკის სამი წამყვანი უნივერსიტეტის რექტორმა, ქვეყნის კონგრესში გამოსვლისას ვერ შეძლო მკაფიოდ შეეფასებინა ებრაელთა გენოციდისკენ მოწოდებები მათი სტუდენტების მხრიდან.
პენსილვანიის უნივერსიტეტის რექტორს ამის შემდეგ, გადადგომაც მოუწია.
მსგავსი პროცესებია დასავლეთ ევროპაშიც.
ჩვენთან ასეთი არაფერი ხდება, ჯერჯერობით მაინც.
პალესტინის ომისადმი გაცილებით ნაკლებ ინტერესს ვიჩენთ, ვიდრე უკრაინისადმი (რაც სრულიად გასაგებია), ხოლო დაინტერესებულთა უმრავლესობა უფრო ისრაელის მხარდაჭერისკენ იხრება. ისრაელის მიმართ ღია აგრესია შედარებით იშვიათია.
მაგრამ თუ დასავლეთი ის სამყაროა, რომლის ნაწილი გვინდა, რომ ვიყოთ, ან გვგონია, რომ რაღაც ზომით უკვე ვართ, მის მტკივნეულ პრობლემებშიც უნდა ვერკვეოდეთ.
ახალი და ძველი ანტისემიტიზმები
დასავლეთში ტრადიციულად ითვლებოდა, რომ ანტისემიტიზმი უმეტესწილად კონსერვატულ ძალებს ახასიათებს. პროგრესზე ორიენტირებული ადამიანების მორალურ მოვალეობად ამგვარ განწყობებთან ბრძოლა ითვლებოდა.
ეს ძველი ანტისემიტიზმი ძირითადად ორი ვერსიით არსებობდა. შუა საუკუნეებში ებრაელები რელიგიური მოტივით ეზიზღებოდათ, როგორც „ქრისტეს მკვლელები“.
მე-19 საუკუნიდან ამას შეენაცვლა რასობრივი ანტისემიტიზმი: იგივე ხალხი ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით გახდა საძულველი. ამ უკანასკნელი ნაირსახეობის უმაღლეს გამოხატულებად იქცა გერმანული ნაციზმი.
ჰიტლერის ჰოლოკოსტის შემდეგ ტრადიციულ ანტისემიტიზმს დასავლურ საზოგადოებში ტაბუ დაედო - ისე ჩანდა, რომ სამუდამოდ. მაგრამ ახლა ის, ნაწილობრივ, ახალი ფორმით დაბრუნდა. განახლებული ანტისემიტიზმის ძირითადი თავისებურება ისაა, რომ მისი მატარებლები არა ტრადიციონალისტი კონსერვატორები, არამედ პროგრესისტი მემარცხენეები არიან.
რამდენადაა ეს ანტისემიტიზმი?
კიდევ ერთი თავისებურება იმაშია, რომ ხალხი, ვისაც დღეს დასავლეთში ანტისემიტიზმს აბრალებენ, ამას, როგორც წესი, კატეგორიულად უარყოფს: ჰიტლერთან მიმსგავსება არავის უნდა. მათ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი საბუთიც აქვთ: მათი სამიზნეა არა იუდეველობა, როგორც რელიგია ან ებრაელები, როგორც მოდგმა, არამედ ისრაელი, როგორც სახელმწიფო.
ალიბის აძლიერებს ის ფაქტი, რომ ისრაელის, ან მისი პოლიტიკის, რადიკალურ უარმყოფელებს შორის ებრაელებიც არიან.
როგორ შეიძლება, ებრაელს ზოგადად ებრაელების ზიზღი დააბრალო?
ამ არგუმენტს სერიოზული პასუხი სჭირდება. ისრაელის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს პოლიტიკა შეიძლება ლეგიტიმურად გააკრიტიკო და ეს ანტისემიტიზმს, ხალხის მიმართ ზიზღს არ ნიშნავს.
მაგალითად, მოსაზრებას, რომ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ე.წ. დასავლეთ სანაპიროზე) ებრაელთა დასახლებების შენება უკანონო და უსამართლოა, ისრაელის ბევრი პატრიოტი და გულშემატკივარი იზიარებს.
შეიძლება ბევრი ვიდავოთ იმაზე, რამდენად სიმეტრიული და გამართლებულია ისრაელის სამხედრო პასუხი ჰამასის 7 ოქტომბრის პროვოკაციაზე, ან რამდენად არღვევს ისრაელი ღაზის მიმდინარე ომის დროს ჰუმანიტარულ სამართალს. ყველაფერი ეს ნორმალური პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
უფრო რთული და მტკივნეული საკითხია, რამდენად გამართლებული იყო 1947 წელს ისრაელის, როგორც ებრაელთა სახელმწიფოს შექმნა ტერიტორიაზე, სადაც უმრავლესობას არაბები შეადგენდნენ.
ამ კამათში ორივე მხარეს სერიოზული არგუმენტები აქვს, რომელთაც ახლა ვერ ჩავუღრმავდები. ნებისმიერ შემთხვევაში, ისრაელის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების კრიტიკა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანი ანტისემიტია.
მაშინ სხვადასხვა ქვეყნის ბინადარი ბევრი ებრაელიც არ იყო ისრაელის შექმნის მომხრე: მათ უნდოდათ იქ გაეგრძელებინათ ცხოვრება, სადაც იყვნენ, და ეშინოდათ, რომ ისრაელის შექმნა მათ მიმართ აგრესიას გაზრდიდა (ხშირ შემთხვევაში, ასეც მოხდა, განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყნებში).
სადაა ის წითელი ხაზი, სადაც ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, კრიტიკა ანტისემიტიზმში გადადის?
ერთ-ერთი ნიშანი ორმაგი სტანდარტია: ისრაელს არ ეპატიება ის, რასაც მის მოწინააღმდეგეებს პატიობენ; მას გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს უყენებენ. ოღონდ ამ დროს არ ეუბნებიან, როგორ გადარჩეს იმ ძალების გარემოცვაში, რომელთაც მისი გაქრობა უნდათ. მათთან ბრძოლაში ისრაელი არასრულყოფილად, მაგრამ ცდილობს, ბრძოლა ცივილიზებული ერისთვის შესაფერის ჩარჩოებში აწარმოოს; მოწინააღმდეგეები ასეთ ჩარჩოებს არ ცნობენ: მათთვის „ყველაფერი მოსულა“. მაგრამ კრიტიკოსები ამ განსხვავებაზე თვალს ხუჭავენ.
მეტიც, რაკი ისრაელის მტრებმა იციან, რომ ამ ქვეყანას მათზე გაცილებით უფრო მკაცრი საზომებით გაასამართლებენ, ისინი გამიზნულად აყენებენ მას გამოუვალ მდგომარეობაში, როცა ისრაელი უნდა შეებრძოლოს ტერორისტებს, რომელთა მშვიდობიანი მოსახლეობისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია (რის გამოც უმკაცრესად განსჯიან), ან თავდაცვაზე ფაქტობრივად უარი თქვას. ახლა სწორედ ეს შემთხვევაა.
თუმცა, ეს ძველი ამბავია.
ბოლო ორ თვეში ანტიისრაელური გამოსვლების ანტისემიტური ხასიათი უფრო თვალსაჩინო გახდა. პალესტინელთა (ან, ზოგადად, „მშვიდობის“) მხარდამჭერ მრავალათასიან დემონსტრაციებზე პოპულარული გახდა ლოზუნგი: „პალესტინა განთავისუფლდება მდინარესა და ზღვას შორის“, რაც არსებული ისრაელის სახელმწიფოს გაქრობას ნიშნავს: შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოუვა ამ შემთხვევაში იქ მცხოვრებ 7 მილიონ ებრაელს?
მეორე პოპულარული ლოზუნგი, „წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ხერხით“, ნიშნავს ებრაელთა წინააღმდეგ ჰამასის ყველაზე სასტიკი ტერორისტული მეთოდების გამართლებას. მოწოდება „ინტიფადას გლობალიზაციისკენ“ ადვილია გაიგო, როგორც ებრაელების და ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზება მსოფლიო მასშტაბით. ბანერი, რომელიც საკითხის „საბოლოო გადაწყვეტას“ მოითხოვს, პირდაპირ მოუწოდებს ებრაელთა გაწყვეტის ჰიტლერისეული პროექტის გაგრძელებისკენ. თუ ეს არ არის ანტისემიტიზმი, მაშ, რა არის?
ამ ფონზე „გლობალური ინტიფადა“ რეალობად იქცევა: დასავლეთის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები. ებრაელებს ურჩევენ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოავლინონ თავიანთი ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება, რომ ამით აგრესია არ გამოიწვიონ. იმავე პერიოდში ანტიისლამური ინციდენტებიც გაიზარდა, მაგრამ შეუდარებლად ნაკლები ხარისხით.
დასავლური და ისლამური ანტისემიტიზმი
დასავლეთში ანტისემიტიზმის გავრცელებას დემოგრაფიულმა ცვლილებებმაც, კერძოდ, არაბული და ზოგადად მუსლიმური ქვეყნებიდან მიგრაციამ შეუწყო ხელი.
თავისთავად, ისლამი ქრისტიანობაზე უფრო ანტისემიტური სულაც არ არის. პირიქით, შუა საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია ქრისტიანულ ქვეყნებზე უფრო შემწყნარებელი იყო ებრაელთა მიმართ. მაგრამ ისრაელის შექმნის შემდეგ აგრესიული ანტისემიტიზმი მუსლიმურ, განსაკუთრებით არაბულ საზოგადოებებში ნორმად, ლამის მოვალეობად იქცა. აქ მცხოვრებ ებრაელთა აბსოლუტურ უმრავლესობას გადასახლება მოუწია (ძირითადად, ისრაელში).
აქედან გამომდინარე, დასავლეთის მუსლიმი მიგრანტები აღიზარდნენ საზოგადოებებში, სადაც ანტისემიტიზმზე ტაბუ არავის დაუდია; ეს განწყობა მათ ახალ სამშობლოებშიც გადმოიტანეს. კანადაში მცხოვრებ მუსლიმურ ოჯახში გაზრდილი ქალის, იასმინ მოჰამედის თქმით, მის ბავშვობაში ანტისემიტიზმის გამოვლინებები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც წყლის დალევა.
მაგრამ მხოლოდ დემოგრაფიული ცვლილებები არაფერს ხსნის. დასავლეთის „პროგრესული“ საზოგადოების აგრესია ისრაელის მიმართ ანორმალურებს, მისაღებს ხდის ისლამური ქვეყნებიდან იმპორტირებულ „ძველმოდურ“ ანტისემიტიზმს; ეს ორი ტენდენცია უნისონში მოდის და ერთმანეთს აძლიერებს.
ანტისემიტური ტალღის რეალობას და საფრთხეს დასავლური საზოგადოებებიც და მთავრობებიც აღიარებენ. ზოგან პროპალესტინური მარშები ან ანტიისრაელური მოწოდებები საერთოდ აიკრძალა. ჩატარდა მასობრივი დემონსტრაციები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. მაგრამ პრობლემა რჩება.
რით აიხსნება პროგრესული ანტისემიტიზმი?
როგორ შეიძლება ავხსნათ პროგრესული, მემარცხენე ანტისემიტიზმის პარადოქსი?
სრულყოფილი პასუხის პრეტენზია ვერ მექნება, მაგრამ შევჩერდები იმაზე, რაც ყველაზე თვალსაჩინოა.
დასავლეთის პროგრესული წრეები მოიცვა იდეოლოგიამ, რომელსაც მსხვერპლთაყვანისმცემლობას დავარქმევ; მას აგრეთვე „ვოუქიზმს“ ან „იდენტობის პოლიტიკას“ უწოდებენ. მას აქვს მნიშვნელოვანი პოზიტიური მორალური ბირთვი: მსოფლიოში ბევრი ადამიანი იჩაგრება, მათ შორის, წარმოშობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნით; ასეთი ადამიანები მხარდაჭერას და სოლიდარობას იმსახურებენ. მაგრამ რეალურად მსხვერპლთაყვანისმცემლობა დოგმატურ, აგრესიულ და ანტილიბერალურ იდეოლოგიად იქცა.
მისი მთავარი ნიშანია ადამიანების ხისტი დაყოფა „ჩაგრულებად“ და „მჩაგვრელებად“ იდენტობის ნიშნით (კანის ფერი, გენდერი, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია).
ამ სქემით, მთლიანად დასავლეთი გამოცხადდა „მჩაგვრელად“, ხოლო ყველა სხვა - ჩაგრულად. მას, ვინც ჩაგრულთა ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოხვდა (ასეთები დასავლეთში მცხოვრები თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცები არიან), მოეთხოვება მუდმივი მონანიება საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო.
ანტისემიტიზმის გამოცდილების გათვალისწინებით, ებრაელები, თითქოს, „ჩაგრულთა“ კატეგორიაში უნდა აღმოჩენილიყვნენ. მაგრამ რაკი ისრაელი ევროპელმა ებრაელებმა შექმნეს დასავლეთის მხარდაჭერით, ეს ქვეყანა დასავლური იმპერიალიზმის („მჩაგვრელთა“) პროექტად შეირაცხა. პალესტინელი არაბები, შესაბამისად, „მსხვერპლის“ კატეგორიაში მოხვდნენ.
ამის შემდეგ ვინ რას გააკეთებს, მნიშვნელობა აღარ აქვს: „მსხვერპლი“ ყოველთვის მართალია, რადგან ჩაგვრას ეწინააღმდეგება, „მჩაგვრელი“ იმთავითვე მტყუანია. აქედან მოდის ლოზუნგიც - „წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ხერხით“: ჩაგრულის გაკიცხვა მკრეხელობაა, რაც გინდა არაადამიანური სისასტიკე გამოიჩინოს.
ეს ისტორიულად პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩაგრულთა დაცვის კეთილშობილ ლოზუნგებს ამოფარებული იდეოლოგია თავად უფრო დიდ პრობლემად იქცევა, ვიდრე ის უსამართლობა, რის საწინააღმდეგოდაც ის შეიქმნა. მისი რეალური შედეგი სიძულვილის დანერგვა და განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნაა. ამ შემთხვევაში, ეფექტს აძლიერებს ის, რომ მსხვერპლთაყვანისცემის ფარისევლური კულტი დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმთა შეუნიღბავი ანტისემიტიზმის ლეგიტიმაციას ახდენს.
დასავლეთი ლიბერალიზმის, ანუ თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სამართლის უზენაესობაზე აგებული სოციალური წესრიგის სამშობლოა; მაგრამ ის მუდმივად აგენერირებს ანტილიბერალურ იდეოლოგიებს, როგორიცაა აქ მოკლედ დახასიათებული „ვოუქიზმი“.
აქამდე დასავლეთი ყოველთვის იჩენდა საკმარისად ძლიერ სოციალურ იმუნიტეტს ასეთი საფრთხეების გასანეიტრალებლად. ის ამ სენსაც უნდა მოერიოს.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.