გამოკითხული ქალების 38.2% ამბობს, რომ გამოცდილ ძალადობაზე არავისთან ლაპარაკობს. პოლიციისთვის ათიდან მხოლოდ ერთს მიუმართავს. საქართველოში ყოველი მეხუთე ქალი და მესამე კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.
გამოკითხვამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წელს ჩაატარა, თითქმის მთელი საქართველო, ქალაქებთან ერთად, სოფლებიც მოიცვა. გამოიკითხა 15-დან 69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი.
კვლევის ავტორებს სურდათ შეესწავლათ, როგორია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ქალები ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
რას ჰყვებიან ქალები?
ყოველი მეორე ქალი ამბობს, რომ ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველი მეოთხე კი ჰყვება, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო პარტნიორის მხრიდან.
ამ ქალების 46% ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევებს მათი შვილებიც უყურებდნენ. ძალადობაგამოვლილი ქალების თითქმის 17%-ს კი ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.
რას ამბობენ მოზარდები და გოგოები?
18 წლამდე გოგოების 8.5% ამბობს, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
15-24 წლის გოგოები კი, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ჰყვებიან, რომ ხშირად ხდებიან ადევნების მსხვერპლები.
რას ამბობენ კაცები?
ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კიდევ ერთ ტენდენციას აჩვენებს - რას ფიქრობენ კაცები ქალების როლზე, თანასწორობასა და უფლებებზე.
გამოკითხული კაცების მესამედზე მეტი (37.3%) თვლის, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას.
გამოკვლევშიმ, რომელმაც ფოკუსჯგუფებიც მოიცვა, კაცები გენდერისა და გენდერული როლების შესახებ საუბრისას, ხშირად იყენებდნენ კონსერვატიულ იდეებსა და ენას.
აი, მაგალითად, ასეთს:
„კიდევ და კიდევ გავიმეორებ ქალებზე ჩემს შთაბეჭდილებას, რომ, აი, უპირველეს ყოვლისა, გენდერული თანასწორობა, სიყვარულით, სითბოთი შექმნილი ოჯახი და მართლაც კიდევ ბიბლიის მხრივ ვიტყვი, რომ იყავი მორჩილი კაცისა. კაცმა უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა“.
„როცა ოჯახში პატივისცემა არის, თანასწორობა ვერ იქნება. თანასწორობა ჩემთვის, როგორც სიტყვა, არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც ქალმა იცის, როდესაც ქრისტიანია და ყველაფერი უფლის ნებით ვითარდება, ქრისტიანები ვართ. ქალის თავი კაცი არის და კაცის თავი ქრისტე არის, ხომ, იქ ყველაფერი კარგად იქნება“.
გამოკვლევის თანახმად, ქალებისა და კაცების დიდი წილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არსებობს ისეთი სოციალური ნორმები, რომლებიც მხარს უჭერს და ამართლებს ქალთა მიმართ ძალადობას.
მაგალითად, ქალების 40.0%-ის შეფასებით, მათ ქალაქში/სოფელში „ყველას ან მათ უმეტესობას“ ან „დაახლოებით ნახევარს“ მიაჩნია, რომ თუ ქალი გახდა გაუპატიურების მსხვერპლი, ე.ი. ის მოიქცა წინდაუხედავად და ასეთ სიტუაციაში თავად ჩაიგდო თავი. გაცილებით ნაკლები კაცი ფიქრობს იმავეს - გამოკითხული კაცების 19.4%.
სხვა ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიო
გამოკითხული ქალებისა და კაცების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ძალადობა ცოლ-ქმარს შორის მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს.
როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, ქალებისა და კაცების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მათ ქალაქში/სოფელში არსებობს ისეთი სოციალური ნორმები, რომლებიც მეუღლის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობაში თავად ქალებს ადანაშაულებს.
თამუნა გაბოძისთვის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელისთვის, არ ყოფილა უჩვეულო გამოკვლევის ეს შედეგი:
„თუ კიდევ უფრო მეტს არ ვილაპარაკებთ, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის, კიდევ ძალიან დიდხანს იფიქრებენ ასე ქალებიც და კაცებიც. თითქოს წლებია ვებრძვით ამ სტერეოტიპს, თუმცა, მცირე გაუმჯობესების მეტს ჯერ ვერაფერს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, სახელმწიფო საკმარისად ვერ მუშაობს და ამის ნათელი მაგალითია მსგავსი კვლევები“.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 46.2% ფიქრობს, რომ მათ ქალაქში/სოფელში „ყველას ან მათ უმეტესობას“ მიაჩნია, რომ როდესაც ქალს ქმარი სცემს, ამაში ნაწილობრივ ან სრულად თვითონ ქალია დამნაშავე.
ქალების დაახლოებით 35% კი თვლის, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად უნდა იგრძნოს თავი ვინმესთან საუბრისას იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს.
რატომ დუმან ქალები?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების ტენდენციით, გაზრდილია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, ძალადობის ბევრი შემთხვევა კვლავ სტატისტიკის მიღმა რჩება და ამას ეს გამოკვლევაც აჩვენებს - ქალების 38%-ზე მეტი ამბობს, რომ ძალადობის შესახებ არავისთან უსაუბრია. დაახლოებით 35% კი თვლის, რომ უხერხულია ძალადობაზე ლაპარაკი.
„რატომ დუმან ქალები? ამას არაერთი მიზეზი აქვს“, - მეუბნება გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი, რომელიც წლებია მუშაობს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და აგრძელებს: „წლებია, ვლაპარაკობთ იმ ბარიერებზე, რომლებიც მსხვერპლს დუმილისკენ უბიძგებს და, სამწუხაროდ, არ ვმუშაობთ ამ ბარიერების დაძლევაზე“.
გოგა ხატიაშვილი იმ ბარიერებსა და მიზეზებს ჩამოთვლის, რაც ქალებს სიჩუმეს აიძულებს:
„ეს შეიძლება იყოს მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულება. მოძალადის მიმართ შიში, რადგან შესაძლოა, მსხვერპლი ფიქრობდეს, რომ თუკი ვინმეს მიმართავს დასახმარებლად და მოძალადე დროებით იზოლაციაში აღმოჩნდება, გათავისუფლების შემდეგ გამოვა და შურს იძიებს. ასევე მოქმედებს, ე.წ. დასწავლილი უმწეობის სინდრომი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს უსიამოვნო მოვლენებიდან გამომდინარე დაასწავლეს უმწეობა. ასეთ დროს მსხვერპლი ფიქრობს, რომ უმწეობა მისი ხვედრია. გარდა ამისა, ხშირად ძალადობის მსხვერპლებს არ აქვთ თავად ოჯახის წევრების გვერდში დგომის იმედიც. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადე ბავშვებით მანიპულირებს, ემუქრება ბავშვების წართმევით, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები სიჩუმეს ირჩევენ“.
და რაც მთავარია, ნდობა სამართალდამცავი უწყებების მიმართ. გოგა ხატიაშვილს, ისევე როგორც სხვა უფლებადამცველებს, არაერთი მაგალითი აქვს, როდესაც ქალთა და ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადო და დროული რეაგირება ვერ მოახდინეს, რასაც შემდგომში ქალის მკვლელობა მოჰყვა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ნეგატიურ გავლენას ახდენს ძალადობის მსხვერპლ ქალებზე და იხსენებს სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის ივლისის გადაწყვეტილებას, საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“.
მაშინ სასამართლომ დაასკვნა, რომ „ოჯახში ძალადობის განცხადებებთან მიმართებით სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ, რომლის სრულყოფილი ილუსტრაციაა მოცემული საქმე, შექმნა კლიმატი ქალთა მიმართ ძალადობის შემდგომი გავრცელებისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მარცხი, განეხორციელებინათ ნაბიჯები, რომლებსაც შეეძლოთ ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან ზიანის შერბილების რეალური შესაძლებლობის შექმნა. ისინი აშკარად უგულებელყოფდნენ სხვადასხვა დამცავი ზომების ფართო სპექტრს, რომლებიც მათთვის უშუალოდ იყო ხელმისაწვდომი და ხელისუფლებამ განსაკუთრებული გულმოდგინება ვერ გამოავლინა განმცხადებლის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა... სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა მოცემულ საქმეში შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ წარუმატებლობად“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მარიკა წივწივაძეს და მის დედას მინიმუმ 11-ჯერ ჰქონდათ მიმართული პოლიციისთვის და ითხოვდნენ მარიკას დაცვას ყოფილი ქმრისგან, რომელიც მასზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა, პოლიციამ მას დახმარება არ გაუწია. 2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.