Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაბი კირკიტაძის გამოსახულებიანი ვიდეო DEEP FAKE-ია?


ბაბი კირკიტაძე ამბობს, რომ მის შესახებ პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოფაბრიკაცია გაავრცელეს
ბაბი კირკიტაძე ამბობს, რომ მის შესახებ პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოფაბრიკაცია გაავრცელეს

ბაბი კირკიტაძის შესახებ პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოფაბრიკაციაზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. იურისტები ამბობენ, რომ ონლაინ სექსუალური შევიწროების ეს კონკრეტული ფორმა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება ჩიხში შევიდეს.

"წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ თქვენ რომ დაგმართნოდათ, რა სახის ზიანი მოგადგებოდათ?", - კითხვაზე კითხვით მპასუხობს მომღერალი ბაბი კირკიტაძე. მას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე, 11 დეკემბერს ვესაუბრე.

მასზე მომზადებული პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოფაბრიკაციაზე ინფორმაცია კი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ თავად გაავრცელა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ბაბი კირკიტაძემ აჩვენა კადრი ორ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. მისი თქმით, რამდენიმეწამიანი ვიდეო "ჩვეულებრივი პორნოგრაფიაა". მასში ჩანს ქალის შიშველი სხეული, მომღერლის სახე და ისმის სახელი - "ბაბი".

"[სპეციალისტებმა] მითხრეს, რომ არც ძალიან პროფესიონალურ დონეზე დამუშავებული ვიდეოა და არც სამოყვარულო მონტაჟია. იქ არის ხმა გადადებული, სახე არცთუ ისე უხარისხოდ ჩასმული, ისმის ჩემი სახელი. ისინი, ვინც ვიდეო ნახეს, მეუბნებიან, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე შეხვდათ", - ამბობს ბაბი კირკიტაძე.

ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე
ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე

სტატიაზე მუშაობისას ეს ვიდეო ისევ ხელმისაწვდომი იყო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, თუმცა მოგვიანებით იქიდანაც გაქრა. მომღერალი "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" არ ამბობს, როგორ ნახა ჩანაწერი და გაუგზავნეს თუ არა ვიდეო მის ოჯახის წევრებს.

"წარმოდგენაც არ მაქვს, ასეთი ბოროტმოქმედი ვინ შეიძლება იყოს", - ამბობს მომღერალი და ამატებს: - "ამ ვიდეოთი ვიღაცას ჩემი შეშინება სურს, მისი მიზანია ჩამკეტოს სახლში, თავი არ გამოვყო გარეთ, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწევს", - თქვა ბაბი კირკიტაძემ.

ბაბი კირკიტაძე ღამის შოუს ბენდში მღერის. ეს ჯგუფი მუსიკალურად აფორმებს ტელეკომპანია "იმედის " იუმორისტულ შოუს. ბენდს მუნიციპალიტეტები ბიუჯეტით დაფინანსებულ კონცერტებზეც ხშირად იწვევენ. ბაბი კირკიტაძე ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ის ერთ-ერთი წამყვანიცაა. ვიდეოფაბრიკაციის გავრცელებას წინ უსწრებდა ბაბი კირკიტაძის გამოსვლა ფილარმონიაში მომღერალ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე. მის მიერ ჰაერში შესრულებული ნომერი რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში განხილვის თემა იყო, შეიქმნა ე.წ. მიმები, ვიდეოშარჟები. მომღერალმა მიიღო მწვავე კრიტიკა, ბულინგი და მხარდაჭერაც.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ბაბი კირკიტაძის იმ მეგობრებს, რომლებიც მას თან ახლდნენ გამოკითხვისას. ისინი ჰყვებიან, რომ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მათ ნაცნობები უგზავნიდნენ შეტყობინებებს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოში ნამდვილად ბაბი იყო.

"ეს დადასტურებაა, რომ ვიდეოფაბრიკაციის მიზანია სახელი გაუტეხონ ბაბი კირკიტაძეს, მისი იმიჯი შელახონ და მორალურად დააზიანონ", - ამბობენ მისი მეგობრები.

მომღერალი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 3 საათი იკითხებოდა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ თქვა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებას გულისხმობს. მალევე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამის დამადასტურებელი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"პორნოგრაფია შურისძიებისთვის"

ანა თავხელიძე, იურისტი ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ის, რაზეც ბაბი კირკიტაძე წერს, ონლაინ სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ მაგალითია, რომელსაც დასჯისა და შურისძიების მიზნით ქალების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ:

"მსგავსი შემთხვევები ცნობილია, როგორც "პორნოგრაფიის დამზადება შურისძიებით" (Revenge Porn) და ვრცელდება ისეთ ვიდეოებზეც, რომელიც მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება", - განმარტავს ანა თავხელიძე.

2022 წელს 51 ქვეყანაში გაეროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 38% ონლაინ სექსუალური შევიწროება ერთხელ მაინც გამოუცდია. ოთხიდან მხოლოდ 1-მა შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ახალგაზრდა ქალები სექსუალური შევიწროების სამიზნეები განსაკუთრებით ხშირად ონლაინ ხდებიან ხოლმე. 35 წლამდე ქალების 33% ამბობს, რომ ის სექსუალურად შეავიწროვეს ინტერნეტით. იმავეს ამბობს 35 წლამდე კაცების 11%.

ანა თავხელიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" იურისტი
ანა თავხელიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" იურისტი

"მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, კიბერძალადობის დანაშაულზე სრულყოფილად ვერ რეაგირებს. კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს კონკრეტული ნორმა, რომლის თანახმადაც, კიბერსივრცეში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება დასჯად ქმედებად განისაზღვრება. სწორედ ამას გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის "სტამბოლის კონვენციის" მეორმოცე მუხლიც", - ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.

შევა ჩიხში გამოძიება?

ამის გარკვევამდე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, ყალბია თუ არა ვიდეომასალა, ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს ბაბი კირკიტაძის ადვოკატიც.

"ვიზუალურად ძალიან კარგად ჩანს, რომ მონტაჟია, თავი სხვა ფორმისაა, ტანი სხვა ფორმისაა და მონაკვეთი, სადაც ბაბის სახე ჩანს, ვიდეოზე მიბმულია. უნდა ჩატარდეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რათა ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდეს ვიდეომონტაჟი. სახელის გამტეხი თავის მომჭრელი ვიდეოა, ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, განზრახვით, რომ ადამიანს დაუნგრიონ ცხოვრება", - ამბობს მომღერლის ადვოკატი, თამარ აბესაძე.

ბაბი კირკიტაძის საქმეს პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებისგან ერთი დეტალი განასხვავებს. მომღერალი ამბობს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. ანუ ეს პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელებად ვერ ჩაითვლება, რადგან ყალბია და რეალობას არ შეესაბამება.

საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ან პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

"თუ ინფორმაცია, მათ შორის ვიზუალური, საჯაროდ ხელმისაწვდომია, მისი მანიპულაციური დამუშავება ამ კატეგორიაში ვეღარ ჯდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ ეს ინფორმაცია არის პირადი ცხოვრების ან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან, შენახვასთან და გავრცელებასთან კავშირში. თორემ სხვა მხრივ ძალიან რთულია გამოძიება", - განმარტავს იურისტი, უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი და ამატებს:

"თუ შევთანხმდებით, რომ ვიდეოფაბრიკაციის სოციალურ ქსელში გავრცელება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, მაშინ შესაძლებელია გამოიცეს შემაკავებელი ორდერი და ამ ადამიანს აეკრძალოს მსგავსი მანიპულაციების გზით გარკვეული პროდუქტის შექმნა და მისი გავრცელება", - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

თუმცა ასეთ დროს სამართალდამცველებს პირველწყაროს დადგენა უჭირთ. ანონიმური წყაროს იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება. გოგა ხატიაშვილი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა საგამოძიებო უწყებებმა სექსუალური ხასიათის ვიდეომანიპულაციის ერთი საქმე მაინც გახსნეს, ვერც შსს-ში მუშაობის პერიოდში და ვერც მას შემდეგ.

დაბრკოლებების მიუხედავად, თუ გამოძიება ამ მიმართულებით წავა, მაშინ საქმე შსს-მ უნდა გადაიბაროს, რადგან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც სექსუალურ შევიწროებასა და არც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების მანდატი არ გააჩნია.

მონტაჟი თუ DEEP Fake?

Deep Fake-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალისტური ვიდეო- ან აუდიოჩანაწერია, რომელშიც კონკრეტული ადამიანი აკეთებს ან ამბობს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია ან უთქვამს.

"Deep Fake-ს აქვს უნარი, ნებისმიერი ადამიანის სახე სხვა ადამიანის სახით ჩაანაცვლოს. ამ მეორე ადამიანს “დონორსაც” უწოდებენ. მანიპულირება შესაძლებელია ვიზუალით, ხმით, მიმიკით, ტემბრით... დროის გასვლასთან ერთად Deep Fake-ი უფრო და უფრო ვითარდება. თუ წლების წინ კომპიუტერული პროგრამის კვალი თვალსაჩინო იყო, ახლა ვიზუალი და მოქმედება უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება", - ამბობს სოფო გელავა, ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარი.

Deep Fake-ების დიდი ნაწილი პორნოგრაფიულია. 2023 წლის დეკემბერში ინტერნეტში 95 820 Deep Fake-ი იყო ატვირთული, ამ ვიდეოებიდან 98% პორნოგრაფიული შინაარსისაა, 99%-ში სამიზნე ქალია. ყველაზე ხშირად, ცნობილი მსახიობების სახეები პორნოვარსკვლავების სახეების ნაცვლადაა ჩასმული. ახალი ტექნოლოგიები არაპროფესიონალებსაც აძლევს საშუალებას, რომ დიფფეიკები შექმნან მათ შორის საქართველოშიც. პორნოგრაფიის გარდა, Deep Fake-ებს სატირისა თუ პროპაგანდისთვისაც ქმნიან.

მაგალითად, ნოემბერში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს, Deep fake-ვიდეო. ვიდეოში ის შავებში იყო გამოწყობილი. ყალბ ვიდეოში სანდუ ამბობდა, რომ გადადგა და წასვლამდე ამომრჩევლებს ურჩევდა, რომ ხმები პრორუსული პარტიისთვის მიეცათ.

საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი deep fake-ი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს უკავშირდება. 3 აპრილს ფეისბუკანგარიშებმა ქართველი ქართველი და გიორგი იბერიელი გაავრცელეს ვიდეო, სადაც თეთრ კაბაში გამოწყობილი, ნასვამი ქალი ჩანდა. გარეგნობით ის ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ჰგავდა. მითების დეტექტორმა შეისწავლა და დაადგინა, რომ ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და მასში ვიოლა ფონ კრამონის სახეა ჩასმული.

ეჭვი Deep Fake-ზე

ბაბი კირკიტაძის ადვოკატი, თამარ აბესაძე ამბობს, რომ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ვიდეოფაბრიკაცია მანიპულაციისთვის, სწორედ, მომღერლის სახეს იყენებს, რამაც Deep Fake-ზეც გააჩინა ეჭვი.

Deep Fake-ის ფოტოილუსტრაცია
Deep Fake-ის ფოტოილუსტრაცია

"Deep Fake-ის პროგრამას ბევრი ვიზუალური ინფორმაცია სჭირდება მასზე, ვის შესახებაც ყალბ ვიდეოს ამზადებენ, რათა უფრო რეალისტურად დაამუშაონ. როცა Deep Fake-ი ცნობილ ადამიანზე ან პოლიტიკოსზე კეთდება, საჯარო სივრცეში მათ შესახებ ბევრი ასეთი ვიდეორესურსია ხელმისაწვდომი", - განმარტავს სოფო გელავა.

კარგად დამუშავებული Deep Fake-ის ამოცნობა რთულია. ამომცნობი ტექნოლოგიები მის განვითარებას ჯერ ვერ ეწევა. ასეთ დროს გამოსავალი ე.წ. თვალის ვარჯიშია ხოლმე, რა დროსაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

  • როგორ ერწყმის ერთმანეთს თმა და სახე;
  • რამდენად რეალურია განათება;
  • არაპროპორციულია თუ არა სახის ნაკვთები;
  • როგორ არის დამუშავებული ისეთი დეტალები, როგორიცაა საყურე, სათვალე, ბეჭედი;
  • რამდენად არაბუნებრივად მოძრაობს ტანი და თავი;
  • თუ ვიდეო 30 წამზე მეტია და ადამიანი თვალს არ ახამხამებს, ესეც ყალბი ვიდეოს ნიშანია.

ბაბი კირკიტაძის გამოსახულებიანი ვიდეო 15 წამს გრძელდება. განათება ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი შეხედვით სახე და ტანი არაბუნებრივადაა გამოსახული. დეტალები ახლა გამოძიების დასადგენია.

XS
SM
MD
LG