Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფემიციდი აფხაზეთში - გრძელდება გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის გვამის ძებნა


ნათია ბახტაძე
ნათია ბახტაძე

28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს გალის რაიონში, მდინარე ენგურში, ვარდნილჰეს 3-თან და ზღვის აკვატორიაში მე-2 დღეა ეძებენ. 

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია ადგილობრივ მედიას ეუბნება, რომ სამძებრო სამუშაოებში 15 ეკიპაჟი და დრონია ჩართული. ახალგაზრდა ქალის მკვლელობა 26 წლის ოჩამჩირელმა აინარ წვიჟბამ 3 აგვისტოს აღიარა.

წვიჟბა დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ 2 აგვისტოს დააკავა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. თუმცა მოგვიანებით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ 28 ივლისს ნათია ბახტაძე "ლექსუსის" მარკის ავტომობილში მოკლა, შემდეგ კი გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან და გამოძიებას დანაშაულის ადგილიც აჩვენა.

ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ 31 ივლის, ბახტაძის დედის, იამზე აგუმავას ფეისბუკის პოსტიდან გახდა ცნობილი. ქალი წერდა, რომ ნათია 28 ივლისს გაუჩინარდა და ერთადერთი შვილის მოსაძებნად დახმარებას სთხოვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ადგილობრივ სახალხო დამცველ ანას ქიშმარიას, გალის დეპუტატ თემურ შერგელიას და აფხაზეთის მოსახლეობას.

ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად გალის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდა. გალშივე დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, რომლის შემდეგ სოხუმში, აფხაზეთის უნივერსიტეტში ჩააბარა. რამდენიმე წელია ნათია გალთან ახლოს შაშიკვარას საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ოჯახს აქვს ბიზნესი - რამდენიმე კომერციული ობიექტი გალში, რომლის მართვაშიც ოჯახს აინურ წვიჟბაც ეხმარებოდა.

გალის ცენტრალური ნაწილი
გალის ცენტრალური ნაწილი

ბახტაძე და წვიჟბა ერთმანეთს იცნობდნენ. გამოძიება მკვლელობის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს. გალის რაიონის სახალხო კრების წევრი თემურ შერგელია, რომელიც იცნობს როგორც ბახტაძის, ასევე წვიჟბას ოჯახებს, ვარაუდობს, რომ დანაშაულის მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა გამხდარიყო:

"გამოძიებამ, ალბათ, მეტი იცის... ისინი შერიგდებოდნენ, მერე ისევ ჩხუბობდნენ. მათ რომ მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი, დედამისმაც დაადასტურა", - უთხრა შერგელიამ "ეხო კავკაზას". იმავეს უდასტურებს "თავისუფლებას" გალის რამდენიმე მცხოვრები.

"მნიშვნელობა არ აქვს შეყვარებულია თუ თაყვანისმცემელი, რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნის დროს დასჯის მიზნით ჩადენილი მკვლელობა, რა თქმა უნდა, არის ფემიციდი და ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არის ფემიციდის შემთხვევა", - ეუბნება უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებას.

ნათია ბახტაძის ძებნის პარალელურად გალის რაიონში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები 2 ქალის გვამის პოვნის შესახებ - ერთი ცხედარი ილორის ტყეში იპოვეს, და თავდაპირველად ბახტაძის ეგონათ, მეორე - მდინარეში.

"სამწუხაროდ, იქ ბევრად უარესი ვითარებაა, ვიდრე ჩვენთან. მართალია ფემიციდი და ოჯახში ძალადობა ჩვენთანაც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ სულ მცირე ამაზე ძალიან ხმამაღალი საუბრებია დაწყებული. ეს მნიშვნელოვნად დგას დღის წესრიგში სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის და სტატისტიკურადაც ჩანს, რომ რეაგირება არის ამ დანაშაულებზე, რასაც იმავეს ვერ ვიტყვით აფხაზეთზე", - ამბობს ბაია პატარაია.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, ნათია ბახტაძის მკვლელობისთვის დაკავებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG