ოკუპირებულ აფხაზეთში ეძებენ გალიდან გაუჩინარებული ნათია ბახტაძის გვამს. მისი მკვლელობის ფაქტი დღეს, 3 აგვისტოს, დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ. მისი ინფორმაციით, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულია ოჩამჩირის მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული აინარ წვიჟბა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის 28 ივლისს, წვიჟბამ ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილში მოკლა.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობითვე, ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან. „ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მოკლული ბახტაძის გვამის აღმოსაჩენად“, - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში. მკვლელობის მოტივი დაკონკრეტებული არ არის.
ეჭვმიტანილს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გალის რაიონის ე.წ. პროკურატურაში აღძრეს, 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გალის მცხოვრები ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ, იამზე აგუმავამ, 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან.
2 აგვისტოს რადიო თავისუფლებას წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობა, რომ დაკავებულია ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ნათია ბახტაძის გაუჩინარებასთან. 2 აგვისტოს სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი ტყეში იპოვეს.
28 წლის ნათია ბახტაძე ქალაქ გალის ერთ-ერთ სკოლაში რუსულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა.