ავსტრალიელი ქალის შანაე ბრუკის მკვლელობამ, რომელსაც წინ 5 ივლისის ძალადობა უძღოდა, ერთი მხრივ, უცხოელები შეაშინა, მეორე მხრივ კი, ქალები. მათ იდენტური პრობლემები აქვთ - თბილისის ქუჩებში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და უსაფრთხოების ზომებზე თავად იწყებენ ფიქრს.
„როცა შანაეს ამბავი გავიგე, შოკირებული ვიყავი. საქმე ისაა, რომ მეც ზედა ვერაზე ვცხოვრობ და მეც ხშირად ავდივარ მთაზე სასეირნოდ, ხშირად მთაწმინდის პარკამდეც ავსულვარ. ტყეში მთაზე თითქმის არავინ არის ხოლმე, მხოლოდ დილით და საღამოთი სეირნობენ ძაღლებით და მათ შორის ბევრი უცხოელია. ახლა ვფიქრობ, რომ აღარ ღირს სეირნობა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საბინე აბუბაკიროვა, რომელიც, სამი წელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს.
საბინე კიდევ უფრო შეშინდა, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმა სოციალურ ქსელებში ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და თავდაცვის მეთოდების გაზიარება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ უცხოელები, რომლებიც ლაშქრობით იყვნენ გატაცებული, ერთმანეთს ურჩევენ, დროებით, ვიდრე მკვლელი გარეთ დადის, მოგზაურობა შეწყვიტონ.
„საერთოდ, ვერ ვხვდები თავი დაცულად როგორ უნდა ვიგრძნო ქუჩაში. ნებისმიერი გამვლელი, რომლის გამომეტყველებაც არ მომეწონება, პოტენციური მოძალადე, მკვლელი მგონია. სულ უკან ვიხედები, სადაც არ უნდა ვიყო, რომ შევამოწმო, მარტო ვარ თუ მომყვება ვინმე და დროა გავიქცე და თავს ვუშველო. ეს მარტო ბოლო ორ დღეში რაც ვიგრძენი, ეგაა. მანამდე 5 ივლისის ამბებმა შემაშინა ცოტა, ძაან მეშინოდა, ჭავჭავაძეზე მორბენალ მამაოებს რომ ვხედავდი, მერე აქციებზეც, მერე თითქოს გადამიარა მაგ შიშებმა და იმ გოგოს გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყავი და ფილმებში როგორცაა ხოლმე, რომ ამოვიხედე ტელეფონიდან, მეგონა, ყველა მე მიყურებდა და ძალიან შემეშინდა. მაგის მერე სადაც დავდივარ, ყურსასმენები მიკეთია, მაგრამ არაფერს ვუსმენ და სულ ვიხედები, უკან ვინმე ხო არ მომყვება“, - ამბობს ლიზა ქორიძე, რომელიც, მართალია, უცხოელი არ არის, მაგრამ არანაკლებ შეშინდა შანაეს ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ. მას ამ მომენტში მხოლოდ ის ამშვიდებს, რომ მალე შვედეთში მიდის სასწავლებლად:
„მოვშორდები ცოტა ხნით აქაურობას და ეს შიშები ოდნავ გამიქრება, ალბათ. გამოსავალი მარტო ისაა, რომ ყველაფერი შეიცვალოს, რაც რთული და შორეული პერსპექტივაა“.
ქალზე ძალადობის და სექსუალური შევიწროების თემის „აფეთქების” შემდეგ გააქტიურდა ქალების ერთ-ერთი ჯგუფიც. ბოლო 3 დღეში წევრების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და 1000-მდე მსურველი ელოდება ადმინისტრატორების დასტურს. ქალების ნაწილს თავის ნეგატიურ გამოცდილებაზე, სექსუალურ ძალადობაზე, შევიწროებასა და ფიზიკურ ძალადობაზე სურს საუბარი და მხარდაჭერის მიღება, ზოგი კი მოძალადეებისგან თავის დასაცავად ადევნებს თვალს ჯგუფში წამოჭრილ დისკუსიას.
„ბოლომდე უსაფრთხოდ და დაცულად, მგონი, არცერთი ქალი არც აქამდე გრძნობდა თავს, მაგრამ, ბუნებრივია, ბოლოს მომხდარი ფაქტები, მძიმე თავდასხმის შემთხვევები ჯგუფის წევრებზეც აისახება. ყველა ეძებს წიწაკის სპრეის, საბრძოლო მეთოდების სწავლას ცდილობენ. მე ქუჩაში ღამე გადაადგილებისას ფანქრის სათლელი დანა მიტარებია, რომ მომეგერიებინა თავდამსხმელი, მაგრამ ეს რაღაცები ვერ დაგვიცავს, თუ არ იქნება სახელმწიფოს ნება, რომ გატარდეს შესაბამისი ზომები“, - გვეუბნება ქალების მხარდამჭერი ჯგუფის შემქმნელი მარიამ ნადარეიშვილი. მისი თქმით, შსს-ში არ არსებობს სისტემა, რომელიც ადევნების, მუქარისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მსხვერპლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას.
- საქართველოში ყოველ მე-5 ქალს განუცდია სექსუალური შევიწროება,
- ბავშვობაში 10-დან 1 გოგოს კი - სექსუალური ძალადობა.
- სექსუალური ძალადობა, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 %-ით გაიზარდა.
ჯერ უცნობია, როგორია ბოლო თვეების სტატისტიკა, თუმცა რიცხვები სიმშვიდის განცდას არ ქმნის.
„ზოგადად, ყველაფერმა იმოქმედა: ეს 5 ივლისის მერე მოვლენები, დაუსჯელობის სინდრომი, ეკლესიის და ღმერთის სახელით ყველანაირი ველური ძალადობის გამართლება ისე მიეწყო, რომ ჯერ რუსთავში ტურისტი გააუპატიურეს, მერე გერმანელი DJ სცემეს, მერე ამ გოგოს წამებით სიკვდილი და ძალიან მიეწყო“, - ამბობს ქალების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, თეო კუტალაძე, რომელიც თბილისში სიარულისას თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს. „არასდროს მიგრძვნია თავი დაუცველად, მაგრამ გუშინ პირველად ვიგრძენი, სახლში მარტო რო მივაბიჯებდი, როგორ ვაკვირდებოდი, ჩემ გარშემო რა ხალხი მოძრაობდა და სცენარებს ვაწყობდი გონებაში, რომ არ დავბნეულიყავი. იმასაც ვფიქრობდი, მობილურზე ბლოკი დებილობაა, სანამ საშველად დარეკავ, კიდე ბლოკი რომ უნდა ახსნა-თქო, ანერვიულებულმა”.
ქალების ნაწილი ელექტროშოკერის გარეშე არ დადის გარეთ, ზოგიც მარტო სიარულს ერიდება და ცდილობს ძმა, მამა ან მეგობარი ბიჭი ახლდეს თან. თავდაცვის მეთოდებიდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა წიწაკის სპრეი, რომელიც, როგორც ერთ-ერთი რეალიზატორი გვეუბნება, ბოლო რამდენიმე დღეში ამოიწურა და კიდევ 2 კვირა სჭირდება მარაგის შევსებას.
სოციალური ქსელების ერთ-ერთ ჯგუფში ამბობდნენ, რომ მოძალადისგან თავდაცვისთვის სპრეის ალტერნატივად ნებისმიერი დეოდორანტი ან სანიტაიზერიც გამოდგება.
ფიზიკური ვარჯიშისა და თავდაცვის ინსტრუმენტების შეძენასთან ერთად შეიძლება სასარგებლო იყოს აპლიკაცია „SAFE YOU” - გარდა იმისა, რომ განგაშის სიგნალს გზავნის წინასწარ შერჩეულ 3 საკონტაქტო ნომერზე, SOS ღილაკზე დაჭერისას 10 წუთის განმავლობაში იწერს, რა ხდება ირგვლივ მაშინ, როდესაც ყველაზე ცხადად ისმის მოძალადის საუბარი და ქმედება. სასამართლოში საქმის განხილვის შემთხვევაში კი დაზარალებულს ჩანაწერი მტკიცებულებადაც შეიძლება გამოადგეს.