„სხეულის ავტონომია ზუსტად ვიცი, რა არის, მაგრამ არასდროს მქონია იმის ბედნიერება, რომ მე მომეპოვებინა და მე მქონოდა კონტროლი ჩემს სხეულზე“.
„ხალხს ცხოვრება ენგრევა ხოლმე ერთი გამოცდილების გამო, იძულებითი ქორწინება, არასასურველი ორსულობები, დანგრეული ოჯახები...“
„48 წლის განმავლობაში მუდმივად თან მდევს ეს გრძნობა, საკუთარი სხეულის სირცხვილის გრძნობა. ... ალბათ არ მაქვს ბოლომდე გათავისებული სხეულის ავტონომია, თავს თავისუფალ ადამიანად ვთვლი, მაგრამ არის კი ეს თავისუფლება, როცა არ გრძნობ თავს კომფორტულად საკუთარ სხეულში?“
20-ზე მეტი ქალი სხეულის ავტონომიაზე საუბრობს. ყველა მათგანი ერთი პროექტის მონაწილეა. „უთხარით შვილებს“ ქალების ამბებს და მათ დოკუმენტურ პორტრეტებს აერთიანებს.
რა უნდა უთხრან შვილებს?
„შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი თავისუფლები არიან და თავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება სხეულთან დაკავშირებით. ყველა რაღაც სტერეოტიპის მსხვერპლი ვართ და ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ რაც მიხარია, ახალმა თაობამ უფრო მეტი იცის თავისი უფლებების შესახებ”, – ამბობს ფოტოგრაფი და პროექტის ავტორი დინა ოგანოვა.
30 წლის მარიამ კურტანიძე იურისტი და გენდერის მკვლევარი, გამოფენის მონაწილეა. თავის ტექსტში ის ამბობს, რომ სხეულის ავტონომია საქართველოში დაცული არ არის. ფოტოგრაფთან საუბრისას ბავშვობას იხსენებს, როცა იზღუდებოდა იმის გამო, რომ „ვიღაცას შეეძლო აეღო და წაეღო“.
მარიამი ამბობს, რომ სხეულის თავისუფლების მოსაპოვებლად ბევრი იბრძოლა ზრდასრულობაში. ახლა ცდილობს დაინახოს სილამაზე იქ, სადაც ასწავლეს, რომ არ არის.
პროექტი „უთხარით შვილებს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით შეიქმნა. სხეულის ავტონომიის პრობლემაზე ყურადღება გაერომ 2021 წლის ანგარიშში პირველად გაამახვილა. „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის“ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ქალების თითქმის ნახევარს არ აქვს საშუალება, აირჩიოს კონტრაცეფციის მეთოდები, ჰყავდეს თუ არა შვილი და როდის ჰყავდეს, ჰქონდეს თუ არა სექსუალური ურთიერთობა ქმართან.
ავტონომიურობა კი გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე.
კვლევაში აღმოჩნდა სხვა გავრცელებული ფაქტები, რომლებიც არღვევს სხეულის ავტონომიას:
- 20 ქვეყანაში მოქმედებს კანონი მოძალადეზე დაქორწინების შესახებ. ეს კაცს უფლებას აძლევს, გაექცეს სისხლისსამართლებრივ დევნას, თუ ის იმ ქალზე დაქორწინდება, რომელიც გააუპატიურა;
- 43 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დასჯიდა ქმარს, რომელიც ცოლს აუპატიურებს;
- 30-ზე მეტ ქვეყანაში ქალებს არ აქვთ უფლება, ნებართვის გარეშე გავიდნენ სახლიდან;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.
სოფი ბერიძე 23 წლის ტრანსგენდერი ქალია და მასაც, როგორც გამოფენის მონაწილეთა უმრავლესობას, სხეულის ავტონომიისთვის დიდი გზის გავლა დასჭირდა.
„დაახლოებით 3 წლიდან მახსოვს საკუთარი თავი, სხვათა შორის ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს ახსოვს თავი ადრეული ბავშვობიდან, რატომ? იმიტომ, რომ რთული იყო ჩვენთვის. გეჩხუბებიან, ამას რატომ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ და გამახსოვრდება. 2-3 წლისას გახსოვთ, რას აკეთებდით? მე მშვენივრად მახსოვს, როგორ ვიცვამდი კოლჰოტებს, კაბებს, ქუსლიან ფეხსაცმელებს, მახსოვს როგორ ვისვამდი ტუჩსაცხს და ვკოცნიდი კედელს, როგორც ჩემი დები... არავის სჯერა, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ჩემს თვალებში კითხულობენ, რომ ქალი ვარ. მე ვიცი, როგორც არ უნდა იყოს, შიგნიდან ქალი ვარ. ყველას არ ჰყავს ასეთი კარგი მშობლები, როგორც მე: რომლებიც გიღებენ და გასწავლიან, როგორ უნდა მოიქცე როგორც ქალი. ყველას ჰორმონების საყიდლად ფინანსური საშუალებაც კი არ აქვს. ამიტომ ტრანსპერსონების უმრავლესობა ფრთამოტეხილ ფრინველს ჰგავს“.
მუზეუმის კედლებზე გამოფენილ ყველა ქალს განსხვავებული სათქმელი აქვს.
28 წლის მხატვარი მარიამ დევიძე, საკუთარი თავის და სხვა სმენადაქვეითებული, ყრუ-მუნჯი ადამიანების ხილვადობის და დარღვეული უფლებების შესახებ ჰყვება.
„სახლში გვტოვებენ, გვკეტავენ, სკოლის დასრულების შემდეგ გვმალავენ საზოგადოებისგან და რატომ? ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი? ნუთუ ჩვენ არ გვინდა განვითარება? განათლების მიღება? საქართველოში ყველა გოგოს აქვს პრობლემა, რომ გადაწყვეტილებას ოჯახს უთანხმებს, ყრუ გოგოების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო არის... მახსოვს, შვილი რომ გაგვიჩნდა, ექიმმა პირველი რაც მითხრა, გილოცავ, შენი შვილი არ არის შენნაირი - ესმის. გამიხარდა, მაგრამ ამავდროულად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ეს ხომ ჩემი არჩევანი არ ყოფილა? მე ხომ ასეთი დავიბადე...“
გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ სხეულის ავტონომია, ქალთა უფლებების რეალიზაციის ქვაკუთხედია და თუკი სხეულის ავტონომიურობა და ხელშეუხებლობა დარღვეულია, ვერ განხორციელდება ყველა სხვა უფლება.
ლელა ბაქრაძე -UNDP„2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ქალების 20%-ს არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ექიმთან ვიზიტის შესახებ, ოჯახის დაგეგმვაზე და ა.შ. უმეტესად ახალგაზრდა ქალები, ეთნიკური უმცირესობები და სოფლად მცხოვრები ქალები არიან მოწყვლადები ამ პრობლემის წინაშე.
უნდა უთხრათ შვილებს, რომ მათი სხეული და მათი ცხოვრება არის უნიკალური, რომ აქვთ უფლება, თავად და დამოუკიდებლად იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც ვერანაირი ძალადობა და დისკრიმინაცია ვერ იქნება გამართლებული სხვა მიზეზით. იქ სადაც გოგოებს ექნებათ პოტენციალის რეალიზების საშუალება და იქ სადაც ბიჭები გაიზრდებიან არამოძალადე და მხარდამჭერი პარტნიორები“.
გამოფენა „უთხარით შვილებს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 24 ივნისის ჩათვლით დარჩება და მოჰყვება ამბებს ქალებზე, მათ უფლებებსა და საჭიროებებზე.