აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით ბაქოში გაიმართა SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული ეკონომიკური ფორუმი. ღონისძიების ფარგლებში ბაქოში საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გამართული შეხვედრა ძირითადად ეკონომიკის ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობას ეხებოდა.
„[მხარეებმა] განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი", - ვკითხულობთ ოფიციალურ ცნობაში.
ამავე ცნობის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს "სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე".
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს trend.az-ის ცნობით, შეხვედრაზე კმაყოფილება გამოითქვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის გამო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა და ალიევმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.
7-წლიანი პაუზის შემდეგ, ალიევი საქართველოს 2022 წლის ოქტომბერში ეწვია. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა ალიანსის დონეზეა, თანამშრომლობას კი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივი ფორმატის ხასიათი.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩავიდა და ილჰამ ალიევს შეხვდა. მოგვიანებით, 2023 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია.