2023 წლის მესამე კვარტალში, რაც ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ თითქმის 820 ათასჯერ გავიდნენ და 592,4 მილიონი ლარი დახარჯეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საზღვარგარეთ გასვლა 18,2%-ით, ხოლო დანახარჯები 7,1%-ით არის გაზრდილი.
- პირველ კვარტალში 585,8 ათასჯერ გავიდნენ და 372,5 მილიონი ლარი დახარჯეს;
- მეორე კვარტალში 697,8 ათასჯერ გავიდნენ და 514,3 მილიონი ლარი დახარჯეს.
820 ათასი გასვლიდან 647,2 ათასი ვიზიტი იყო. განახლებული ინფორმაცია გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატმა დღეს, 24 ნოემბერს გამოქვეყნა.
ვიზიტორებში არ შედიან: დასაქმების მიზნით წასულები; დიპლომატები; შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები.
2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 21,7%-ით არის გაზრდილი.
ვიზიტებში ორი ქვეკატეგორიაა: ტურისტული და ექსკურსიული. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია როგორც ტურისტული, ისე ექსკურსიული ტიპის ვიზიტები.
ექსკურსანტი კი არის ვიზიტორი, რომელიც უცხოეთში ღამეს არ ათენებს - საზღვარს კვეთს და იმავე დღეს ბრუნდება.
მესამე კვარტალში 397,6 ათასი ტურისტული და 249,6 ათასი ექსკურსიული ვიზიტი განხორციელდა. საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მიზანი საყიდლები და მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო.
საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში გადიოდნენ.
2023 წელს საზღვარგარეთ გაწეული ჯამური ხარჯები გაზრდილია, თუმცა თითოეულ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915,3 ლარი გახდა.