გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე, მერი ლორელი, ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "კანვასის" ტრენინგზე გაკეთებული ჩანაწერის გავრცელებით "შეგნებულად ცდილობს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზაციას". ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აჯამებდა საქართველოში ყოფნის დროს მიღებულ ინფორმაციას.
"მე განვიხილე ეს ჩანაწერი. ჩემი აზრით, ამ ვიდეოში არაფერია, რაც რამენაირად ადასტურებს ორგანიზატორებისა და მონაწილეებისათვის წაყენებულ ბრალდებას. ტრენინგი ღია იყო. ის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიდეო, რომელიც თითქოს ამის კონსპირაციულ ხასიათს ადასტურებს რვაწუთიანია და დამონტაჟებულია. ტრენერები არც ერთხელ გულისხმობენ ან ახალისებენ ძალადობას.
ამ ვიდეოს წარდგენა კონსპირაციის მაგალითად ძლიერად მიანიშნებს, რომ სუსი შეგნებულად ცდილობს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზაციას და სურს საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია დაუკარგოს ფუნდამენტური უფლებებს გამოხატვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას", - თქვა მან.
მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი უპასუხისმგებლოს უწოდებს გაეროს წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტის შეფასების დროს გაკეთდა.
"რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად...
როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუსზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს... გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში", - თქვა გია ვოლსკიმ.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები 29 სექტემბერს ესწრებოდნენ თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. ე.წ. რევოლუციური სცენარით „ხელისუფლების დამხობის" საქმის ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით.
საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
ამავე საქმეზე გამოკითხული არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი, ჯგუფ "ბულიონის" წევრი, არტისტი ნატალია ვაწაძე, თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი და სხვ.
14 ოქტომბერს "მემკვიდრეობის პლატფორმამ" ამ საქმეზე არტისტების დაბარება რეპრესიებს შეადარა.
2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".