რამდენიმე დღით ადრე უმცროსმა კადიროვმა ასევე მიიღო თათრეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - დუსლიქის (მეგობრობის) ორდენი, უფრო ადრე კი მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. ეს ყველაფერი ხდება იმ სკანდალური ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ (და გამოც), რომელშიც კადიროვის არასრულწლოვანი ვაჟი სცემს ყურანის დაწვისთვის ვოლგოგრადში დაკავებულ და გროზნოს იზოლატორში მოთავსებულ 19 წლის ნიკიტა ჟურაველს. რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ კადიროვის გავლენა დიდი ხანია გასცდა ჩეჩნეთის საზღვრებს და, რომ მისი ძალისხმევით იკვეთება მუსლიმური მაკრორეგიონული ანკლავის კონტურები.
პატიმრის ცემის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერი კრემლში შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რომელსაც სიტყვა არ დასცდენია კადიროვების მიერ მოწყობილი განუკითხაობის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი წინასწარ გამოაცხადა, რომ ადამ კადიროვთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხებდა.
არადა, ჟურნალისტების გარდა, კითხვები გაუჩნდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დეპუტატს, აზატ ხამაევსაც. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა კადიროვის შვილის მიერ დაკავებული ნიკიტა ჟურაველის ცემა და კოლეგებს ჰკითხა, რომელ სამართლებრივ ველში ვცხოვრობთ დღესო?
პასუხად თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა მაშინვე განაცხადა, რომ დეპუტატის სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვს რესპუბლიკის მუსლიმების პოზიციასთან, ხოლო დეპუტატ ხამაევს მალევე მოახდევინეს ბოდიში "ემოციური განცხადებისთვის".
როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტი სიცხადისთვის, საჭირო გახდა უმცროსი კადიროვის დაჯილდოება.
"კადიროვს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება"
ცნობილი რუსი პოლიტოლოგის, ნიკოლაი მიტროხინის თქმით, კადიროვს იმხელა უფლებამოსილებები აქვს, რომ მან იოლად გადაიმტვრია მუხლზე თათრეთის ხელმძღვანელობა, რითაც ყველას დაანახვა, რომ ჩეჩნეთი ახლა ყველა თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერია თათრეთზე - სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ყველაზე მდიდარ, მნიშვნელოვან და გავლენიან "ეროვნულ" რეგიონზე.
„კადიროვმა, თათარი დეპუტატის კრიტიკის კომპენსაციის სახით, აიძულა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაეჯილდოებინა მისი შვილი თათრეთის უმაღლესი ორდენით. იქნებ პუტინმა უკვე მართლა გამოაცხადა კადიროვი თავის მემკვიდრედ? სხვანაირად როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?“ - იკითხა პოლიტოლოგმა სოციალურ ქსელში.
სერგეი ბელანოვსკიც - სოციოლოგი და კვლევითი ჯგუფის "ბელანოვსკის ჯგუფის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ უმცროსი კადიროვის დაჯილდოებების სერიამ, რომელიც სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება, ცხადი გახადა ის, თუ რა ღრმად შეტოპა რამზან კადიროვმა და, რომ ჩეჩნეთზე კონტროლის დასაბრუნებლად, გარკვეული დროის შემდეგ, კრემლს შესაძლოა ჩეჩნეთის მესამე კამპანიის წამოწყება დასჭირდეს.
„მაგრამ რუსეთში ახლა მძიმე მდგომარეობაა. უკრაინის ომის გამო პუტინი და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებენ კადიროვის დასაკმაყოფილებლად, - ამბობს სოციოლოგი, - ვფიქრობ, რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე კადიროვი ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა, ახლა კი მას ყველაფრის უფლება აქვს. რუსული არმიის ავტორიტეტი „პლინთუსზე დაბლა" დაეცა. იგივე დაემართა ხელისუფლების ავტორიტეტსაც პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ. წარმატებით შეიძლება პუტინის დაშანტაჟება, კადიროვს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება. პუტინი არ გახსნის მეორე ფრონტს მუსლიმების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ფრონტი შეიძლება გაიხსნას თავისით, პუტინს კი მთელი რესურსი მიმართული აქვს უკრაინისკენ. სცადოს და შეამციროს ჩეჩნეთის დაფინანსება. პუტინი ვერ გაბედავს, პირიქით, ეცდება დაამშვიდოს, მეტად დაანაყროს. კადიროვის მადაც სულ უფრო გაიზრდება და გაიზრდება“.
კადიროვის გაყოყოჩებით უკმაყოფილო არიან რუსი ნაციონალისტებიც. პირველი რუსული მარშის ორგანიზატორი და ეთნოპოლიტიკურ გაერთიანება „რუსების“ დამფუძნებელი ვლადიმირ ბასმანოვი დარწმუნებულია, რომ კადიროვი ემზადება პუტინის შემდგომი პერიოდისა და ჩეჩნეთში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
„ამ მიზნით, კადიროვი დგამს ნაბიჯებს, რომლებმაც პუტინის ადგილზე მოსულ ნებისმიერ ახალ ძალას უნდა აჩვენოს, რომ ის ან შეინარჩუნებს საკუთარ ემირატს არსებული სახით, ან ყველაფერი ცუდად იქნება, რადგან ემირატიდან შეიძლება წარმოიქმნას პანკავკასიური საამირო კადიროვით მის სათავეში“, - წერს ვლადიმირ ბასმანოვი თავის Telegram-ის არხზე, სადაც ის ასევე აღშფოთებას გამოთქვამს ორი სიახლის გამო:
- ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ინიციატივით იქმნება შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. შეიხ მანსური იყო კავკასიის სამხედრო-პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს აქტიურად ებრძოდა რუსეთის იმპერიას და ქადაგებდა შარიათის კანონებს. იგი ითვლება სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად. ნიშანდობლივია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასევე დიდი ხანია არსებობს შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი, რომელიც შედგება იჩქერიის რესპუბლიკის მებრძოლებისა და ჩეჩენი ემიგრანტებისაგან, რომელთა მიზანია ჩეჩნეთის გათავისუფლება რუსეთისგან. საინტერესოა, რა მიზნით იქმნება რუსულ ჯარში იმ კაცის სახელობის ქვედანაყოფი, რომელიც მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე რუსეთს ებრძოდა.
- „ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ადამ კადიროვი დააჯილდოვა რესპუბლიკური ორდენით „ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“. რაშიდ ტერმეზოვმა დაჯილდოების მიზეზად დაასახელა ადამ კადიროვის მიერ შეტანილი პირადი წვლილი საერთაშორისო და რეგიონთაშორისი ერთიანობის განვითარებასა და ტრადიციული ისლამური ღირებულებების განმტკიცებაში.
რუსეთში ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ყარაჩაელ-ჩერქეზული ორდენით დაჯილდოებამ გამოაჩინა ტენდენცია, რომ საქმე იმაზე ბევრად რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
„საუბარია კადიროვის პატრონაჟით რუსეთის მუსლიმური რეგიონების გარკვეული ბლოკის ჩამოყალიბებაზე. დაჯილდოების კამპანიის შემდგომი მსვლელობა აჩვენებს: კადიროვ-უმცროსს მხოლოდ ისლამური რესპუბლიკები დააჯილდოებენ თუ გეოგრაფია გაფართოვდება“, - დაწერა თავის Telegram-არხზე ჟურნალისტმა ვადიმ შუმილინმა.
საქმე ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გიმბატოვმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოუწოდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორს ანდრეი ბოჩაროვს, რომ ადამ კადიროვი დააჯილდოოს საპატიო სამკერდე ნიშნით "ტრადიციების მცველი".
მწერალი და პუბლიცისტი ანატოლი ნესმიანიც მიიჩნევს, რომ ღიად, ყველას თვალწინ მიმდინარეობს რუსეთის ფარგლებში მუსლიმური მაკრორეგიონული ანკლავის ჩამოყალიბება.
„უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ანკლავი აუცილებლად წამოაყენებს საკუთარ პირობებს ძალაუფლების გარდაუვალ გადანაწილებაში. ასეთი მოვლენები კი, როგორც ჩანს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს, რადგან შეუძლებელია ყველა გავლენიანი ჯგუფის უეცარი გააქტიურების ვერშემჩნევა. აბრამოვიჩი, როგორც რუსეთის ებრაული თემის წარმომადგენელი, დაუღალავად მიდი-მოდის რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, გააქტიურდნენ მუსლიმური რეგიონების ლიდერები, მიმდინარეობს ქონების გადანაწილების ციებ-ცხელება - ყველას თვალწინ მზადდება „ლუკოილის“ რეიდერული დათრევა. სახეზეა ტოპ-მენეჯერების საეჭვოდ გახშირებული გარდაცვალებები. ჩუბაისიც კი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, უეცრად იწყებს მსჯელობას პუტინის შემდგომი რუსეთის, როგორც უახლოესი მომავლის განხილვას“, - ამბობს მწერალი თავის Telegram-არხზე.
რუსეთში გამომავალი გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი იაროსლავ ბელოუსოვი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის კვალობაზეც კი კადიროვის ეთნოკრატია ნორმიდან გადახრაა, თუმცა, მისივე თქმით, კრემლი რატომღაც შესაშური მოთმინებით უპასუხებს ჩეჩენი ბატონკაცის ყველა გამოხტომას.
„პუტინი რომ იყოს სალაზარის ან მუსოლინის ინკარნაცია, არ იქნებოდა არც ჩეჩნური თავხედობა და არც „ვაგნერი“ თავისი პარალელური სამართლებრივი სისტემით. სწორედ ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე წარმოშობს ბნელ ზონებს, სადაც განსაკუთრებული მორალი და წესები მოქმედებენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის შიგნით ძლიერი და შეკრული პერიფერიული სტრუქტურები იღებენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. რა თქმა უნდა, არა სრულ სუვერენიტეტს, მაგრამ ძალიან მახლობელს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გამართლებულია. მათი მთავარი არგუმენტი სტაბილურობა და ეფექტურობაა. დაე, იყოს კადიროვი, სამაგიეროდ ჩეჩნეთი იქნება მშვიდად. იყოს პრიგოჟინი, სამაგიეროდ ფრონტზე მებრძოლები გვეყოლებიან. ბევრს უკვე დაავიწყდა, რომ 24 ივნისს კინაღამ სახელმწიფო დავკარგეთ. ამიტომ შეგახსენებთ, რომ ეს შეიძლება განმეორდეს. მხოლოდ სხვა, უფრო სამწუხარო შედეგებით“, - წერს Telegram-ში რუსი ჟურნალისტი, რომელიც გაოცებას ვერ მალავს იმ ხალხის გამო, ვისაც ჯერ ისევ სჯერა, რომ რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ინსტიტუტები გათვლილია მხოლოდ უკრაინასთან კონფლიქტისთვის.