Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა


ადამ კადიროვი, რამზან კადიროვის უმცროსი ვაჟი
ადამ კადიროვი, რამზან კადიროვის უმცროსი ვაჟი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.

შვიდწამიან ვიდეოში ადამ კადიროვი უამრავ დარტყმას აყენებს ნიკიტა ჟურაველს წელს ზემოთ და თავის არეში.

„სცემა და სწორად მოიქცა", - დაწერა კადიროვმა და დასძინა, რომ ის "ამაყობს ადამის საქციელით".

მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.


ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.

26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა მას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ჟურაველი.

სკანდალი მივიდა რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვას ყურამდე, რომელმაც ამ ფაქტის გადამოწმება ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარ მანსურ სოლტაევს დაავალა.

რამზან კადიროვის უმცორის ვაჟი ადამი 15 წლისა. მას და მის ორ უფროს ძმას, 17 წლის ახმატსა და 16 წლის ზელიმხანს (იგივე ელის), ჩეჩნეთის მთავარი სახელმწიფო სატელევიზიო არხი რეგულარულად აჩვენებს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში მამასთან ერთად მონაწილეობის დროს.

2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მხოლოდ 14 წლისა იყო, ადამი უფროს ძმებთან ერთად უკრაინის დონეცკის რაიონში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში იმხანად გავრცელებულ ვიდეოზე ჩანდა სანგარში მყოფი სამი ბიჭი, რომლებიც ავტომატური შაშხანიდან და ყუმბარსატყორცნიდან ისვრიან.

მოგვიანებით კადიროვმა ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს მისი ყველა შვილი ფრონტის ხაზიდან ტყვე უკრაინელი ჯარისკაცით დაბრუნდა.

დონეცკში ყოფნიდან ერთი წლის თავზე, ჩეჩნეთის ქალაქ ახმატ-იურტიში გაიმართა ადამის „სრულწლოვნად გახდომის ცერემონია“. როგორც რამზან კადიროვმა განაცხადა, 15 წლის ყმაწვილს ჩეჩნური ტრადიციის თანახმად გადასცეს ფაფახი და ხანჯალი, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მან უმწიკვლოდ უნდა დაიცვას ღირსების კოდექსი (ჩეჩნურად „კონახი“ - ნიშნავს „ღირსეულ ადამიანს“). ეს ნიშნავს, რომ მან ხელში უნდა აიღოს „ხანჯალი რელიგიის, ღირსებისა და მშობლიური მიწის დასაცავად“.

2013 წელს ჩეჩენმა რელიგიურმა მოღვაწეებმა მაშინ 6 წლის ადამს „რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ჰაფიზის“ წოდება მიანიჭეს. „ჰაფიზად“ იწოდებიან ის ადამიანები, რომლებმაც მუსლიმთა წმინდა წიგნი ზეპირად ისწავლეს. ეს არის ისეთი მიღწევა, რომლისთვისაც მოზრდილ ადამიანსაც კი მრავალი წელი სჭირდება.

  • ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟები, ასევე მისი ქალიშვილები და „ოჯახის სხვა წევრები“ სამხედრო მომზადებას გადიან, - ამის შესახებ რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა ივნისში განაცხადა.
  • მანამდე უფლებადამცველებმა კადიროვის შვილების გამოყენებას ომის პროპაგანდაში უწოდეს „შოუს ნაწილი“, რომელიც მიზნად ისახავს აგიტაციის გაწევას, რათა რეგიონის მცხოვრებლები „მოხალისეთა“ რიგებში გაწევრიანდნენ.
  • ამ წლის დასაწყისიდან, მედიით პერიოდულად ვრცელდება ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, 46 წლის რამზან კადიროვი, მძიმედ ავადაა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს.
  • კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ არაპირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნევა მედიაში პოლიტიკოსის შვილების გააქტიურებული პიარიც.
XS
SM
MD
LG