თბილისში გაიმართა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ლეგიონის“ საჭიროებების შესახებ ცნობა განთავსდება ვებსაიტზე georgianlegion.ge.
ონლაინპლატფორმის მეშვეობით, მსურველები შეძლებენ შემოწირულების გაღებას „ქართული ლეგიონისთვის“, რაც უზრუნველყოფს ლეგიონის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, პლატფორმა იქნება მთავარი წყარო „ქართული ლეგიონის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში იბრძვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების შემდეგ. ლეგიონი დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.