Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა


ახრიმან ასლანოვი და ბაქირ ალიევი თელავის რაიონულ სასამართლოში 
ახრიმან ასლანოვი და ბაქირ ალიევი თელავის რაიონულ სასამართლოში 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ბიძას, ახრიმან ასლანოვს და ბიძაშვილს, ბაქირ ალიევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ორივე დაკავებულისთვის 5000-5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც დაკავებულთა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა თქვა, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დანაშაული აღიარეს და ინანიებენ, წინასწარი პატიმრობის საჭიროება აღარ იყო.

მოსამართლის თქმით, მას სარწმუნოდ მიაჩნია პროკურატურის არგუმენტები, შესაბამისად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობაზე.

როგორც პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა თქვა, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

ბრალდებულებს პროცესზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ.

მათ პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგოს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს", - თქვა პროკურორმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ჩაინიშნა.

14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, 27 წლის ასიმ ასლანოვს.

ხოლო მოკლულის დედას, ეგანე მაგარამოვას და ბიძას, ნადიკ მაგარამოვს - ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

XS
SM
MD
LG