Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ცნობით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებთა ევაკუაცია მოითხოვა


ისრაელის ავიაციამ ქალაქი ღაზა 12 ოქტომბერსაც დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ქალაქი ღაზა 12 ოქტომბერსაც დაბომბა

გაერომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მოსთხოვა, 13 ოქტომბერს 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში. სავარაუდოა, რომ ეს უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფმა გაეროს წარმომადგენლებმა შეტყობინება გასულ ღამით მიიღეს. ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.

გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.

7 ოქტომბრიდან, როცა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ისრაელის ავიაცია 7 ოქტომბრიდან ინტენსიურად ბომბავს „ჰამასის“ ობიექტებს ღაზის სექტორში. ამასთან, ღაზის საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა მობილიზებულია ისრაელის 300 ათასზე მეტი რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას.

გაეროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 423 378-მა ადამიანმა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი გმობენ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას და ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.

ისრაელის მთავრობის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზის სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. კაცმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.

  • ისრაელის წყაროები 12 ოქტომბერს იუწყებოდნენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1300 ადამიანი, მათ შორის 200-ზე მეტი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი 3200-ს აღემატება. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
  • ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.

„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG