Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიხრება თუ არა მოსკოვისკენ სლოვაკეთი ვადამდელი არჩევნების შედეგად?


„თუ ჩემი პარტია მომდევნო მთავრობაში იქნება, ჩვენ არ გავგზავნით უკრაინაში არცერთ ახალ ტყვიას", - ამბობს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SMER) ლიდერი, რობერტ ფიცო
„თუ ჩემი პარტია მომდევნო მთავრობაში იქნება, ჩვენ არ გავგზავნით უკრაინაში არცერთ ახალ ტყვიას", - ამბობს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SMER) ლიდერი, რობერტ ფიცო

შესაძლოა, ეს არ არის წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთში 30 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ექო ამ პატარა ცენტრალურევროპული ქვეყნის საზღვრებს გასცდეს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მემარცხენე ყაიდის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SMER) ლიდერს შანსი აქვს, რომ კვლავ დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის სავარძელში. რობერტ ფიცოს ეს პოსტი მანამდე უკვე ორჯერ ეკავა 2006-2010 და 2012-2018 წლებში.

და თუ ასე მოხდა, სლოვაკეთის არჩევნების ამ შედეგმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დასავლეთის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით.

„თუ ჩემი პარტია მომდევნო მთავრობაში იქნება, ჩვენ არ გავგზავნით უკრაინაში არცერთ ახალ ტყვიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა, პირველ ყოვლისა, სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა. უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ ჩვენ საკუთარი შეხედულება გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის გარანტია“, - განაცხადა ფიცომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SMER) გამარჯვებამ, გააძლიეროს ცენტრალურ ევროპაში ევროსკეპტიკური, პრორუსული და ანტილიბერალური ძალების პოზიციები და გარკვეული გავლენა ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებზეც მოახდინოს.

როგორ მივიდა თავად სლოვაკეთი 30 სექტემბრის არჩევნებამდე?

ჟურნალისტ კუციაკის მკვლელობა და მთავრობის ჩამოშლა

სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, იურაი მარუშაკი ამბობს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუ ვის მისცემს ხმას და, საერთოდ, წავა თუ არა არჩევნებზე.

ასეთ დროს გადამწყვეტი შესაძლოა არჩევნების წინა დღეებში მომხდარი რაიმე შემთხვევა, ან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმატებული (ან, პირიქით, წარუმატებელი) სვლა აღმოჩნდეს.

სლოვაკეთში ასეთი რამ ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. მაშინ პოპულარული ანტიკორუფციული ვიდეორგოლი დაეხმარა მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიცია OĽANO-ს („ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“) ლიდერ იგორ მატოვიჩს, რომელმაც, ყველა წინასწარი პროგნოზის მიუხედავად, ხმათა 25% მიიღო და გაიმარჯვა არჩევნებში.

მანამდე კი სლოვაკეთი ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეძრა.

ორი ტყვია გულში - ასე დასრულდა 2018 წლის 21 თებერვალს სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი საგამოძიებო ჟურნალისტის, 27 წლის იან კუციაკის ცხოვრება. თავდამსხმელებმა, მისი საცოლე მარტინა კუშნიროვაც გამოასალმეს სიცოცხლეს.

კუციაკი სიკვდილის წინ მუშაობდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს იტალიურ მაფიასთან კავშირების გამოძიებაზე. სლოვაკი გამომძიებელი ჟურნალისტის დაუმთავრებელი სტატია უკვე მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს და მოგვიანებით პატიმრობა მიუსაჯეს ოთხ ადამიანს, მათ შორის - ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს მიროსლავ მარჩეკს.


კუციაკის მკვლელობამ და მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულმა სტატიებმა ბიძგი მისცა მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს, რასაც მოჰყვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომა.


ფიცო მისივე თანაპარტიელმა SMER-იდან, პიტერ პელეგრინმა შეცვალა, ხელისუფლებაში დარჩენა ორი წელი მოახერხა, კონფლიქტი მოუვიდა ფიცოსთან, დააარსა ახალი პარტია, „ჰოლოსი“ და არჩევნები წააგო.

რაც შეეხება იგორ მატოვიჩს, წინა არჩევნების ტრიუმფატორი ამჟამად სლოვაკეთში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პოლიტიკოსია.
თუმცა მატოვიჩის კოალიციას "OĽANO და მეგობრებს“, მაინც აქვთ შანსი, რომ გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

„ჩვენი პოლიტიკური მენიუ არ არის ყველაზე გემრიელი“

პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის კოალიციურ მთავრობას, რომელიც 2020 წლის ივნისში ხუთი პარტიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, დასაწყისში მოსახლეობა დიდ იმედებს უკავშირებდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიის დროს ახალმა მინისტრთა კაბინეტმა არათანამიმდევრული გადაწყვეტილებები მიიღო, მოქალაქეებისათვის მიცემული დაპირებები არ შესრულდა.


მატოვიჩმა რუსეთს შეუკვეთა 200 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინა, რომლის გამოყენება როგორც სლოვაკეთში, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ იყო ნებადართული.


პრემიერის ნაბიჯს სამთავრობო კრიზისი და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა მოჰყვა. მოსახლეობა უკმაყოფილო იყო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი შემზღუდავი ზომების გამოც.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მატოვიჩმა თავი წარმოაჩინა, როგორც უკიდურესად კონფლიქტურმა, გაუწონასწორებელმა და ექსცენტრულმა ადამიანმა, - უამბობს რადიო თავისუფლებას ოლჰა დიარფაშოვა, ბრატისლავის იან ამოს კომენსკის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი.

შესაბამისად, სლოვაკეთის მმართველი კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც მატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი უხალისოდ დაუთმო თავის თანამებრძოლს, ედუარდ ჰეგერს.

თავად მატოვიჩმა კი ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა, ანუ გახდა ერთგვარი „რუხი კარდინალი“. ასეთი ცვლილების შემდეგ სლოვაკეთის მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში ქაოსი გაგრძელდა. 2023 წლის მაისში ჰეგერმა და მისმა მთავრობამ დაკარგეს კოალიციის შენარჩუნების ყველანაირი შანსი და გადადგომა გამოაცხადეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მიიღო მთავრობის გადადგომა და გარდამავალი მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადა.


სლოვაკეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა ლუდოვიტ ოდორი, იმჟამად სლოვაკეთის სახელმწიფო ბანკის, NBS-ის მმართველის მოადგილე და გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღიც - 30 სექტემბერი.

პოლიტოლოგ იურაი მარუშაკის თქმით, ბოლო სამი წლის პოლიტიკურმა აურზაურმა სლოვაკეთში მოქალაქეთა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია პოლიტიკური ელიტის და ზოგადად, პოლიტიკის, როგორც ასეთის, მიმართ. მარუშაკი ეყრდნობა გამოკითხვებს, რომელთა თანახმად, მოქალაქეთა უპრეცედენტოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% მიიჩნევს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით ვითარდება“.

ახალი არჩევნებით ვითარების შეცვლის სურვილზე მძლავრია ეჭვი, საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი რაიმეს შეცვლა სლოვაკეთში. „ნაწილობრივ მე მესმის ამ ადამიანების. ჩვენი პოლიტიკური მენიუ არ არის ყველაზე გემრიელი“, - ამბობს იურაი მარუშაკი.

ამ „მენიუში“ძირითად მოთამაშეებად ითვლებიან:

  • ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ (PS) - ლიდერი 39 წლის მიხაილ შიმეჩკა. წარსულში ამ პარტიის ლიდერი იყო ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა, რომლის ავტორიტეტი დადებითად აისახება ამ პარტიის იმიჯზე. ამას ემატება თავად მიხაილ შიმაჩეკის პოპულარობაც. პრაღის და ოქსფორდის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, წარსულში ჟურნალისტი, მიხაილ შიმაჩეკი, „პროგრესული სლოვაკეთის“ სიის სათავეში იყო ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში, სადაც PS-ს ამომრჩეველთა 20%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. დღესდღეობით შიმაჩეკი 14-დან ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი და ამ პოსტზე პირველი სლოვაკი პოლიტიკოსია. „პროგრესული სლოვაკეთის“ ძირითადი საარჩევნო თემებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განათლების სისტემის რეფორმა, პროდასავლური ორიენტაცია და უკრაინის მხარდაჭერა.

  • პარტია „ჰლასი“ (ხმა) - 2018-2020 წლებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ პელეგრინის მემარცხენე-ცენტრისტული, ზომიერად პროევროპული პარტია. გამოდის ლოზუნგით „ძლიერი სოციალური სახელმწიფო“ და ისიც მხარს უჭერს უკრაინაში ომის სწრაფ დასრულებას;

  • „რეპუბლიკა“ (რესპუბლიკა) - პოლიტოლოგთა შეფასებით ესაა უკიდურესად მემარჯვენე, ნეოფაშისტური პარტია, რომლის იდეოლოგია რადიკალურ ნაციონალიზმს, ევროსკეპტიციზმსა და ანტიემიგრანტულ პოლიტიკას ეყრდნობა. პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი დადებითად აფასებს იოზიფ ტისოს ნეონაცისტურ რეჟიმს, რომელიც სლოვაკეთს 1939-45 წლებში მართავდა;

  • კოალიცია OĽANO ("ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“) - 2020-2021 წლებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის ლიდერობით მოქმედი ამ გაერთიანების პროგრამაში ერთმანეთთან არის შეზავებული როგორც ლიბერალური, ისე კონსერვატიული ხასიათის პოპულისტური ლოზუნგები;

  • სლოვაკეთის ნაციონალური პარტია (SNS) - ნაციონალისტური, კონსერვატიული და პრორუსული ძალა, რომლის ლიდერია ანდრეი დანკო, წარსულში სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერი. 2019 წლის 9 მაისს იგი ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც მოსკოვში, გამარჯვების სამხედრო აღლუმს ესწრებოდა.

  • დაბოლოს, ამჟამინდელი წინასაარჩევნო რბოლის ლიდერი, ორგზის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, 59 წლის რობერტ ფიცოს კოალიცია SMER- ი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და გამოდის რუსეთისათვის ევროკავშირის სანქციების გაუქმების მოთხოვნით. ფიცო 1986-1990 წლებში ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. პოლიტიკაში 1992 წლიდან არის ჩაბმული, არაერთხელ აირჩიეს სლოვაკეთის პარლამენტის წევრად. 1999 წელს დააარსა ყველაზე ძლიერი მემარცხენე პარტია „SMER - სოციალ დემოკრატია“ და ორჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

ვინ აღუდგება წინ "სახელმწიფოს მოპარვას“?

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მიმომხილველების ვარაუდით, „ახალი ძველი“ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოკავშირედ ქვეყნის შიგნით გახდებიან პოპულისტური ყაიდის პარტიები, საზღვარგარეთ კი უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირში ყველაზე უფრო პრორუს პოლიტიკურ ლიდერად ითვლება.

"ჩვენ არჩევანი გვაქვს ცუდსა და ძალიან ცუდს შორის“, - ამბობს გამოცემა Denník N-ის ჟურნალისტი, მირეკ ტოდა. „შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ფიცომ მოიგოს არჩევნები და ერთ კვირაში ჩამოაყალიბოს პროორბანული და პრორუსული კოალიცია „ჰოლოსთან“ და ნაციონალურ პარტიასთან ერთად. ის, რომ მას კონფლიქტი ჰქონდა პელეგრინისთან, არაფერს ნიშნავს. „ჰოლოსში“ ბევრად მეტი არიან ისეთები, რომლებსაც ფიცოსთან კოალიცია უფრო სურთ, ვიდრე ისინი, ვინც პარტნიორებად „პროგრესულ სლოვაკეთს“ ამჯობინებს. მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში. ასეთი პარტიების რაოდენობა შესაძლოა იყოს ან 3-4 ან 9. რაც უფრო მეტი პარტია მოხვდება პარლამენტში, მით მეტი კოალიციის ვარიანტი გახდება შესაძლებელი“, - ამბობს მირეკ ტოდა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი აქტივობა იქნება სლოვაკეთში 30 სექტემბრის არჩევნებზე. ალბათ ამიტომაცაა ახლა სლოვაკეთის ქალაქების ქუჩებში ბევრი პირქუში შავი ბილბორდი თეთრი წარწერით: "შენს სახელმწიფოს მოიპარავენ, თუ არჩევნებზე არ წახვალ".

რამდენიმე დღეში სლოვაკეთი შეიტყობს, თუ მისი მოქალაქეების რა ნაწილი აღუდგა წინ "სახელმწიფოს მოპარვას“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG