Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
25 ადამიანი დააკავეს ბოლო 1 წელში ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა

25 ადამიანი დააკავეს ბოლო 1 წელში ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა


ირაკლი ანთაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ირაკლი ანთაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ და იყო ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევა. ამის შესახებ ანთაძემ მედიასთან კომენტარში განაცხადა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მიმდინარე 114-ე შეხვედრის დაწყებამდე. მისი ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე.

რაც შეეხება ერგნეთის წინა, 3 ივლისს გამართული შეხვედრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ანთაძის თქმით, ამ პერიოდში დააკავეს საქართველოს 12 მოქალაქე, ყველა მათგანი ამჟამად თავისუფალია. ამ პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ე.წ ბორდერიზაციას 14 შემთხვევა.

ირაკლი ანთაძის თანახმად, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების უმრავლესობა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იყო.

„უმრავლესი მათგანი უკავშირდება ე.წ. როგორც ისინი უწოდებენ, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას, რაც წარმოადგენს უკანონო დამატებით ბარიერს, რომელიც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. ასევე იყო ლითონის ბოძების ჩარჭობის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ“, - ამბობს ირაკლი ანთაძე.

დღეს ერგნეთში ასევე გაიმართება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც საირიგაციო სეზონთან დაკავშირებით განიხილება სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG