Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარწყავი წყალი მავთულხლართების ორივე მხარეს - ცხინვალის რეგიონში ტირიფონის არხი ამოქმედდა


ტირიფონის სარწყავი არხი (2013)
ტირიფონის სარწყავი არხი (2013)

სარწყავი წყალი ქართული და ოსური სოფლებისთვის - ერგნეთის მოლაპარაკებების პროცესში ეს ის საკითხია, რომელზე შეთანხმებას მხარეები ახერხებენ, რადგან ბაღ-ვენახების გასარწყავება ორივე მხარის ინტერესშია. 

ომი - ჰუმანიტარული პრობლემების წყარო

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, ოსური მხარის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ წინაგარის ზონაში, ტირიფონის სარწყავი არხიდან წყლის მიწოდება დაიწყო. ამ მოვლენას ქართველი და ოსი ანალიტიკოსები მოლაპარაკებების მკაფიო შედეგს უწოდებენ.

როგორც ქართული, ისე ოსური სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. ტირიფონის საირიგაციო სისტემაში წყალი დაწყდა და მავთულხლართების ორივე მხარეს დარჩენილ სოფლებში ხეხილის ბაღების ხმობა დაიწყო. უწყლობის გამო ადგილობრივ ფერმერებს ვერც ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ.

ტირიფონის არხი არის მთავარი სარწყავი სისტემა, რომელიც წყლით ამარაგებს ქართულ და ოსურ სოფლებს. ის ოკუპირებულ ტერიტორიას 10 ადგილზე კვეთს. სამელიორაციო ნაგებობის სათავე ნაგებობა მდებარეობს ცხინვალში, ძველ ხიდთან. იქიდან წყალი თვითდინებით მიედინება არხში, რომლის სიგრძე დაახლოებით 80 კილომეტრია. საირიგაციო სისტემა რწყავს გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინაგარისა და აბრევის ზონის ფართობებს.

ეს ოკუპირებული სოფლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების გვერდითაა, ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს და, შესაბამისად, სარწყავი სისტემის ბოლო ნაწილში. წყალმა იქ მისვლამდე ათეულობით ქართული და ოსური სოფელი უნდა გაიაროს. არხის გამტარუნარიანობა არის ექვსიდან რვა კუბურ მეტრამდე წყალი წამში.

სწორედ ამ არხის სათავე ნაგებობა დაიკეტა ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ოსური მხარე აცხადებდა, რომ საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, საქართველოს ხელისუფლება კი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეგნებულად შეწყვიტა. ამის გამო მოსახლეობა ზარალდებოდა გამყოფი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

წარმატებული მოლაპარაკებები

ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ალტერნატიული სისტემების შექმნა დაიწყო. აშენდა მდინარე დიდ ლიახვზე ნიქოზის კაშხალი, საიდანაც სატუმბი სადგურის მეშვეობით წყალი სარწყავ არხში გადაუშვეს და ასე დაიწყო სოფლების ნაწილის მორწყვა. მეორე ნაგებობა, წყლის შემკრები კი, პატარა ლიახვზე სოფელ კარბთან აშენდა, საიდანაც დამატებითი წყლის რესურსი შევიდა სამელიორაციო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კარბის და ნიქოზის საირიგაციო სისტემები ამუშავდა, გვალვიან წლებში გასარწყავების პრობლემა მაინც რჩებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული არხი გასაწმენდი იყო და იქ ლამში ბუჩქებიც კი იყო ამოსული.

გაწმენდის სამუშაო დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. თავის მხრივ, ქართული მხარე მუდმივად წმენდდა არხის იმ ნაწილს, რომელიც ქართულ სოფლებში გადიოდა. გარდა ამისა, ზონკარის წყალსაცავიდან დამატებითი რესურსის მიწოდება იყო საჭირო, რომ წყალი ორივე მხარის სოფლებისთვის საკმარისი ყოფილიყო. ეს იყო ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა, იგი პირობას დებდა, რომ ქართული სოფლების გავლით წყალი ოსურ სოფლებამდეც მივიდოდა.

მოლაპარაკებები 2019 წელს წარმატებით დასრულდა, მაგრამ პრობლემა გვალვამ შექმნა. ამის გამო ქართულ სოფლებში ნაკვეთების რწყვაზე გრაფიკიც კი იყო დაწესებული.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი ამბობს, რომ წელს მცირე ტექნიკური პრობლემების მიუხედავად საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა და წყალი უკვე წინაგარის სოფლებამდე მივიდა. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა აპრილში, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ ცხინვალი ტირიფონის სათავე ნაგებობას გახსნიდა და არხს გაწმენდდა. გაწმენდის სამუშაოებს ქართული მხარეც ატარებდა.

„გასულ წელს ძლიერი გვალვა იყო. სამი თვის განმავლობაში არც ერთი წვეთი წვიმა არ მოსულა. შარშან საკმაოდ გაგვიჭირდა: ზონკარის წყალსაცავში წყლის დონემ დაიწია, შეიძლება ითქვას, ძირამდე, დიდ და პატარა ლიახვშიც წყლის რაოდენობა მწირი იყო და სარწყავი წყლის პრობლემა ძალიან გამწვავდა და შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ტირიფონის არხი აღედგინა, რათა სისტემისთვის წყლის უწყვეტი მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო სათავე ნაგებობიდან, რომელიც ცხინვალში მდებარეობს. აგვისტოს შუა რიცხვებში არხში წყალი მოედინებოდა და წინაგარამდეც მივიდა. მოცულობა მცირე იყო, მაგრამ საკმარისი სოფლის მცხოვრებთა და მოიჯარეების ნაკვეთებისთვის“.

კოჩიევმა ისიც თქვა, რომ მომდევნო დღეებში წყლის დონემ ოსურ სოფლებში დაიწია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სცადა ამ საკითხის გარკვევა. ამჟამად ტირიფონის სარწყავი სისტემა შეუფერხებლად მუშაობს და წყალი ყველა სოფელს მიეწოდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიის ამ მონაკვეთს შეუფერხებლად მიეწოდება სარწყავი წყალი. ხოლო წყლის მიწოდების კონტროლის პროცესში, ისევე როგორც მისი აღდგენის პროცესში, აქტიურად გამოიყენება და გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმი“, - განაცხადეს სუსში.

რადიო თავისუფლებისთვის ისიცაა ცნობილი, რომ ქართული მხარე საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს ვიდეო- და ფოტოკამერით იღებდა და ინფორმაციას ოსურ მხარეს უზიარებდა.

სტატუს-კვოს გაძლიერება სტატუსის საკითხის გარეშე

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტის თემურ ცხურბათის აზრით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალისხმევა ტირიფონის არხის ფუნქციონირების განახლებისთვის, ოსური საზოგადოების მაღალ შეფასებას იმსახურებს. ცხურბათის თქმით, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს უნარი, შეთანხმდნენ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაზე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველოს მხრიდან მხოლოდ აღიარების ფაქტი არ არის ყველაზე მთავარი. რაც უფრო გავაუმჯობესებთ საქართველოსთან ურთიერთობას, მით უფრო შეეგუება საქართველო იმას, რომ ახლოს მდებარეობს ასეთი ქვეყანა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და მასთან მეგობრობა ჯობია, ვიდრე ჩხუბი. ჯერჯერობით მივატოვოთ სტატუსის საკითხი, რადგან ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სტატუს-კვოს გაძლიერება შესაძლებელია. რეალურად, ეს სტატუს-კვო გაძლიერდება, როცა ქართველები დარწმუნდებიან, რომ ჰუმანიტარული ურთიერთობების დამყარების შემთხვევაში საშინელი არაფერი ხდება და რაც მეტი იქნება, მით მეტი სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ჯობია მეზობლურად იცხოვრო, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ტირიფონის არხი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. იმედია, სხვაც იქნება“, - ამბობს თემურ ცხურბათი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

რომ არა რუსეთი, პრობლემა ადრე გადაწყდებოდა

წყლის სისტემების სპეციალისტი გელა ზოზიაშვილი საირიგაციო სისტემების საკითხებზე მოლაპარაკებებში თავიდანვე იყო ჩართული. მისი თქმით, როცა პრობლემის გადაჭრა ორივე მხარის ინტერესშია, სპეციალისტები სწრაფად პოულობენ საერთო ენას. მიაჩნია, რომ აღარ არის საჭირო დიდი რესურსების მობილიზება და მუდმივი მოლაპარაკებების გამართვა და ამაზე დროის კარგვა. ზოზიაშვილის თქმით, ორივე მხარის სპეციალისტებს პრობლემების მოგვარება ბიუროკრატიის ჩაურევლად უფრო სწრაფად შეუძლიათ.

„ხელს რომ არ უშლიდეს სხვა გარემოებები, იგივე რუსული ფაქტორი, ეს საკითხი საერთოდ აღარ იქნებოდა აქტუალური. ერთხელ მოგვარდებოდა და ამით დასრულდებოდა. პერიოდულად, რწყვის სეზონის დაწყების წინ განახლდებოდა ტექნიკური შეხვედრა და სპეციალისტები გარკვეულ დეტალებზე შეთანხმდებოდნენ. თუ რაღაც პრობლემა უცებ შეიქმნებოდა, ესეც სწრაფად სპეციალისტების ჩართულობით გადაწყდებოდა. აქ აღარ უნდა იყოს საჭირო დამატებით რესურსების მობილიზაცია და რაღაც პირობების წამოყენება. ეს ყველაფერი უკვე უპირობოდ უნდა ხდებოდეს, რადგან წყალი ყველას სჭირდება. ეს ორივე მხარეს აწყობს და მე ვფიქრობ, სწორია და კარგია, როცა ასეთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხზე ხდება შეთანხმება“, - ამბობს გელა ზოზიაშვილი.

ტირიფონის სარწყავი სისტემის სრული დატვირთვით ამოქმედება, მხარეებს შორის შედეგიანი მოლაპარაკების პირველი მაგალითი არ არის. ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის სხვა მაგალითიც არსებობს კონფლიქტის ზონაში.

ზონკარის წყალსაცავის საფრთხის ერთობლივი განეიტრალება

ომის შემდეგ, განსაკუთრებით 2011 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ზონკარის წყალსაცავი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც გორის, ისე ცხინვალის რაიონის სოფლებს. წყალსაცავის კაშხალი დაზიანებული იყო, დამცავი ფარები კი გაჭედილი, რამაც წყალსაცავის გადავსება გამოიწვია. გაჩნდა საფრთხე, რომ წყალი კაშხალს გამოარღვევდა და მიმდებარე სოფლებს დატბორავდა. სპეციალისტების აზრით, წარმოიქმნებოდა 10 მეტრამდე სიმაღლის ტალღა, რომელიც ქართულ და ოსურ სოფლებს დაარტყამდა. სხვადასხვა გათვლით, 40 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავიდან გამოსული წყალი გორის დატბორვასაც გამოიწვევდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, იქ შესვლას ქართველი სპეციალისტები ვეღარ ახერხებდნენ, ოსურმა მხარემ კი წყალსაცავი გაავსო. მოგვიანებით, ეუთოს დახმარებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ზონკარზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები შეეშვათ. საერთაშორისო დახმარებით მოხერხდა, რომ გაჭედილი ფარები ამწეებით გაეხსნათ და წყალსაცავი დაეცალათ.

„დათვალიერდა კონსტრუქციული ნაწილი და, როგორც აღმოჩნდა, იქ იყო საკმაოდ სერიოზული დაზიანება. დღემდე ჩვენ არ ვიცით, ეს იყო აფეთქების შედეგად თუ ბუნებრივად იყო ეს დაზიანება. ფაქტი ის იყო, რომ მონოლითური რკინა-ბეტონის ნაწილი დაზიანებული იყო და იქიდან წყალი იღვრებოდა, რაც შესაბამის საშიშროებას ქმნიდა. საშიშროების ერთი ნაწილი, რასაც კონსტრუქციული მხარე ჰქვია, მოგვარებულია. საშიშროება აღარ არსებობს“, - ამბობს გელა ზოზიაშვილი.

ზონკარის წყალსაცავიდან წყალი ახლა მდინარე პატარა ლიახვში ჩაედინება, მდინარიდან კი, კარბის წყლის შემკრების მეშვეობით, უკვე ტირიფონის სამელიორაციო სისტემაში ხვდება, რაც ადგილობრივი გლეხებისთვის გასარწყავების პრობლემას ხსნის.

საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართული და ოსური მხარეები მიიჩნევენ, რომ ზონკარის წყალსაცავის პროექტი იყო პირველი, რომლის მოგვარებაზეც მხარეებმა ერთობლივად და შეთანხმებულად იმუშავეს. სპეციალისტების აზრით, წყალსაცავის უსაფრთხოება ორივე მხარის ინტერესში შედიოდა და ამიტომ მოიძებნა შეხების წერტილები.

XS
SM
MD
LG