Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულომ თბილისში ცათამბჯენების საკითხს მხარი დაუჭირა - რა ხდება ახლა?


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხებოდა დედაქალაქში ცათამბჯენების აშენებას, მათ შორის - "სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და რკინიგზის სადგურთან. ასევე დიდ დიღომში კორპუსების აშენებას.

საკრებულო განიხილავდა სხვადასხვა შემთხვევაში ორ - "განაშენიანების რეგულირების გეგმის" დავალებისა და მომზადებული გეგმის შესრულების - საკითხს. პროცედურულად ორივე შემთხვევაში საკრებულოს თანხმობა არის საჭირო.

რა არის განაშენიანების რეგულირების გეგმა, იგივე გრგ?

ეს არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს ან აზუსტებს მიწის კონკრეტული ნაწილის განვითარების გეგმას - ფუნქციურ ზონებს, შენობების სიმაღლეს, საგზაო ინფრასტრუქტურას, გამწვანების ზონებს.

რა შემთხვევაშია საჭირო გრგ-ს მომზადება?

როცა განსახილველია ქალაქის საზღვრებში დაახლოებით 7000 კვადრატულ მეტრზე მშენებლობა. გრგ ორი ეტაპისგან შედგება:

  • გეგმარებითი დავალება: მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც უნდა დაიგეგმოს შენობების ფუნქციები, პარამეტრები და მათი ადგილები;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი: მასზე დაყრდნობით ხდება საპროექტო წინადადების შემუშავება.

რა მოხდა თბილისის საკრებულოს სხდომაზე?

სხდომა, სადაც თბილისის განაშენიანების საკითხი განიხილებოდა, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის კამათით დაიწყო, უშუალოდ საკითხის კენჭისყრის მომენტში კი დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი (ვატო სურგულაძე - "ლელო") იჯდა. სხდომაზე შერჩევითად დაუშვეს მოქალაქეები.

დაყენებული საკითხები "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც საკრებულოში ხმების უმრავლესობა ეკუთვნის, მიიღო:

  • "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის აშენებაზე საკრებულომ გრგ-ის დავალება მისცა შპს "კოსტავა 69"-ს, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა;
  • "სპორტის უნივერსიტეტის" ადგილზე, სადაც ინვესტორი "ქართული ოცნების" შემწირველია, დამტკიცდა გრგ;
  • ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე (ჯერ მხოლოდ ნაწილზე), რომლის მრავალსართულიანი შენობებით განაშენიანება იგეგმება და მმართველი პარტიის დეპუტატთან, ნინო წილოსანთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის, დამტკიცდა განაშენიანების გეგმა;
  • დიდი დიღმის ტერიტორიაზე, პეტრე იბერის ქუჩა #13, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების შეცვლილი ვერსია.
იმ კომპანიებმა, რომლებმაც გრგ-ს დავალება მიიღეს, შემდეგი ეტაპი ისევ საკრებულოში უნდა გაიარონ - მათ გრგ უნდა დაუმტკიცონ. ვისაც უკვე გრგ აქვს მიღებული, ახლა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აქვთ ურბანული საკითხები შესათანხმებელი.

რა ვიცით ამ მშენებლობებზე?

"სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორია - თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #49

ეს არის „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორია, რომელზე მშენებლობის დაწყებაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველს, ნოშრევან ნამორაძეს სურს. მან პარტიას 2021 და 2022 წლებში 80 ათასი ლარი შესწირა.

ოთხი შენობიდან ყველაზე მაღლის სიგრძე 180 მეტრი იქნება - 47 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართულით. 18 664 კვადრატული მეტრის სიგრძის მიწის ნაკვეთზე შენდება 85 854 კუბური მეტრის შენობა, გამწვანება კი იქნება 5599 კვადრატული მეტრი.

ჭავჭავაძეზეა აშენებული თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალსართულიანი შენობა „აქსის თაუერსი“. 41-სართულიანი შენობის სიმაღლე 147 მეტრია. ინვესტორის შექმნილ ფოტომონტაჟზეც ჩანს, რამდენად მასშტაბური იქნება ახალი შენობა უკვე არსებულ ცათამბჯენებთან შედარებით.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია - თბილისი, დადიანის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის სადგურთან

თბილისში, დიდუბე-ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის 200 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია მაღალსართულიანი შენობების აშენება, მათ შორის ერთ-ერთი, 44-სართულიანი იქნება, 154 მეტრი სიმაღლის.

ამ ტერიტორიის მფლობელები უკავშირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს.

მიწას სამი მფლობელი ჰყავს: შპს „ვილსონ გარდენი“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანი“ და სს „ფროფგრუპი“. თავის მხრივ, შპს „ვილსონ გარდენი“ სრულად ეკუთვნის სს „ფროფგრუპს“.

  • შპს „ვილსონ გარდენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დეპუტატ ნინო წილოსანის ძმა, ირაკლი წილოსანი.
  • საბჭოს წევრები არიან: გვანცა წილოსანი, დავით სამხარაშვილი და დავით ვეფხვაძე.
მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო ირაკლი რუხაძე, ხელისუფლების მიმართ ლოიალური არხის - „იმედის“ - მფლობელი.

2023 წლის იანვარში შევსებული საჯარო მოხელის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი წილოსანი ფლობს შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ 25-პროცენტიან წილს 2007 წლიდან.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია - გმირთა მოედანსა და საცურაო აუზს შორის ტერიტორია

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მანქანა გადაადგილდება და დღის ძირითად ნაწილში მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. 52- და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი მოცულობაში იქნება 155 599 კვადრატული მეტრი.

ტერიტორია შპს „კოსტავა 69“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობს ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69“-ის დირექტორიც მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.

XS
SM
MD
LG