მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ელექტრონული კენჭისყრით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ ყველა „სპეკულაციას“ წერტილი დაესმება.
"ოცნებიდან" „მავნებელი“ უწოდეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ „მანიპულაცია“ ელექტრონული არჩევნების პირობებშიც არის შესაძლებელი, „თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, როგორ მუშაობს ეს სისტემა და არ არიან გაწვრთნილები, როგორ გამოიყენონ ის“.
ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებელად, მაღალი სტანდარტით ჩატარდება. ამომრჩევლების სრულყოფილად ინფორმირებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ფართო საინფორმაციო ფრონტის გაშლით გეგმავს.
ელექტრონული არჩევნების გამოცდილება საქართველოში ამომრჩევლის მცირე ნაწილს აქვს - მხოლოდ მათ, ვინც 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, საპილოტო პროგრამისთვის შერჩეულ უბნებზე აძლევდა ხმას.
- რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობამდე?
- რამდენად სანდოა მანქანები, რომლებმაც ამომრჩევლის ნება უნდა აღრიცხონ?
- რა აჩვენა აქამდე ჩატარებულმა საპილოტო არჩევნებმა?
- კიდევ რა უნდა გამოიცადოს და რა კითხვები რჩება?
რით განსხვავდება ელექტრონული კენჭისყრა იმისგან, რაც აქამდე ვიცოდით არჩევნების დღის შესახებ?
უბანზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, სამაგიდო სიები აღარ არის საჭირო. მარკირების შემდეგ, ამომრჩეველს სპეციალური, ვერიფიკაციის აპარატი ელექტრონული პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებისას ამოიცნობს. მონიტორზე გამოჩნდება მისი ფოტო - რაც მეთვალყურეებს შედარების საშუალებას აძლევს.
ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველს გადაეცემა ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომის ქაღალდის ბიულეტენი.
ნახევრად ღია კაბინაში ხმის მიცემის დროს, მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს წრე - რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
წრე კარგად უნდა გაფერადდეს, რათა ხმის მთვლელმა მანქანამ მისი წაკითხვა შეძლოს.
ამის შემდეგ, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, არჩევანის ფარულობისთვის. კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და კონვერტს მასზე იმგვარად ათავსებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
ბიულეტენს თვითონ აპარატი „გადაყლაპავს“, კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით და საბოლოოდ, მის ქვეშ განთავსებულ ურნაში აგდებს.
ურნაში იყრება ყველა ბიულეტენი, „გაფუჭებულის“ გარდა.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება შესაბამისი წარწერა - რომ ბიულეტენი მიღებულია. ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შესაძლოა - აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ასეთ დროს, შესაძლებელია დაბრუნებული ბიულეტენის ხელმეორედ მოთავსება აპარატში.
თუკი ამ დროს ამომრჩეველი უკვე წასულია საარჩევნო უბნიდან, მისი ხმა დაიკარგება, რადგან ის ვერც ხელმეორედ ცდის და ვეღარც ახალ ბიულეტენს მისცემენ.
მსგავსი ხარვეზები აპრილის არჩევნებში გამოკვეთა.
- კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ, მანქანა ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც დაანგარიშებულია წინასწარი შედეგები, ურნაში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, მითითებულია ბათილი ბიულეტენების რიცხვიც.
- ხმის მთვლელი მანქანიდან ამობეჭდილი მონაცემები [რასაც რამდენიმე წუთი სჭირდება] არჩევნების წინასწარ შედეგად ითვლება.
- საბოლოო შედეგი ბიულეტენების ხელით გადათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ ხდება ცნობილი.
„დაწყებული ამომრჩევლის ვერიფიკაციიდან, დასრულებული ხმის შედეგების დათვლით, ყველაფერში არის "ქაღალდის კვალი" [ინფორმაცია ინახება ქაღალდზეც - რ.თ.]. მნიშვნელოვანია, რომ ბიულეტენები გადაითვლება ხელითაც - რათა შემოწმდეს, რამდენად აკურატულად ასახა მანქანამ ამომრჩევლის ნება“, -ეუბნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე რადიო თავისუფლებას. ის დარწმუნებულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაში და ხაზს უსვამს, რომ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელ მანქანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რაც კიბერშეტევებისგან მათ დაცულობას უზრუნველყოფს.
რა აჩვენა საპილოტო არჩევნებმა?
- წინასწარი შედეგები გაცილებით სწრაფად გახდა ცნობილი - საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელ მანქანას ქვითრის ამოსაბეჭდად დაახლოებით 20-25 წუთი დასჭირდა;
- ამობეჭდილი ქვითრების ფოტოსურათები თითოეული საარჩევნო უბნიდან სწრაფად გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიებს და მათი დაჯამებაც ასევე სწრაფად გახდა შესაძლებელი.
ეს დასკვნები ცესკომ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიტანეს, ვინ საპოლოტო კენჭისყრებს დააკვირდა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED] აპრილში ჩატარებულ არჩევნებს ძირითადად მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრის პროცესის შესასწავლად მეთვალყურეობდა.
შემაჯამებელ ანგარიშში ISFED წერს, რომ - „საარჩევნო პროცედურები უმეტესად გამართულად ჩატარდა. ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა დააჩქარა ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი.... თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიამ წინასწარი შედეგების ქვითარი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებიდან უპრობლემოდ ამობეჭდა და ბიულეტენების დათვლის პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდა. საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესით დაილუქა“.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აღნიშნავს, რომ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში, ბევრად უფრო მოწესრიგებულია ე.წ. ბათილი ბიულეტენების საკითხი, რადგან „ადამიანური ფაქტორი, სუბიექტური დამოკიდებულება უფრო მეტად გამოირიცხა" .
დადებით მაგალითად, ISFED-ს მოჰყავს ის, რომ ბიულეტენი ბათილად აღარ ჩაითვლება - თუკი მასზე არ იქნება რეგისტრატორის ბეჭედი, რაც ზოგჯერ აჩენდა ეჭვებს, რომ - ამგვარ "შეცდომებს" რეგისტრატორები გამიზნულად უშვებდნენ.
რა ხარვეზები გამოვლინდა?
ISFED-ის შეფასებით, თვალშისაცემი პრობლემა ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობა იყო - არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არამედ კომისიის წევრებს შორისაც.
„კომისიის წევრები რაღაცნაირად უფრთხოდნენ მანქანებს. განსაკუთრებით კენჭისყრის პროცესის დასაწყისში, უჭირდათ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და სჭირდებოდათ ზემდგომების დახმარება. ბიულეტენის სკანირების პროცესში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დახმარებას საჭიროებდა“, -ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და ხაზს უსვამს ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებსაც, ხმის მთვლელ მანქანასთან, სკანირების ეტაპზე.
ISFED-ის ხელმძღვანელი იხსენებს რამდენიმე ფაქტს, როცა „ამომრჩეველს ეგონა, რომ დაასკანირა ბიულეტენი - გავიდა კენჭისყრის ოთახიდან და ამ დროს დააბრუნა მანქანამ ეს ბიულეტენი“. „თითქოს მცირე ტექნიკური დეტალებია ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და საჭიროა ცოდნა“, - ამბობს დოლიძე.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ იცის, რომ ზოგ შემთხვევაში - სკანირების დროს, მანქანა ბიულეტენს უკან აბრუნებდა. ელექტრონული კენჭისყრის საპილოტო პროგრამები, მისი თქმით, სწორედ ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენასა და პროცესების შემდგომ დახვეწას ისახავს მიზნად.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, ჩვენ არ დაგვიტოვებია ყურადღების მიღმა. ეგ საკითხი იქნება დაზღვეული და ამას ყველა ნახავს 1 ოქტომბრის [შუალედურ/რიგგარეშე] არჩევნებზე ...
ბიულეტენი მანქანამ შესაძლოა დააბრუნოს, თუკი არასწორი კუთხით შეაცურა [ამომრჩეველმა], ან ოდნავ გადაკეცილი იყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლის ინფორმირება... ჩვენ რომ ავუხსენით ამომრჩეველს წინასწარ [პროცედურები], იმიტომ იყო ერთეული შემთხვევა, თორემ გვექნებოდა ათეულობით შემთხვევა“, - ეუბნება გიორგი შარაბიძე რადიო თავისუფლებას.
„ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ - მთავარი ამოცანაა ახლა ის, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ შესაბამისი ინფორმაცია - რა, როგორ და რანაირად ფუნქციონირებს... ეს არის უმნიშვნელოვანესი" - ამატებს შარაბიძე და დონორების, მედიის და "ნეიტრალური დამკვირვებლების" დახმარების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
რა ხარვეზების გამო შიშობენ?
გიორგი შარაბიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამოთქმულ შიშებს, რომ, 3000 ამომრჩევლის პირობებში, უბნებს ნაკადის გატარება გაუჭირდება. ამბობს რომ „გაკეთებულია შესაბამისი სტრეს-ტესტები“ და ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ მაინც თხოვნით მიმართავს 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს [გორი, კასპი, გურჯაანი], რომ მაქსიმალურად იაქტიურონ და „მისცემენ საშუალება საარჩევნო ადმინისტრაციას და ჩართულ მხარეებს, კიდევ ერთხელ, რეალურ არჩევნებში გადამოწმდეს - ხომ არ დარჩა კიდევ რაიმე ტიპის გამოწვევა“.
ნინო დოლიძე ამბობს, რომ საჭირო იქნება დამკვირვებლების მაქსიმალური ყურადღება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცესის გასაკონტროლებლად, რათა (ადამიანური რესურსის ჩართულობით) არ მოხდეს ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით, ანდა კენჭისყრაში ერთი და იმავე პირის რამდენჯერმე მონაწილეობა, „როგორც ეს მანამდე ე.წ. მწვანე უბნებზე ხდებოდა“.
ცესკოში განმარტავენ, რომ ასეთი რამ ვერ დაიმალება. შარაბიძის თქმით: „თუ ამომრჩეველი არ მიეკუთვნება კონკრეტულ უბანს ან მეორედ მიდის უბანზე - მანქანა გამოსცემს ისეთ სიგნალს, რომ შეუძლებელია, საუბნო საარჩევნო კომისიაში ვინმემ ვერ გაიგოს“.
ზოგადად, საპილოტო პროგრამების ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს ცესკო ტექნოლოგიებს საერთოდ არ უკავშირებს.
„ეს არ არის ის, რომ საქართველოში პირველად ისინჯება რაიმე ტექნოლოგია - ეს არის მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგია და მას იყენებენ - ამერიკაშიც, კანადაშიც, ევროპულ ქვეყნებშიც“, - ამბობს შარაბიძე.
რამდენად სანდოა ტექნოლოგია?
მომავალი არჩევნებისთვის ISFED-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლაც უწევს. ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საყურადღებოდ თვლიან „ვერიფიკაციის მანქანებისა და ხმის მთვლელი მანქანების პროგრამირების საკითხს“.
„ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენც ახლა ტექნიკური უნარების შეძენაში ვართ, რომ ვნახოთ - ხომ არ არის რაიმე ეჭვებისთვის სივრცე ამ დაპროგრამების ნაწილში“, – დოლიძე აღნიშნავს, რომ დეტალების გამოკვლევას არჩევნების მიმართ სანდოობის გაზრდის მიზნით ცდილობენ.
ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ასეთი ეჭვები „მხოლოდ მითების შესაქმნელად გამოდგება“, რადგან ყველა საჭირო აპარატის მიწოდებასაც და მათ დაპროგრამებასაც საერთაშორისო დონეზე კარგად ცნობილი ჰოლანდიური კომპანია „სმარტმატიკი“ (Smartmatic International Holding B.V.) უზრუნველყოფს და მის სანდოობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.
„მთელი მანქანები, სოფტი, მთელი უზრუნველყოფა არის ამ კომპანიის. Smartmatic-ს არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ფილიპინებში, ევროპის ქვეყნებში...
მითხრას ვინმემ, რეპუტაციულ რისკს რატომ აიღებს ეს კომპანია?! ... შეუძლებელია, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ რაიმე ტიპის "კომპრომისი" დაუშვას, რომელიმე ქვეყნის არჩევნებისთვის“, - გვეუბნება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა ივნისში აუქციონის გარეშე გამოცხადებულ საერთაშორისო კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) გაიმარჯვა. მანამდეც, საპილოტო პროექტებში - ცესკო ამავე კომპანიის ტექნოლოგიებს იყენებდა.
- ტენდერი გამოცხადებული იყო „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე“.
- ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა საქართველოს, მთლიანობაში, თითქმის 55 მილიონი ლარის მომსახურება უნდა გაუწიოს და მიაწოდოს, მათ შორის - 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ „ვერიფიკაციის მოწყობილობა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკოს) არსებულ მონაცემთა ბაზებთან (მონაცემები განთავსებულია MSSQL სისტემაში, რომლის მიწოდებაც აპარატებში განსათავსებლად უნდა მოხდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მიერ გამართული, შუალედური სერვერის გამოყენებით)“.
შუალედური სერვერით ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები უნდა ჩაიტვირთოს.
„როდესაც ამომრჩევლების სიები იტვირთება ვერიფიკაციის მანქანაში, ეს სია [კენჭისყრის დაწყებამდე] იბეჭდება და გამოიკვრება უბანზე, თვალსაჩინო ადგილას. ასევე სიები წინასწარ აქვს დარიგებული ყველა ჩართულ მხარეს - მათ შორის პარტიებს, დამკვირვებლებს. იოლად შემოწმდება - რამდენად ზუსტად არის ამომრჩეველთა სია ჩატვირთული მანქანაში“, - ამბობს შარაბიძე. მისი განმარტებით:
- ხმის მთვლელი მანქანიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ქვითრებისა თუ შემაჯამებელი ოქმების ფოტოსურათები [90% ამომრჩევლის შემთხვევაში] ჩვეულებრივად აიტვირთება ცესკოს ვებსაიტზე. ამ ეტაპზეც რჩება „ქაღალდის კვალი“ და გადამოწმება შესაძლებელია.
- ამომრჩეველთა დარჩენილი 10%-ის ბიულეტენები [ვინც ელექტრონულ არჩევნებში არ მონაწილეობს] - „გაციფრულდება და მოხდება ატვირთვა უსაფრთხო პლატფორმაზე", „აპრილის შუალედურ არჩევნებზე - გამოვიყენეთ გუგლის პლატფორმა“ და შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებისთვისაც იგივე გუგლის პლატფორმა შეირჩეს - სადაც „ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ მონაცემების თავისუფლად ნახვის საშუალება ექნება“.
არჩევნების ხარისხი?
ცესკოში აცხადებენ, რომ სანდო ტექნოლოგიები, შესაძლო გამოწვევების კარგად გაანალიზება და გამოსწორება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ „არჩევნების დღე [პროცედურები] იქნება აბსოლუტურად მშვიდი“.
არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებენ, რომ არჩევნების ბედი მხოლოდ კენჭისყრის უბანზე არ წყდება.
„ტექნოლოგიები ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც საქართველოში არჩევნებს აქვს“, - ეუბნება ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ „იმავე კენჭისყრის დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გარე მობილიზაცია და ამომრჩევლის აღრიცხვა - ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა... შეიძლება პრობლემა უბანში არ ხდებოდეს, მაგრამ გარეთ იყოს“.
„მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ“, - უთხრა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებას, ექსკლუზიურ ინტერვიუში, და იმედი გამოთქვა, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო“.