Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს: თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით


ირაკლი ზარქუა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ირაკლი ზარქუა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ბრალდებებს აჟღერებს და მას "მავნებელს" უწოდებს. ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა 2024 წლის არჩევნების რისკებზე, დეპუტატმა კი ის ამის გამო გააკრიტიკა ჟურნალისტებთან.

"ამას [ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას] რომ კითხვის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ, თქვენ, ქალბატონო ელჩო. მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ პარტიის წარმომადგენელი კი არ იყავით, არამედ სახელმწიფოსი...

ვწუხვარ ძალიან, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით... თქვენ იყავით, ალბათ, ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და 3-4-ჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში არასდროს შედიოდა არეულობა და "მეორე ფრონტის" გახსნა... მქონდა მცდელობა, ბოლომდე ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ასე რომ, Goodbye my darling!" - მიმართა აშშ-ის ელჩს პარლამენტიდან პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

დღეს, 21 აგვისტოს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ინტერვიუ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეგნანმა გაამახვილა ყურადღება, 2024 წლის არჩევნებია. მომავალ წელს არჩევნები საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ელექტრონულად ჩატარდება.

"აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც", - თქვა ელჩმა.

XS
SM
MD
LG