Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები


ცესკომ 7 მაისს შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები
ცესკომ 7 მაისს შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 7 მაისს გამართულ სხდომაზე შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები.

ცესკოს თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 591-მა ამომრჩეველმა.

ცესკო იუწყება, რომ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“).

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

№21 ბესიკ წულეისკირი - „თავისუფალი საქართველო” - 1 359 ხმა, 4.70%.

№41 გიორგი ხახუბია - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” - 27 551 ხმა, 95.30%.

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნული არჩევნების შედეგები შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა 5 მაისს გამართულ სხდომებზე შეაჯამეს.

ცესკოს თანახმად, კენჭისყრის დღე და შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა "კანონმდებლობის შესაბამისად". კომისია აღნიშნავს, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და კენჭისყრის პროცესი "წარმატებით განხორციელდა".

XS
SM
MD
LG