Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური ავტომანქანების რუსეთში ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვის საკითხს განმარტავს


 ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. განცხადებაში განმარტებულია ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის საკითხი.

როგორც შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში.

ამავე განცხადებაში განმარტებულია, რომ 2023 წლის 1 აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.

„აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით, დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები (განსხვავებით ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ, აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში, არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი (ვადად მიმდინარე წლის 1 აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად).

როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არის მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.

2023 წლის ხუთ თვეში საქართველოში $1 მლრდ-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოიყვანეს და $795 მლნ-ისა ექსპორტზე გაიყვანეს. ექსპორტის 100% რეექსპორტი იყო - საქართველო თავად არ აწარმოებს ავტომობილებს - ჯერ აქ ჩამოჰყავთ, აქედან კი სხვა ქვეყნებში გაჰყავთ.

უშუალოდ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტი სრული იმპორტის 16,4% იყო - $167 მილიონი. აი, ექსპორტის 97% კი დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა - $770,5 მლნ.

სანქციების ახალმა, მე-11 პაკეტმა, რომელიც 2023 წლის 23 ივნისსაა მიღებული, აკრძალვა გაავრცელა:

  • "ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]";
  • "ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე".

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს ემორჩილება, ასეთი მანქანები რუსეთში აღარ უნდა გაიყიდოს.

XS
SM
MD
LG