Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლის სანქციების მე-11 პაკეტი საქართველოში ავტომობილების ბიზნესსა და ფასებს?


ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი დააწესა, რაც შესაძლოა საქართველოს ავტომობილების ბიზნესსაც შეეხოს
ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი დააწესა, რაც შესაძლოა საქართველოს ავტომობილების ბიზნესსაც შეეხოს

თბილისმა ბრიუსელთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა სანქციების ახალი პაკეტის გამო საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ შეჩერდეს.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებს ემორჩილება და ამის მიუხედავად რუსეთთან ავტომობილებით ვაჭრობას აგრძელებს.

მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, საქართველოს, შესაძლოა, მოუწიოს, აკრძალოს ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში.

მარტივად გიამბობთ:

  • როგორ დადგა საქართველო ამ რეალობის წინაშე;
  • როგორ შეიძლება, შეზღუდვამ ცოტა ხნით მაინც გააიაფოს ავტომობილები;
  • რა გავლენას მოახდენს აკრძალვა საავტომობილო ბიზნესზე.

სანქციების ახალი პაკეტი

2022 წლის მარტიდან ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში ექცევა ავტომობილები, რომელთა ღირებულება 50 000 ევროს აღემატება. რუსეთში ევროპული წარმოების ასეთი ავტომობილების გაყიდვა აკრძალულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 99% არის ან მეორადი, ან ახალი, მაგრამ იაფი. შესაბამისად, ევროკავშირის შეზღუდვა საქართველო-რუსეთის ავტომობილების ვაჭრობაზე დიდად არ აისახება. თუმცა იყო ეჭვები სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევებზე.

მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული მანქანების რუსეთში გაყიდვა აიკრძალა და ევროპულმა მწარმოებლებმა ქვეყანა დატოვეს, რუსეთის ბაზარი სწრაფად გადაეწყო ახალ რეალობაზე. პლატფორმა „აუტოსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში გაყიდული ავტომობილების 75% მეორადი იყო.

ევროკავშირმა ახალ რეალობასთან ბრძოლა დაისახა მიზნად. 2023 წლის 23 ივნისს მიღებულმა, სანქციების ახალმა, მე-11 პაკეტმა აკრძალვა გაავრცელა:

  • „ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1.9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2.0 ძრავაა];
  • ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე“.

მე-11 პაკეტი ასევე მოიცავს სანქციებისათვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალ ზომებს, რომელიც ბრიუსელმა შესაძლოა, „მესამე ქვეყნების“ წინააღმდეგ გამოიყენოს.

ნებისმიერ შემთხვევაში: თუ ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს ემორჩილება, ასეთი მანქანები რუსეთში აღარ უნდა გაიყიდოს. მაგრამ პრობლემა სწორედ ამაშია: საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სრულად უერთდება ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ რუსეთთან ავტომობილებითაც ვაჭრობს. მეტიც, - რუსეთთან პირდაპირ თუ ირიბად ავტომობილებით ვაჭრობა მზარდი საავტომობილო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სტატისტიკა მზარდია

2023 წლის ხუთ თვეში საქართველოში $1 მლრდ-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოიყვანეს და $795 მლნ-ისა ექსპორტზე გაიყვანეს. ექსპორტის 100% რეექსპორტი იყო - საქართველო თავად არ აწარმოებს ავტომობილებს - ჯერ აქ ჩამოჰყავთ, აქედან კი სხვა ქვეყნებში გაჰყავთ.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მანქანების ექსპორტი გაორმაგებულია, იმპორტი კი გაოთხმაგებული. და ეს მაშინ, როდესაც 2022 წელს უკვე ჩანდა პოსტპანდემიური აღდგენა.

უშუალოდ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტი სრული იმპორტის 16.4% იყო - $167 მილიონი. აი, ექსპორტის 97% კი დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა: $770.5 მლნ.

საექსპორტო ქვეყნების წილები ბოლო 5 თვეში ასე გადანაწილდა:

რას გადაწყვეტს ევროკავშირი?

როდესაც ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, ეხება თუ არა საქართველოს რუსეთთან მანქანების რეექსპორტის აკრძალვა და ჩაითვლება თუ არა რუსეთთან ავტომობილებით ვაჭრობა სანქციების დარღვევად, მინისტრმა უპასუხა, ეს კითხვა ჩვენც გვქონდა პარტნიორებთანო.

მინისტრ დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა პარტნიორებს აუხსნეს, „რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი მოქალაქისთვის და როგორ მუშაობს ეს დარგი“.

„ხშირად მთელი რიგი რგოლებია ჩართული ამ სფეროში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ოპერაციები, - ხშირად ხდება [ავტომობილის] შემოყვანა, აღდგენა და ა.შ.. აქედან გამომდინარე, დამატებული ღირებულება იქმნება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე 3 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.

ეს გარემოებები პარტნიორებს ავუხსენით, მათაც გაიგეს, რამდენად აქტუალურია, და ახლა მოლაპარაკებების პერიოდში ვართ, რათა მოხდეს [შეზღუდვის და ფორმულირების] დაზუსტება და იმედი გვაქვს, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება ქართველი დილერებისთვისო, თქვა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

თუმცა ჯერჯერობით ცხადი არ არის, ევროკავშირისთვის, - რომლის ამ ნაბიჯის მიზანიც რუსეთში ავტომობილებზე დეფიციტის შექმნაა, - იქნება თუ არა ეს არგუმენტი საკმარისი. საქართველოს ეკონომიკა კი ხეირობს ამ ბიზნესით, მაგრამ თუკი ავტომობილები რუსეთში ჩააღწევს, სანქციის ეფექტიანობა სათუო ხდება.

ამ კითხვაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, ასეთი პასუხი ჰქონდა: „თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომობილების იმპორტს რუსეთში მათი შემდგომი რეექსპორტის მიზნით, ეს მართლაც სანქციებისთვის თავის არიდება იქნება“.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრს არ დაუზუსტებია, როდისთვის ელიან ბრიუსელთან მოლაპარაკებების დასრულებას, თუმცა დაამშვიდა ბიზნესი, რომ ევროკავშირში იციან - რუსეთთან ვაჭრობა გრძელდება.

რა ეფექტი ექნება შეზღუდვას?

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი, დავით კეშელავა ვარაუდობს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს. იმიტომ, რომ დსთ-ს ქვეყნებში მანქანების ექსპორტის შემდეგ, ამ ქვეყნებიდან მანქანები კვლავ რუსეთში ხვდება.

ავიღოთ სომხეთი: შარშან საქართველოს ავტომობილების ექსპორტი ყველაზე მეტად სწორედ მასთან გაიზარდა. „არმსტატის“ ცნობით კი, 2022 წელს სომხეთიდან რუსეთში რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, ზრდა იმდენად მასშტაბური იყო, რომ საბაჟო სამსახური რიგებს ვერ აუდიოდა.

„დააკვირდით, რა ქვეყნების მიმართულებით იმატა ავტომობილების რეექსპორტმა. ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი ზრდის ტემპი იყო, ვიდრე რუსეთში. თუკი აკრძალვა საქართველოს შეეხება, შეეხება სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, საბოლოოდ, შემცირებული მოთხოვნის მასშტაბი საკმაოდ დიდი იქნება“, - გვეუბნება ეკონომისტი.

საქსტატის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წელს დსთ-ს ქვეყნებში ავტომობილების ექსპორტი 4.6-ჯერ არის გაზრდილი. დიაგრამაზე ჩანს ეს ზრდა როგორც მთლიანად დსთ-ში, ასევე იმ 4 ქვეყანაში, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდება.

თუკი საქართველოს, - სხვა ქვეყნებთან ერთად, - მოუწევს რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის შეზღუდვა, ეს, სავარაუდოდ, ავტომობილებს გააიაფებს - მოკლევადიან პერსპექტივაში.

„თუ სანქციები დაწესდა და გადაყვანის შესაძლებლობა გამოირიცხა, [უკვე იმპორტირებულ ავტომობილებს] მყისიერად უფრო ნაკლები ადამიანი შეიძენს. ასე რომ, მოთხოვნა აუცილებლად უნდა შემცირდეს. მოთხოვნის შემცირება და მაღალი მიწოდება ცალსახად მიანიშნებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფასები უნდა შემცირდეს“, - გვეუბნება ეკონომისტი დავით კეშელავა.

რა ელის ბიზნესს?

ვაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში, ავტომობილების ფასის შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, საავტომობილო ბიზნესი დაზარალდეს და შემცირდეს, - როგორც 2014-15 წლებში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა.

თუკი 2013 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 401 მლნ-ის ღირებულების ავტომობილები გაიყვანეს, 2014 წელს 1.5-ჯერ შემცირდა - $268 მლნ-მდე, 2015 წელს კი დამატებით 4-ჯერ შემცირდა - $64 მლნ-მდე.

პარალელურად, 2014 წელს მსოფლიოდან საქართველოში მანქანების იმპორტიც 1.5-ჯერ შემცირდა - $715-დან $472 მლნ-მდე. აზერბაიჯანის გადაწყვეტილებამ ქართული ავტობაზრისა და ავტობიზნესის ბრუნვა შეამცირა. ბრუნვის აღდგენას და დამატებით ზრდას წლები დასჭირდა.

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზარზე დაკვირვება აჩვენებს, რომ 2022 წლიდან საქართველოში ოპერირებენ დსთ-ს ქვეყნების, ძირითადად რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც მანქანების საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ჩაყვანას სთავაზობენ მომხმარებლებს. „იუტუბზე“ ამ ბიზნესის სარეკლამო ასობით ვიდეოს გადააწყდებით.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშფოთებს კლიენტების შესაძლო კლება. შესაძლოა, შეზღუდვების დაწესებამ ყველაზე მეტად ბიზნესის სწორედ ამ სეგმენტზე იმოქმედოს, - და ნაკლებად იმ კომპანიებზე, რომლებიც მეტწილად ადგილობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.

ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია, საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ განვითარდება მოვლენებიო, ამბობს ეკონომისტი დავით კეშელავა: „[იმპორტირებული ავტომობილები] ადგილობრივ ბაზარზე დარჩება, გადამისამართდება სადმე თუ რა მოხდება, ახლა რთული სათქმელია“. თუმცა დასძენს, რომ შოკი შესაძლოა დაახლოებით იმ მასშტაბისა იყოს, როგორც 2014-15 წლებში, აზერბაიჯანის დაწესებული შეზღუდვისას.

XS
SM
MD
LG