Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა, სარაკეტო სისტემით ზემოქმედებას გამოეწვია


ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან.
ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან.

აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა.

ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.

როგორც BBC წერს, ვერსია ლოგიკურია, თუმცა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ისეთი სამსახურების მიერ, რომლებიც საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ და რაკეტების გაშვების დაფიქსირება შეუძლიათ.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო.

25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში.

სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები.

25 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო 38-ის სიკვდილი. ყაზახეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის პროკურატურა 32 გადარჩენილის შესახებ იუწყებოდა.

ზოგიერთი მათგანის ინფორმაციით, თვითმფრინავმა გროზნოში დაშვება სამჯერ სცადა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხ RT-ს უთხრა, რომ იყო აფეთქება, თუმცა არა თვითმფრინავის შიგნით.

კატასტროფის ვერსიებად განიხილება ფრინველების გუნდთან თვითმფრინავის შეჯახებაც და ტექნიკური გაუმართაობა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ავიაკატასტროფის გამო სანქტ-პეტერბურგში, დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და რუსეთიდან ბაქოში დაბრუნდა, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობს არაერთი ვერსია, კატასტროფის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.

26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG