ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა და საკმაოდ განათლებული ადამიანი ფეისბუკზე სვამს, მისი აზრით, რიტორიკულ კითხვას: „ჩემო საყვარელო მეგობრებო, თქვენგან რომელიმე შიმშილობდა საბჭოთა საქართველოში 1987 წლამდე?“ ამას მოსდევს კიდევ რამდენიმე რიტორიკული კითხვა, რომელიც განათლების თუ ჯანდაცვის სფეროებს განეკუთვნება. ნაგულისხმევი დასკვნაა: „რა გვიჭირდა მაშინ?“ ან, როგორც ზოგი რუსი ტურისტი გვეუბნება, „ჩევო ვამ ნე ხვატალო“ - რა გაკლდათ მაშინ? ანუ - რატომ გაგვექეცით?
როგორც ჩანს, ამ საკითხს კარგი განმარტება სჭირდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მაგრამ ნოსტალგიით შეპყრობილ უფროსებს უსმენს ან იდეოლოგიური რწმენა საბჭოთა რეჟიმის ნათელი მხარეების საძიებლად უბიძგებს. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის 37 წლის ვიყავი, ამიტომ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვილაპარაკო. შევეხები მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის თემას, ეროვნულ დამოუკიდებლობასა თუ პიროვნულ თავისუფლებაზე არაფერს ვიტყვი.
„კეთილდღეობა“
როცა კითხულობენ, შიმშილობდა თუ არა მაშინ ვინმე, მახსენდება ჩემი ბავშვობის მეზობელი ე.წ. იტალიურ ეზოში, წიოწია კლავა, მარტოხელა რუსი ქალი. მისი შემოსავალი იყო მოხუცებულობის პენსია (შრომითი სტაჟი არ ჰქონდა), 12 რუბლი, ხოლო ქონება - 4 თუ 5 კვ მეტრის ოთახი, სადაც საწოლისა და სკამის გარდა არაფერი ეტეოდა. შეიძლება თაროც ჰქონდა, ეს არ მახსოვს. რომ მივხვდეთ, 12 რუბლი რამდენია, დღევანდელი და მაშინდელი ფასები უნდა შევადაროთ.
არ შემხვედრია, რომელიმე პროფესიონალ ეკონომისტს საბჭოთა პერიოდის სამომხმარებლო კალათის საფასური დღევანდელ ლარებში გადაეყვანა. ვერც გუგლმა მაპოვნინა ასეთი რამ. ამიტომ, რაკი იმდროინდელი, მოსკოვიდან ჩამოშვებული უცვლელი მყარი ფასები ასე თუ ისე კარგად მახსოვს, მაღაზიაში წავედი და თვითონ ჩავატარე უაღრესად სამოყვარულო კვლევა. გამოვიდა, რომ დღევანდელ, ახალ ნაინფლაციარ ლარებში პური ღირს მაშინდელზე დაახლოებით 6-ჯერ მეტი, კარაქი - 5-ჯერ, კვერცხი - 4-ჯერ, შაქარი, ზეთი და ბრინჯი - 3-ჯერ. კომუნალური გადასახადები და ბენზინი უფრო დრამატულად გაძვირდა; სამაგიეროდ, დღევანდელი „მეორადების“ იაფი ტანსაცმელი ერთი თავით სჯობს იმას, რაც მაშინდელი თბილისის მაღაზიებში ეკიდა (ვაკის ან საბურთალოს არც ერთი თავმომწონე მცხოვრები იმას არ ჩაიცვამდა). რომც ჩავთვალო, რომ ცხოვრება ჯამში 10-ჯერ გაძვირდა (რაც აშკარა გაზვიადებაა), 12 რუბლი მაინც 120 ლარია - მიდი და იცხოვრე!
სიტყვამ მოიტანა და ოფიციალური მინიმალური ხელფასი ჩემს ახალგაზრდობაში 60 მანეთი იყო და, გორბაჩოვის დროის დასაწყისისთვის 70-მდე აბობღდა. მეუღლე რომ შევირთე, რაღაც პერიოდი ორნი 65 მანეთზე გადავდიოდით. ასე, პირდაპირი გაგებით, არ ვშიმშილობდით, მაგრამ დღევანდელი „სპარის“ კონსულტანტებზე უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ ვყოფილვართ.
მოკლედ, სანამ წიოწია კლავა ფეხზე იდგა, ცოტა რაღაცას შოულობდა იმ 12 რუბლის ზევით; მაგრამ იმ სახლიდან რომ გადავედით, ცოტა ხანში გავიგეთ, რომ შიმშილით და მოუვლელობით მომკვდარა. სხვაც ბევრი იყო ასეთი, მაგრამ მაშინ ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები არ იყვნენ, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრათ. ქართველებს ასეთ შემთხვევაში ნათესაური კავშირები შველოდა - მარტოხელა მამიდებს, როგორც წესი, არ აშიმშილებდნენ. მაგრამ „უპატრონო“ ადამიანი შეიძლებოდა განწირული აღმოჩენილიყო.
„თანასწორობა“
კეთილდღეობის დონის შესახებ გამრუდებული მეხსიერების გარდა, საბჭოთა ნოსტალგიის მკვებავი ერთ-ერთი პოპულარული მითია, რომ მაშინ „ყველა დაახლოებით ერთნაირად ცხოვრობდა“. ეს მტკნარი სიცრუეა. არა მგონია, მაშინ მეტი თანასწორობა ყოფილიყო, ვიდრე დღევანდელ საქართველოში, ოღონდ ის სხვანაირი უთანასწორობა იყო და „ჯინის კოეფიციენტით“ ნაკლებად იზომებოდა.
ისევ ავტობიოგრაფიული დეტალით დავიწყებ. ფორმალურად, პრივილეგირებულ ოჯახში გავიზარდე - მამაჩემი პარტიული მუშაკი იყო; კარიერის პიკზე კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე გახდა, რა დროსაც მისმა ხელფასმა გადაასწრო 200 რუბლის ნიშნულს. შემდეგ ცალკე ორგანიზაციის ხელმძღვანელად გადავიდა და, უნივერსიტეტში „ნახევარ განაკვეთზე“ ლექციების ჩათვლით, 400-მანეთიან ზღურბლსაც გადასცდა. ეს მაშინ საკმაოდ კარგ შემოსავლად ითვლებოდა.
მაგრამ, ნათესავების გულის გასახეთქად, მამაჩემს ერთი უცნაურობა სჭირდა: თანამდებობას და მის თანმდევ „სვიაზებს“ (ნაცნობობას) უკანონო შემოსავლის წყაროდ არ აქცევდა და ხუთკაციან ოჯახს ხელფასით გვაცხოვრებდა. კი, პრივილეგიებიც იყო - ბინა ჯერ საბურთალოზე, მერე ვერაზე; სანამ „ცეკაში“ მუშაობდა, წელიწადში სამჯერ - სადღესასწაულო „პაიოკი“ - საჭმელების კრებული 200 გრ ხიზილალით, ერთი ცალი ძეხვი სერველატით და ა.შ. პრივილეგია იმაში მდგომარეობდა, რომ დეფიციტური პროდუქცია „თავის ფასში“, ანუ უფრო იაფად შეგვეძლო გვეყიდა; კარიერის შედარებით მაღალ ეტაპზე - მანქანის და მძღოლის მომსახურება; ზაფხულობით საგზური სოხუმში ან გაგრაში. მაგრამ ყოველთვიური შემოსავალი სხვაა. ამის გამო ბავშვობიდან დამრჩა კომპლექსი, რომ ხელმოკლე ოჯახში გავიზარდე: ვიცოდით, რომ ისეთი ფუფუნება, როგორიც იყო ჩეხური ლუდი, ჯინსის შარვალი (ფასი „სპეკულიანტებში“ - ასი რუბლი), სახლში რემონტის გაკეთება ან თუნდაც საკოლმეურნეო ბაზარში ხორცის ყიდვა ჩვენთვის არ იყო. სახელმწიფო მაღაზიებში, 1970-იანებიდან, ხორცი მხოლოდ სადღესასწაულოდ შემოჰქონდათ და რამდენიმესაათიან რიგში უნდა მდგარიყავი. ქალს, რომელიც უახლოეს გასტრონომში დილაობით რძეს ყიდდა, ამავე გასტრონომის გამგეზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენზე გაცილებით მეტი ჰქონდა, იმიტომ რომ იქ ფული „ტყდებოდა“. იმ ამბავს, რომ რძის საყიდლად აუცილებლად დილით ადრე უნდა ამდგარიყავი და გრძელ რიგში გეყურყუტა, აღარ ჩავუღრმავდები.
„რა ქნას, ეგეთია!“
იმის თქმა მინდა, რომ კომუნისტური ეპოქის უთანასწორობას ვერაფერს გავუგებთ, თუ ადამიანების ხელფასებს შევადარებთ ერთმანეთს. ნამდვილ უთანაწორობას განსაზღვრავდა ე.წ. ლევი - მარცხენა, ანუ უკანონო შემოსავალი. სამუშაო ადგილი, როგორც წესი, ფასდებოდა არა ხელფასით, არამედ იმით, რა იყო მისი „ლევი", თუ იყო. ხელფასით მცხოვრები ადამიანი იყო ფარჩაკი, „უტრაკო“, დღევანდელი ტერმინით - „ლუზერი“. კი, პატიოსან ადამიანს, განსაკუთრებით, თუ ის ინტელიგენციის წრეს მიეკუთვნებოდა, პატივს სცემდენენ, თუმცა თან ეცოდებოდათ - „რა ქნას, ეგეთია!“. მაგრამ ინტელიგენციის მიღმა ასეთი დამოკიდებულება ნაკლებად ვრცელდებოდა.
ეს მდგომარეობა თავის დროზე შესანიშნავად აღწერა შადიმან შამანაძემ პიესაში „ღია შუშაბანდი“. მისი მთავარი გმირია „პრარაბი“, ანუ სამუშაოთა მწარმოებელი, რომელიც არ იპარავს და ხელფასით ცხოვრობს. „პრარაბებს“ შორის ასეთი რამ სრული ანომალია იყო - რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ასეთ მშენებელს ვიცნობდი და სხვა გაგონილიც არ მყავდა: ის ამავე დროს პოეტიც იყო და მძიმე მენტალური დაავადებაც აღმოაჩნდა - სიცოცხლე ტრაგიკულად, თვითმკვლელობით დაასრულა. ნორმალური „პრარაბები“ საშენ მასალებს იპარავდნენ და ყიდდნენ: მათ რომ ცემენტი, გაჯი და სხვა საჭირო რაღაცეები „ლევად“ არ გაესაღებინათ, სახლში რემონტს ვერავინ გააკეთებდა: მაშინ არც ელიავას ბაზრობა არსებობდა და არც „ბრიკორამა“ ან „დომინო“. შესაბამისად, პრარაბიც შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ შამანაძის პატიოსან, ანუ უფხო პერსონაჟს, რომელიც პოეტიც კი არ იყო, რომ მისი უცნაურობა რაღაცით გაგემართლებინა, საკუთარ ოჯახშიც არავინ სცემდა პატივს: ის დაცინვის და ზიზღის საგანი იყო.
„სახიფათო სიმდიდრე“
ეკონომიკური თანასწორობის ილუზიას ქმნიდა შეზღუდვა არა შემოსავლებზე, არამედ ხარჯვაზე. ჯერ ერთი, დასახარჯი ადგილი ცოტა იყო: მანქანას იყიდდი, „დაჩას“ აიშენებდი, სპეკულანტებთან „ჩაიშმოტკებოდი“ - ანუ „ფირმა“, დღევანდელი ენით, ბრენდულ ტანსაცმელს იყიდდი, რესტორნებში ხშირ-ხშირად ივლიდი, მაგრამ, თუ „ლევი“ კარგად შემოგდიოდა, მაინც ბევრი გრჩებოდა. მეორეც, ზედმეტად თვალსაჩინო, გამომწვევი სიმდიდრე სახიფათო იყო: საიდან? ვიღაც „ინტრიგანი“ გამოჩნდებოდა და შესაბამის ორგანოებში ანონიმურ საჩივარს აფრენდა. აქედან ბალიშებსა და ლეიბებში შენახული თუმნიანები ან კედლებში ჩაშენებული ოქროულობა.
ეს სიმდიდრე ბევრს „ოხრად დარჩა“. კიდევ ერთ მოგონებას მოვიშველიებ. ჩემი ნათესავი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონულ ცენტრში სამართალდაცვის სისტემაში მუშაობდა: ეს გაცილებით მეტ „ლევის“ ნიშნავდა, ვიდრე მშენებლობას მოკლებული ცემენტის და გაჯის გაყიდვით იშოვიდი. წითელი თუმნიანები დიდი ხნის განმავლობაში სადღაც, ჩავთვალოთ, ლეიბებში, გროვდებოდა. მაგრამ საბჭოთა სისტემის ნგრევის პერიოდში მან საკმარისი გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა და კაპიტალის მწვანე ფულში ან ძვირფასეულობაში კონვერტაცია ვერ მოასწრო; წლებით ნაგროვები სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მაკულატურად იქცა. ამ ნიადაგზე, მისი მეუღლე ფსიქიკურად შეირყა.
„ჩემს პროტეჟეს ობიექტურადაც ეკუთვნის, მაგრამ...“
კორუფციის თუ უკანონო ბიზნესის - „ცეხავიკობის“ გარდა, არსებობდა კიდევ ნაცნობობა, რომელიც ფულად შემოსავალს, შესაძლოა, არ ნიშნავდა, მაგრამ ფულნაკლულობის გარკვეულ კომპენსაციას ახდენდა. მაგალითად, უმაღლესში შეიძლებოდა ფულით მოხვედრილიყავი, მაგრამ შეიძლებოდა, ამის მაგივრად ნაცნობობა გამოგეყენებინა. ამ უკანასკნელ შემთხვევას პატიოსანი ადამიანებიც, ანუ ისინი, ვინც „ლევი“ ფულს არ აკეთებდა, კორუფციად არც მიიჩნევდნენ. ამართლებდნენ კიდეც: „ჩემს პროტეჟეს ობიექტურადაც ეკუთვნის, მაგრამ არ მინდა, რომ დამიჩაგრონ“. მიდი და არჩიე: ზოგს მართლაც ეკუთვნოდა, ზოგს - სულაც არა. კარგად მომზადებული, მაგრამ უფულო და უპატრონო აბიტურიენტი შეიძლებოდა მაინც გამძვრალიყო, მაგრამ ბევრი იჩაგრებოდა.
სრული სურათისთვის, ხელფასის გარდა კანონიერი შემოსავალიც შეიძლებოდა გქონოდა: მაგალითად, ექიმის კერძო პრაქტიკა, კერძო გაკვეთილები, რეპეტიტორობა, სახლდასახლ ტექნიკის შესაკეთებლად სიარული და ა.შ. თუმცა, კორუფციისგან გამყოფი ხაზი ხანდახან აქაც ბუნდოვანი ხდებოდა: მაგალითად, რეპეტიტორი, რომელიც თან უნივერსიტეტში მიმღები კომისიის წევრი იყო, განსაკუთრებით ფასობდა, გასაგები მიზეზით.
„უფასო მედიცინა“
ექიმების ხსენებაზე, უფასო საბჭოთა ჯანდაცვის ხიბლს შევეხები. კი, არსებობდა უფასო პოლიკლინიკები, საიდანაც შედარებით მარტივი სნეულების დროს ექიმს გამოიძახებდი და მის გამოწერილ წამალს საკმაოდ იაფად იყიდდი. მაგრამ თუ რაღაც სერიოზული დაგემართებოდა, „უფასო მედიცინა“ ფიქციად იქცეოდა. საავადმყოფოში მინიმალურად მისაღები მომსახურებისთვის მზად უნდა ყოფილიყავი, ექიმიდან სანიტრამდე, ყველასთვის დიდძალი ფული გეხადა - მედმუშაკებსაც ხომ სჭირდებოდათ თავისი „ლევი“?!, დეფიციტური წამლები „ებრაელებში“, მაშინ ასე ამბობდნენ, ანუ ცნობილი „ჩაშკას“ იატაკქვეშა აფთიაქში ოთუსბირად უნდა გეყიდა. უპატრონო და უფულო პაციენტებსაც ჰქონდათ გადარჩენის შანსი, მაგრამ ფულიან-პატრონიანებზე გაცილებით ნაკლები. ვისაც შეეძლო, სერიოზული ავადმყოფი მოსკოვში მიჰყავდა - როგორც ახლა მიჰყავთ, ოღონდ უფრო განვითარებულ ქვეყნებში. ავადმყოფობის და სიკვდილის წინაშე თანასწორობა არც მაშინ არსებობდა.
დროა დავამთავრო. დღევანდელ საქართველოში უამრავი უსამართლობაა - თუმცა კიდევ დიდხანს ვიკამათებთ, კონკრეტულად რა ჩავთვალოთ უსამართლობად და როგორ ვებრძოლოთ მას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს კომუნისტურ წარსულში არაფერი - დიახ, სრულებით არაფერი - იყო ისეთი, რაც უკეთესი საქართველოს აშენების პროცესში უნდა მოვისაკლისოთ. პირიქით: ჩვენი დღევანდელი ცხოვრების სიგლახეებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ იმ რეჟიმის ღრმად მანკიერი და ფარისევლური, და არა მხოლოდ რეპრესიული, მემკვიდრეობა, ამ მიზეზთა შორის, უმთავრესია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.