„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ვიდეოებს ამ დღეებში მის წინააღმდეგ გამოიყენებენ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა და ბოდიშს ვუხდი ამის გამო... მასზე ჩემს გამო თავდასხმები იქნება. ამიტომ მოვუხადე ბოდიში, რომ ეს უხერხულობა მას ექნება“... ეს სიტყვები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, იქვე, ციხის ჭიშკართან თქვა.
ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც 22 ივნისს მისი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი და ამის პარალელურად პრეზიდენტი გარკვეული ჯგუფების მხრიდან აგრესიის სამიზნედ იქცა როგორც სოციალურ ქსელში, ისე ორბელიანის სასახლესთან.
22 ივნისის ღამეს, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან მალევე, ათონელის ქუჩაზე გამოჩნდნენ მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებლები. ისინი ხმის გამაძლიერებლის დახმარებით ცდილობდნენ პრეზიდენტისთვის შეეხსენებინათ ნიკა გვარამიას მიერ, 2019 წელს გაკეთებული შეფასებები მისი მისამართით, რომელიც არანორმატიულ ლექსიკას შეიცავდა და რომლის გამოც ციხიდან გამოსულმა გვარამიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
ამასთანავე, ისევ და ისევ ხმის გამაძლიერებლისა და მიკროფონის დახმარებით, ორბელიანის სასახლესთან მისული „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებლები, სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ „სამშობლოს მოღალატედ“, „დასავლეთის აგენტად“, „ვირთხად“ და „ლეშიჭამიად“.
ერთ-ერთმა მათგანმა, ხატია ჯანაშიამ ცეცხლი წაუკიდა ევროკავშირის დროშას და ორბელიანის სასახლის ეზოში გადააგდო:
„ამ დროშის გამო, ამ ევროპის გამო გაცვალა ჩვენი სამშობლო ნაცებში, ლეშიჭამიებში, ამიტომ ის ყოველ დღე მიიღებს ამას. არამარტო დღეს, ეს გაგრძელდება, შენ, სამშობლოს მოღალატევ, გამოეთრიე გარეთ, შე აგენტო, შე ლეშიჭამია, გარეთ გამოდი, შე სამშობლოს მტერო. აი, თქვენი ევროპა და დასავლეთი, აი ასე დაიწვებით ყველა და გაეთრევით საქართველოდან. ამას გპირდებით ქართველი ხალხი... ამ ნაგავმა, რა გაბედა... ძალიან მალე, აქ დავდგებით ჯარი, ამას გპირდებით ორი ქალი და ძალიან მალე ამას აქედან გავაბუნძულებთ. ეს ქალი არის ქვეყნის მოღალატე“.
დროშის დაწვის სცენა და ორბელიანის სასახლესთან მოწყობილი ორკაციანი აქცია ფეისბუკის ლაივით გადაიცემოდა, როდესაც მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა:
საპატრულო პოლიცია: დროშა დაწვით თქვენ?
ხატია ჯანაშია: კი დავწვი!
პროტესტის მონაწილე მეორე ქალი: ევროპის დროშა დავწით და ჩავუგდეთ, კი ბატონო, დავწვით და ჩავუგდეთ. რაც არის ჯარიმა გამოწერეთ.
ხატია ჯანაშია: ვისი აგენტიც ბრძანდება, იმის დროშა დავწვით, ვისი დავალებითაც მოქმედებს, იმის დროშა დავწვით და რა ჯარიმაც გინდათ, ის გამოწერეთ“...
საპატრულო პოლიცია: დროშა დაწვით და რას აპროტესტებთ?
ხატია ჯანაშია: ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყნის გენოციდის მომწყობი გვარამია შეიწყალა დღეს, ამ ქვეყნის მოღალატემ.
პროტესტის მონაწილე მეორე ქალი: ახლა გავიგეთ და გამოვვარდით უცებ სახლიდან და ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით.
ხატია ჯანაშია სამართალდამცავებმა ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.
ჯარიმის ქვითარი მალევე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში „პოსტივის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ და სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ამ 1000 ლარს ჩვენ საზოგადოება გპირდებით, რომ ძმრად ამოგადენთ!“
პრეზიდენტის ბრიფინგიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც პრეზიდენტს არანორმატიული ლექსიკით მოიხსენიებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებით „ეგენი კანდიდატის სტატუსს ჩვენ არ მოგვცემენ“, ხოლო პრეზიდენტი „თავს ვერ გაიმართლებს“.
“ერთი არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი... უკან დამხევის დედაც მ...ნ. ყველა რესურსის გამოყენებით აგღრიცხავთ. ერთხელ და სამუდამოდ გავწმენდთ საქართველოს”, - წერს დიტო სამხარაძე, „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული არანორმატიული ლექსიკითა და აგრესიით გამოირჩება.
„ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველები“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. ის ამბობს, რომ პრეზიდენტმა დიდი დარტყმა მიაყენა საკუთარ იმიჯსა და ღირსებას:
„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია“.
ფაქტობრივად, ანალოგიური მესიჯი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძესაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, როდესაც იმედს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს არ შეიწყალებდა. და თუ შეიწყალებდა, მაშინ, ის თავად დაეთანხმებოდა მის მიმართ გამოთქმულ გვარამიას ეპითეტებს:
„გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გავიხსენებ, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება".
დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან აგრესიის სამიზნედ იქცეს, რასაც მისი თქმით, ადასტურებს კიდეც წუხანდელი ღამე.
ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეაქციები, რომლებსაც ის ბოლო საათებია ისმენს და უყურებს, ამის რეალურ საფრთხეს აჩენს და თვლის, რომ მეტად უნდა გამკაცრდეს პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ზომები:
„თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. არ ვიცი, ეს ფიზიკურად იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ არა, თუ სიტყვიერად, მაგრამ რასაც ვუყურებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, კვერცხებს ესვრიან ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს თავდასხმები სავსებით შესაძლებელია რომ იყოს. ამიტომ დავიცავ ყველანაირად. გვერდით დავუდგები, თუ სიტყვიერად, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. ხომ ეუბნებოდნენ, წითელი ხაზები არ გადაკვეთოსო... არ ვიცი, შეიძლება ელოდნენ მისგან ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ეტყობათ, რომ ძალიან დაბნეულები არიან. მე მაინც ვიფიქრებდი დაცვის გამკაცრებულ ნორმებზე, რადგან ფაქტია, რომ შესაძლოა, ვინმე დახვდეს, რაიმე ესროლოს. წარმოუდგენელი შეურაცხყოფა ვისმინეთ და ვისმენთ დღესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან“.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აქცენტს აკეთებს იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც დღეს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამცავ მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება და ამბობს, რომ თითოეული ამ მოქალაქის და მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელიც მისი თქმით, ხშირად, სწორედ თავადაა აგრესიის წამქეზებელი და მაპროვოცილებელი.
ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია საშუალებები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ადამიანებს, ამით, აგრესია დათესონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რაც შემდეგ, არც თუ იშვიათად, კვერცხისა თუ ქვის სროლაში გადაიზრდება:
„ეს ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულნი, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეგვეშინდეს, შევცვალოთ ყოველდღიური ყოფა. ხელისუფლების ხელშია ამ ადამიანების უსაფრთხოება. თუკი რაიმე საფრთხე აქვს პრეზიდენტს 22 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების გამო, მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან სწორედ მათი მხრიდან მოდის ეს ბინძური პროპაგანდა და განცხადებები. ისინი ქმნიან განწყობებს საზოგადოებაში და ჩვენ ალბათ წინასწარვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა“.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პირველია დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების იმ ჩამონათვალში, რომელსაც დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.
გეგმავს თუ არა დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის ზომების გამკაცრებას, ამ კითხვაზე პასუხი უწყებისგან ვერ მივიღეთ.
სალომე ზურაბიშვილის 22 ივნისის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებითი ნაბიჯი უწოდა.
ამავეს იმეორებს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: „პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოების პოლარიზაციისა და გახლეჩის შემცირებისთვის...ეს იყო პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რაც მან, დარწმუნებული ვარ, სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით გამოიყენა"
"პატივისცემა, თქვენო აღმატებულებავ!" - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ტვიტერზე.
ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა არაერთი საერთაშორისო მედია-ორგანიზაცია, მათ შორის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: „ამ გადაწყვეტილებას ელოდა საერთაშორისო საზოგადოება“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.
სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტის გავლენას დეპოლარიზაციის პერსპექტივაზე, სკეპტიკურად უყურებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც 23 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოუტანია, ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების ვერცერთი მოტივი ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნებოდა".
23 ივნისის საღამოს მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსდა ორბელიანის სასახლესთან. მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ხატია ჯანაშია, რომელიც 22 ივნისს პოლიციამ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააჯარიმა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღშფოთებულ საზოგადოებას ათონელზე მისვლისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.