ხელისუფლების ოპონენტებს შემაშფოთებლად ეჩვენებათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივად არის წარმოჩენილი. საგანგებო დისკუსია გამოიწვია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ.
პარალელურად, „ოცნების“ მომხრეები, ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფების წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებენ და სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა რუსეთთან დაახლოებასა და მათ შორის - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე გადის.
„მერე სხვა დანარჩენი“
„ევროინტეგრაციის ალტერნატივაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ეს რაღაც ახალი, ძალიან საშიში და მავნებლური ნარატივია შემოტანილი ქართულ სივრცეში“, - ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, 30 მაისს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ გენმდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი გაიხსენა.
ორიოდე დღის წინ, კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის საკითხი კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, მაგრამ უპირატესია იმავე კონსტიტუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ჩანაწერი.
„ეს "მაგრამ" რას ნიშნავს?“, – დაინტერესდა დეპუტატი ბუჩუკური და იქვე დააკონკრეტა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არის შესაძლებელი და „რუსეთის იურისდიქციის გაფართოების“ ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
კალაძის მსგავსი განცხადება 30 მაისს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ განაყოფის, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ „ღირსეულად და მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მეტი მიზანი და ამოცანა დღეს ქვეყანას არ აქვს - დანარჩენი არის ყველაფერი დანარჩენი“.
დეპუტატმა ხუნდაძემ სპეკულაცია უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსენებას [რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების კონტექსტში]. „ჩვენ გვისვამენ კითხვას - რას ვეუბნებით ანწუხელიძეს და მისი ოჯახის წევრებს, დევნილებს და დაღუპულ გმირებს. ვეუბნებით, რომ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ვცდილობთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ ღირსეულად და მშვიდობიანად, რისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს“, - თქვა მან და ამავე გამოსვლის დროს კვლავ გაიმეორა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელოვან საკითხს ხელისუფლება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს და მომავალში უკვე, ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების ინიციირებასაც არ გამორიცხავენ.
„ეს იქნება შემდეგი: საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე, სამაგიეროდ დაიწყება ვითომ ე.წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც მთავარი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და აწ უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. მისი თქმით - „პუტინის მთავარი მიზანი არის ის, რომ მას არ სურს იხილოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც იგი მიიჩნევს უპირობოდ თავის საკუთრებად“.
პრორუსული ჯგუფები - რა იგეგმება?
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და მათ შორის - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ღიად პრორუსული ჯგუფები ლაპარაკობენ; მანამდე სწორედ მათ დაიწყეს დისკუსიები და მოსკოვთან კომუნიკაცია რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ.
იმართებოდა ფორუმები, იყო სპეციალური მიმართვებიც მოსკოვისა და თბილისის მისამართით, რაც ბოლოს პუტინის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დასრულდა.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა - „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელი, საქართველოში რუსეთის ინტერესების ლობირებით გამორჩეული დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ხშირად სტუმრობდა რუსეთს, ხვდებოდა, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებს და 19 მაისს, მოსკოვიდან თბილისში რუსული თვითმფრინავის პირველ რეისსაც ჩამოჰყვა.
ლორთქიფანიძემ ბოლო დღეებშიც არაერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შედის საქართველოს ინტერესებში და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს - „არა ყბადაღებული ევროკავშირის ფასილიტაციით“, არამედ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით. არ აკონკრეტებს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ნიადაგის მომზადება დაწყებულია.
„არ მინდა ვინმეს დასახელება. დადგება დრო და უკვე პერსონიფიცირებასაც მოვახდენთ - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რამდენად პატრიოტულია მათი, მისი ზრახვები... დღეს თუ ასეთი შესაძლებლობის ფაქტის წინაშე ვდგავართ და შეიძლება დავდგეთ, რომ პირდაპირმა დიალოგმა, მათ შორის აფხაზებისა და ოსების ჩართულობით, ჩვენი მეგობრების თანდასწრებით [დაასახელა აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი - რ.თ.] მოგვიტანოს შედეგი, ამას თუ ევროკავშირი, აშშ, ავსტრალია და მთელი სამყარო წინ აღუდგება, მე არ მეგულება საღად მოაზროვნე ერთი ქართველიც მაინც, რომელიც უარს იტყვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, დევნილთა უკან დაბრუნებაზე და საქართველოს ძლიერებაზე - მის ეკონომიკურ მდგრადობაზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ პრორუსული მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთ გადაცემაში.
და რის ფასად ეს ყველაფერი?
„[იმპერიის მიერ] ტერიტორიების დაბრუნება ასე მარტივად არ ხდება, საჩუქრად ტერიტორიებს ასე მარტივად არავინ დააბრუნებს... ეს ან რაღაცის სანაცვლოდ უნდა მოხდეს, ანდა დეკოლონიზაციის პროცესის შედეგი უნდა იყოს - როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად მოხდა მთელს მსოფლიოში... მაგრამ მაშინდელი და დღევანდელი სამყარო რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოსგან აუცილებლად მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ხოლო „2022 წლის 24 თებერვლის [უკრაინაში რუსეთის შეჭრის] შემდეგ ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა შეუძლებელი გახდა“.
თავად დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გახმოვანებული გეგმით კი, საქართველოს მოუწევს რუსეთის ინტერესების გატარება, მათ შორის - პოლიტიკური „რეინტეგრაციის პროცესში“ ჩართვა, „უარს ვერ ვიტყვით“ „3+3 ფორმატში“ რუსეთთან ერთად გაწევრიანებაზე და სხვა.
ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთისგან ვერასოდეს მიიღო სასურველი - მიუხედავად იმისა, რომ:
- საქართველო 1994 წლიდან რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შემადგენლობაშიც იყო, თითქმის 15 წლის განმავლობაში;
- 1994 წელს საქართველო ასევე შეუერთდა რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას;
- 1995 წელს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას და იყო კიდევ სხვა, არაერთი დათმობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოსკოვი თბილისს საჯაროდ არასდროს დაჰპირებია. პირიქით, როდესაც პუტინი და სხვა უმაღლესი თუ მაღალი თანამდებობის პირები ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებს (საკმაოდ ხშირად) ხვდებიან, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის დაცვის პირობასაც დემონსტრაციულად დებენ. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი კი ხშირად შეახსენებს კრემლს, რომ საქართველოს ეს რეგიონი, ადრე თუ გვიან, რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.
„ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის, ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების ფონზე, თავიდანვე ლაპარაკობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის „ილუზორული იმედის“ გაჩენის მოლოდინზე, რასაც რუსეთი, სინამდვილეში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს:
„[რუსეთი] იტყვის, რომ თითქოს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რაღაცებს დაარეგულირებს, რაღაც წინსვლა იქნება... იტყვიან - თუნდაც რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამაზე [ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე], ეს ცოტაა?! მერე გეტყვის - ამ პრობლემის მოგვარებას წლები უნდა... და სანამ ეს წლები გავა, აღმოჩნდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისგან აღარაფერი დარჩება“.
ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს ასევე 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც კრემლის პოლიტოლოგები აღნიშნავდნენ, რომ „საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებით, მთელი საქართველოს უკან მიღება იქნებოდა შესაძლებელი“.
ამ შინაარსის განცხადებებით გამოირჩეოდა - ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი, უკრაინასთან რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი - ალექსანდრ დუგინი.
ახლო წარსულში, მათ შორის - პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში, საქართველოს ტერიტორიების დაკავების მიმართ ინტერესს დუგინი რუსეთის იმპერიალისტური ბუნებით ხსნიდა.
- „2008 წელს რუსული ტანკები თბილისამდე რომ ჩასულიყვნენ, სიტუაცია დიდად განსხვავებული არ იქნებოდა დღევანდელისგან, მაგრამ მთლიანი იქნებოდა საქართველო... არ ღირს რუსეთის ოკუპაციის დემონიზება“, - დუგინი, 2020 წელი;
- „საქართველოს უნდა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... და ვის შეუძლია მისცეს მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება, თუნდაც თეორიულად?! რა თქმა უნდა, არა - ვაშინგტონს. გასაღები რუსეთის ხელშია... რუსეთს შეუძლია დაუახლოვდეს საქართველოს გეოპოლიტიკურად ისევე, როგორც ეს იყო ისტორიული ეპოქების არაერთ ეტაპზე“, - დუგინი, 2021 წელი;
- „არ არის აუცილებელი, საქართველო პრორუსული იყოს... მაგრამ უნდა იყოს დამოუკიდებელი დასავლეთისგან, ამერიკისგან, არ იყოს ნატოს წევრი, იყოს ბაიდენისა და გეი ქორწინებების გარეშე... აი, იყოს უბრალოდ პროქართული საქართველო - ასეთი ჩვენ სავსებით გვაწყობს და დაიწყებოდა ტერიტორიული საკითხების მოგვარებისკენ მიმართული დასაახლოებელი დიალოგი“, - დუგინი, 2021 წელი;
- „საქართველოს სჭირდება თუნდაც პატარა, სიმბოლური პოლიტიკური ჯგუფი, ანდა იდეოლოგიური ჯგუფი, რომელიც იტყვის - ხელში ვიღებთ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დროშას... და თან ვიცით - ვინ შეიძლება აქციოს საქართველო ასეთად... ბოდიში და ეს მოსკოვია... გარწმუნებთ, რუსეთი თქვენ მიგიღებთ ასეთს, შეიძლება არა უცბად და არა ყველა, მაგრამ მიგიღებთ“, - დუგინი 2021 წლის თებერვალში.
ფეისბუკის საჯარო დისკუსიებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეეები, რომლებიც იყენებენ ლოზუნგებს - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებენ და ამის მისაღწევად რუსეთთან შემდგომი დაახლოების პოლიტიკას ემხრობიან.
უარი ნატოზე?
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა „მოსკოვის მესიჯები“ ამოიკითხეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში, 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი ტვიტერში წერს, რომ „ქართული ოცნება“ „აღარ მალავს პუტინიზმს“ და „დროა დასანქცირდნენ ივანიშვილი და სხვები. მათ საკუთარი ქვეყანა კრახისკენ მიჰყავთ. ღარიბაშვილი, ასე საუბრისას, ვიღაცის გავლენის ქვეშაა... და ეს ნამდვილად არ არის ქართველი ხალხი“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს“, - დაწერა ტვიტერზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა. მისი შეფასებით, „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იქცა აგრესორის რუპორად“ და „დასავლეთმა ურთიერთობებში თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს“. ხოლო ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები ტვიტერზე ორი რუსული სიტყვით შეაფასა - Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი!).
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ, საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ვრცელი განმარტებების გაკეთება მოუწევს ბრიუსელში, როცა ის 31 მაისს ევროპარლამენტარების წინაშე წარდგება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრატისლავაში საუბრისას, ნატოს გაფართოება და ალიანსისკენ უკრაინის სწრაფვა დაასახელა.
კრიტიკის ფონზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს მოჰყვა, საქართველოში თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 30 მაისს, ჟურნალისტებს უთხრა , რომ „რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება“, „იბრძვის ამის წინააღმდეგ“ და „ამ ყველაფერთან თანხვედრაშია მისი [რუსეთის] საოკუპაციო მიზნები“.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნატოსთან მიმართებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაარსობრივად თქვა იგივე, რაც მანამდე კახა კალაძემ - ევროკავშირთან მიმართებით და ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ვალდებულებებზე უარის თქმის ტოლფასია.
„პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ? მოლდოვაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დნესტრისპირეთში და რატომაა ჯერ კიდევ ოკუპაციის პრობლემა ამ რეგიონში? ასევე უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ვაჭრობაზე ათქმევინა უარი“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე - გიგა ბოკერია და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „მტრის ცრუ არგუმენტების“ გამეორებას „საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატად“ აფასებს.