პარლამენტის წევრი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის საფრთხედ წარმოაჩენს. მან ამ ანტიევროპული განცხადების გასაჟღერებლად პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა.
"როგორც იკვეთება, ჩვენ შესვლამდე მათ ჩვენი ხელისუფლება ამ სახით არ აწყობთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება შეცვალონ და ამ მიზეზით შეიძლება ეს სტატუსი არ მოგვანიჭონ. ფიქრობენ, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი იყოს და ეს ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან მათ არაფერი დარჩათ, რომ საკუთარ საწადელს მიაღწიონ", - თქვა დეპუტატმა.
ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და დამონება დაარქვა ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთობლივ დემარშს, რომელიც საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო გუშინ, 29 მაისს, მიიღო.
"როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ხომ არ დადგა დრო, მოჰკითხოთ მათ, როგორც ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც პატივს სცემენ ქვეყანას და თავის თავს, მიუთითონ დიპლომატებს, იყვნენ თავის ადგილას და გააკეთონ ის, რაც მათ ევალებათ.
დღეს, როდესაც ჯერ კიდევ არ გვაქვს სტატუსი, როგორ უნდათ ჩვენი დამონება. წარმოიდგინეთ თქვენ, სტატუსი მოგვანიჭეს და რა ზეწოლა იქნება ჩვენს ხელისუფლებაზე! ეს არაფერი, მოგვანიჭონ და ჩვენ ამ ზეწოლას ღირსეულად გავუძლებთ. უფრო სწორად, ღირსეულად შევალთ ან ღირსეულად არ შევალთ ევროკავშირში", - თქვა ინჯიამ.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს გუშინ, 29 მაისს, დემარში გამოუცხადეს.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.