Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა - ღარიბაშვილი უსაფრთხოების ფორუმზე


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნება "ძალიან დიდი შეცდომა". ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის არმინიჭება გასულ წელს იყო გზავნილი რუსეთისთვის.

"მე მგონი, ეს იყო უსამართლო, ეს იყო ნამდვილად დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. მაგალითად, რა გზავნილია ეს რუსეთისთვის? ე.ი. ჩვენ, ევროპელები, ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას ორჯერ-სამჯერ სჯობს... საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მას დაუსვეს დამაზუსტებელი კითხვა, რას გააკეთებს ქვეყანა, თუ სტატუსს ვერ მიიღებს.

"ეს თუ ასე მოხდა, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა იმ რეფორმით, განვითარებით და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის "ასოცირების ტრიოში" თავისი მუშაობით ნომერი პირველი, იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა", - უპასუხა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასრულებს პოლარიზებას საქართველოში.

"თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ შემდეგი GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG