Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, დე ფაქტო სანქციების დაწესება იქნებოდა ტექნიკური საკითხების გამო ავიარეისებზე უარის თქმა


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მან ილაპარაკა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის დე ფაქტო სანქციების დაწესებას არ აპირებს.

„პირველ რიგში, მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისათვის, რომ მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. თუმცა აქვე, ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არანაირი თანხმობა არც პოლიტიკურ და არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა.

თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც საქაერონავიგაციამ და აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გასცეს [ნებართვა], ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველო არ აწესებს, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მის მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას, ჩვენ არ ვაპირებთ", - თქვა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა აქცენტი გააკეთა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელზე.

„მინდა შევახსენო ყველას ელემენტარული სტატისტიკა, როდესაც ჩვენ გვსაყვედურობენ: 2022 წელს ევროკავშირის და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, ანუ დღეში ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთთან ვაჭრობენ 700 მილიონ ევროს. რაც არის ევროკავშირის 4 დღის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, იმას ვაჭრობს საქართველო [წლის განმავლობაში] რუსეთთან. ასეთი საკითხები როდესაც არის თვალსაჩინო და ხელის გულზე, ჩვენ არ ვართ მოწოდებულები, რომ საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. თუკი რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან (ხაზგასმით ვამბობ) ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხი არის პრინციპული - ჩვენ სანქციების დაწესებით, არც დე ფაქტო და არც რეალურით, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ, მართალია, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება, "მაგრამ ის ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან". "ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

XS
SM
MD
LG