მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. პროკურორ დავით პაპავას თანახმად, არსებობდა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან მათი ნაწილი ბრალდებულების ნათესავია.
- ბეჟან ჭკადუას ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას თქმით, არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - ამიტომ მოითხოვა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.
- რევაზ პაკელიანის ადვოკატის, ვახტანგ გაბედავას თქმითაც, არასაკმარისია წარდგენილი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან მოითხოვა 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება.
პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, 5 იანვარს ბრალდებულებმა დააყაჩაღეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ზუგდიდიდან მესტიაში მიდიოდნენ. კერძოდ, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთი მათგანი - ვიქტორ სოლოვიოვი - რევაზ პაკელიანმა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. პროკურორის სიტყვებითვე, ბრალდებულებმა სოლოვიოვს თავისუფლება აღუკვეთეს, მოგვიანებით კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მისი ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
სასამართლო სხომაზე რევაზ პაკელიანის ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვა. მათ შორის ისაუბრა, რომ დაზარალებულები ნარკორეალიზატორები იყვნენ, მათ ტელეფონში ინახებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის კადრები და სწორედ ამ თემას მოჰყვა დაპირისპირება.
„ჩვენი ინფორმაციით მობილური ტელეფონი სწორედ დაზარალებულის განადგურებულია, რადგან შეიცავდა ინფორმაციას უმძიმეს დანაშაულზე...რატომ არ კითხულობთ რა იყო იმ მობილურ ტელეფონში? პაკელიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ვითხოვდიო, მომაწოდე ტელეფონი და მაჩვენე სად დადე ეს ნარკოტიკიო“, - აღნიშნა ადვოკატმა სხდომაზე. პროკურორის შეკითხვას - „და მაშინ რატომ ვესროლეო?, იმიტომ რომ არ მაჩვენა ტელეფონიო?“, ბრალდებულმა რევაზ პაკელიანმა აღიარა გასროლის ფაქტი და თავად უპასუხა: „თავს ვიცავდი-ო“.
ადვოკატმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუმარტა თუ რას გულისხმობდა, დაზარალებულების მხრიდან ნარკოდანაშაულზე საუბრისას. მისი სიტყვებით, სავარაუდოდ გარდაცვლილი მამაკაცის და დაზარალებული ქალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას.
„საქმის მასალები გვაძლევს ამის თქმის საფუძველს. თუნდაც ის ნაწილი, რომ დაზარალებული ქალი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მათ მობილურები წაართვეს. სინამდვილეში მობილურები ისევ დაზარალებულის განადგურებულია. ვინაიდან ის შეიცავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას დანაშაულზე. ხომ არ იტყვის მე გავანადგურეო?, ამიტომ აბრალებს ბრალდებულებს, მათ წამართვესო“, - განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.
პროკურორი დავით პაპავა კი ირწმუნება, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია დაკავებულების დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისი სიტყვებით, მათ შორის არის რევაზ პაკელიანის პისტოლეტი, რომლითაც მოხდა გასროლა. ასევე ვაზნა და მობილური ტელეფონი, რომელიც არის „დამწვარი და განადგურებული“.
დავით პაპავას თქმითვე, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებული ქალის ჩვენებაც, სადაც ადასტურებს, რომ ამოიცნო პირი, ვინც ესროლა ვიქტორ სოლოვიოვს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ნარკოტიკული საშუალებების გამო მოხდა აღნიშნული ქმედების განხორციელება ბრალდებულების მხრიდან, მოცემულ მომენტში მსგავსი გარემოებები არ არის გამოკვეთილი. მიმდინარეობს გამოძიება და ყველა ვერსია იქნება გადამოწმებული“, - აღნიშნა მან.
ბრალდებულ რევაზ პაკელიანის განმარტებაზე, რომ ის თითქოს თავს იცავდა და ამ მიზნით გაისროლა, პროკურორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ იკვეთება გარემოებები, რომელიც თავდაცვის აუცილებლობას მოითხოვდა.
დავით პაპავამ ასევე დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ვიქტორ სოლოვიოვს ჰქონდა დანა, რომელიც ბრალდებულმა ბეჟან ჭკადუამ „ეგრევე ამოაცალა ჯიბიდან“.
დღესვე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ცალკე განიხილა რევაზ პაკელიანის სხვა საქმე. გაირკვა, რომ პაკელიანს დაკავების შემდეგ, პოლიციამ აღმოუჩინა მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - მეთადონის შემცველი სითხე, რაც ბრალდებულმა დაადასტურა. რევაზ პაკელიანმა თქვა, რომ დაკავებისას თან ჰქონდა ბოთლი, სადაც “ჩარჩენილი იყო რამდენიმე წვეთი მეთადონი”. მოსამართლემ პაკელიანს ამ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ორივე ბრალდებული ადრე ნასამართლევია ნარკოდანაშაულისთვის, საიდანაც სასჯელის ნაწილი მოხდილი აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამჟამად იმყოფებიან პირობითი მსჯავრის ქვეშ.
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცსა და მის პარტნიორ ქალს თავს 5 იანვარს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში 6 იანვარს იპოვეს. პოლიციამ 1986 წელს დაბადებული რევაზ პაკელიანი და 1992 წელს დაბადებული ბეჟან ჭკადუა დააკავა.
დაკავებულებს ბრალი 8 იანვარს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).
არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, „მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო“. ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა.
„გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი“, - ასე გაიხსენა მოკლული კაცის პარტნიორმა ქალმა დანაშაულის დეტალები.
ფორუმი