Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, მესტიაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, დაკავებულია ორი პირი


სოფელ ნაკრაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
სოფელ ნაკრაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

შსს-ს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში იპოვეს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომლის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობდა. მასზე და მის პარტნიორ ქალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.

უწყება აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და "დანაშაულის დაფარვის მიზნით", ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების [სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე] მუხლებით.

დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალი სოციალურ ქსელში ჰყვება, რომ ორი შეიარაღებული ადამიანი პისტოლეტის მუქარით მათ მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მანამდე გზა გადაუღობეს.

არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს "სუბარუს" მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, "მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო". ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა.

"გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი".

ალინას სიტყვებით, გარკვეული დროის შემდეგ ორი გასროლის ხმა გაიგონა - "ვერ ვხედავდი საით და ვიქტორიც არ დამინახავს".

"ეს ამბავი შეგვემთხვა მე და ჩემს თანამგზავრ ვიქტორს. ჩვენ გვქონდა სამი ტელეფონი, ორი ვიტიას და ერთი - მე. მისი ტელეფონები გამოსაჩენ ადგილას იყო და მაშინვე წაიღეს, ჩემი დავმალე და ჩემთან ძებნა აღარ დაუწყიათ, მხოლოდ პისტოლებით მემუქრებოდნენ, რომ ტელეფონი მიმეცა. პრეტენზიის არსი მათ შორის საუბრიდან მესმოდა, „რატომ იდექით გვირაბში და ფოტოებს რატომ გვიღებდითო“. ვიქტორმა დანის ამოღება მთხოვა, ვინაიდან ეს ვითარება უცნაურად მოეჩვენა, რადგან მთელი გზის განმავლობაში ხან გადაგვისწრებდნენ, ხან განაპირას ჩერდებოდნენ, რაღაცამ დააეჭვა, მით უმეტეს, როცა გაჩერდნენ და ავტომანქანით გზა გადაგვიღობეს... ეს იყო ჩვეულებრივი დასაკეცი დანა, რომელიც მანქანის სათავსოში გდია ყოველი შემთხვევისთვის. არავინ გადასულა და დამუქრებია დანით, მან ის თავისივე უსაფრთხოებისთვის აიღო, საფრთხის შემთხვევაში თავი რომ დაეცვა. საშინელება მოხდა. უბრალოდ ორი საშინელი ადამიანი [იყო], ვინც ეს ჩაიდინა. პოლიციას ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ყველა ფოტო და ვიდეო, ყველა გეოლოკაცია, უამრავი ადამიანი მუშაობს იქ", - წერს ალინა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე კომენტარებში.

რუსეთის მოქალაქე წყვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მოგვიანებით ავტომობილი ადგილზე ნახეს, ქალი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG