Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად „ქართული ოცნების“ მთავრობაში მიწვევა არავის მიუღია


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს. პირველად საქართველოს ისტორიაში არაპირდაპირი არჩევნების გზით, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო კოლეგიას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას პირადი მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.

რეპუბლიკელმა კონგრესმენმა უილსონმა 8 იანვარს დემოკრატ კონგრესმენ სტივ კოენთან ერთად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტი, რაც ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერუ მთავრობის არაღიარებას ითვალისწინებს, თუ ამ კანონს კონგრესის ორივე პალატაში მიიღებენ და თეთრ სახლშიც დაეთანხმებიან. წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ პროექტში ახალ საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების და ამ არჩევნებიდან გამომიდნარე ყველა პროცესის, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, ეჭვქვეშ დგას როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. „აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“ ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს. საქართველოსთან პარტნიორობის შეჩერებამდე ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (არ დაესწრება).

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG