Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრები


სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და ემანუელ მაკრონი (მარცხნივ)
სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და ემანუელ მაკრონი (მარცხნივ)

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაესწრება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. ამის შესახებ მან განაცხადა ახალ ოფისში, სადაც დღეს, 9 იანვარს, ჟურნალისტებს უმასპინძლა.

„ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვიქნები ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე 27 დეკემბერს დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იწვევდა:

„მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე“.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს დებს ფიცს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG