Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​გვინდა თუ არა ომი?​


გია ნოდია
გია ნოდია

კარგად გათვლილი აბსურდი​

„​ქართული ოცნების“ საჯარო რიტორიკა აშკარა აბსურდის და ეფექტიანი პროპაგანდის პარადოქსული ნაზავია. ამის ყველაზე კარგი მაგალითია მანტრა „აბა, ომი გინდათ?“ ეს ფრაზა დღეს ყველაზე მეტად გამოხატავს მმართველი პარტიის პოლიტიკურ იდენტობას. ​

ის ებმება შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის „მსოფლიო მთავრობა“ იყენებს ევროკავშირს, უკრაინის ხელისუფლებას, საქართველოს ოპოზიციასა და შვეიცარიის საბანკო სისტემას, რათა ზეწოლა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მიზნით. ​

თავისთავად, ეს თეორია თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ ბოდვითი აშლილობების კატეგორიაში. მასთან სერიოზულად კამათი უხერხულობას ქმნის, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ბოდვის ბევრმა გამავრცელებელმაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს. პრობლემა სხვაგანაა: „ოცნების“ ფანტაზია ჯდება წინასწარ გათვლილ პროპაგანდისტულ ნარატივში, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს. მისი აბსურდულობა არ გამორიცხავს, რომ ის ჭკვიანი ადამიანების მიერაა გათვლილი.​

„აბა, ომი გინდას“ რიტორიკას შეიძლება დავუკავშიროთ მთავარი მიზეზი, რის გამოც ზოგადად პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ამავე დროს იწონებს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას: თუ ალტერნატივა ომია, თუნდაც ცუდი ხელისუფლება უნდა შევიწყნაროთ.

ოპოზიციამ (ამ შემთხვევაშიც) არ იცის, რა ქნას​

ოპოზიციამ (მასში ვგულისხმობ „ოცნების“ ყველა კრიტიკოსს და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს) არ იცის, რა დაუპირისპიროს ამ ნარატივს; ფაქტობრივად, ის თავს არიდებს ამ თემის განხილვას და მკაფიო და ცალსახა პასუხს არ სცემს ცენტრალურ კითხვას: გვინდა ომი თუ არა? მაგრამ თუ ის ამას არ გააკეთებს, არ უნდა გაუკვირდეს, რომ წაგებული დარჩება. ​

ოპოზიციის სტრატეგიაა ხელისუფლების დაცინვა და, ამავე დროს, მისთვის „მოღალატის“ ძახილი. ვაღიარებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა გაბაიბურების დაუძლეველი სურვილი მეც ხშირად მექმნება. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ნაზირ-ვეზირები საკუთარ პირად თუ ჯგუფურ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ანაცვალებენ. მაგრამ ამით იმას ვაღიარებ, მეც შევდივარ „ბაბლში“, ვისთვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია. ხელისუფლება მის არსებობას თავისთვის დიდ საფრთხედ არ განიხილავს: როგორც ბევრჯერ გვითქვამს, „ბაბლის“ მიღმა გასვლაა საჭირო.

რატომ მუშაობს „აბა, ომი გინდა“?​

„აბა, ომი გინდას“ ნარატივი გათვლილია ადამიანისთვის ყველაზე ძირეულ, მშვიდობისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებაზე. დასავლური პოლიტიკური მეცნიერების დამფუძნებელმა მამამ, თომას ჰობსმა, თავისი თეორია სწორედ ამაზე ააგო: ადამიანები იმიტომ ემორჩილებიან ხელისუფლებას, რომ სანაცვლოდ უსაფრთხოებას იღებენ. ადამიანებს ბევრი სხვა რამეც უნდათ, მაგრამ თუ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორისაა, უმრავლესობა მშვიდობას მიანიჭებს უპირატესობას.

ჩემი აზრით, ეს ხსნის ჩვენი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგს, რაც ბევრმა პარადოქსულად მიიჩნია. ჩვენს თანამემამულეთა ნაწილი ომში ცალსახად უკრაინის მხარესაა, დასავლეთში ინტეგრაცია უნდა და თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ, ამავე დროს, იწონებს ხელისუფლების ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას. რანაირად?​

სინამდვილეში, ეს განწყობები ფსიქოლოგიურად თავსებადია. უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ისევე როგორც ხელისუფლებით ზოგადი უკმაყოფილება რეალურია, მაგრამ როცა ჩვენს სამეზობლოში სისხლიანი ომი მიმდინარეობს და ადამიანებს ეშინიათ, რომ რაღაც ასეთი ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს, ისინი პრიორიტეტს მშვიდობის შენარჩუნებას ანიჭებენ. ხელისუფლება ოსტატურად მანიპულირებს ამ გრძნობით: მან თავი წარმოადგინა „მშვიდობის პარტიად“, რომლის ყველა კრიტიკოსი, ავტომატურად ომის მომხრე გამოდის.

ცხადია, ეს მანიპულაციაა და ლოგიკურად ადვილად საბუთდება, რომ ხელისუფლება ტყუის. მაგრამ ეს საკმარისი არაა: ადამიანებს ისიც გარკვევით უნდა უთხრა, რა იქნებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი პოლიტიკა? ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, კონკრეტულად რას გააკეთებდა? იქნებ მართლა კარგი მომენტია, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ? თუ უფრო მკვეთრად პროუკრაინულ პოზიციას დავიკავებთ, რამდენად დიდია ალბათობა, რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგაც გამოიყენოს ძალა? შეგვიძლია თუ არა, ისევე თამამი ვიყოთ ყველაფერზე წამსვლელი რუსეთის მიმართ, როგორც ქვეყნები, ვისაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს? „ბიძინა მოღალატეას“ ხშირი განმეორება ამ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხებს ვერ ჩაანაცვლებს.

გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიების არმქონე ადამიანების თვალში (ასეთი კი უმრავლესობაა) დილემა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ერთ მხარეს დგას პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობა, რომლის მთავარი მიზანია, მშვიდობა შეინარჩუნოს, ანუ ქვეყანა რუსეთის აგრესიას გადაარჩინოს; ამისთვის ის დათვს ბაბაიას ეძახის, რუსეთის გულის მოგებას ცდილობს და მასთან ურთიერთობის გამწვავებას მაქსიმალურად გაურბის, თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე. მეორე მხარესაა ოპოზიცია, რომელიც მაღალ მატერიებზე (ღირსებაზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე, ევროპულ ღირებულებბზე) ლაპარაკობს, მაგრამ გაურბის კითხვას, ხომ არ გაზრდის ასეთ პრინციპებზე აგებული პოლიტიკა ომის საფრთხეს. რომელი უფრო მიმზიდველია რიგითი ადამიანისთვის? ვშიშობ, ასეთ განლაგებაში ოპოზიცია წაგებულია. ​

როგორი უნდა იყოს სწორი პოზიცია?​

რა არის სწორი პასუხი აღნიშნულ კითხვებზე? „სწორში“ არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურად მომგებიანს: სწორი ისაა, რაც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ, გარდა ხელისუფლების თუნდაც სამართლიანი ლანძღვა-დაცინვისა, უნდა გაბედოს იმ რეალურად რთულ დილემებზე ფიქრი და საუბარი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უდგას. ამ დროს, უნდა დაძლიო შიში, ვაითუ რაღაც ისეთი წამოგცდეს, რაც, შემთხვევით, მთავრობის გზავნილებს დაემთხვევა.

არ მაქვს პრეტენზია, რომ სწორი პასუხები ჯიბეში მიდევს, მაგრამ გარკვეულ, ჩემი აზრით, ამოსავალ დებულებებს ჩამოვაყალიბებ. პირველი სიცხადე იმაშია, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ამოდიოდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან - ისევე, როგორც ამას აკეთებს უკრაინა ან დასავლეთის ქვეყნები. ცხადია, დასავლეთის პოზიციაში დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურ ფაქტორს: ის იმიტომ ეხმარება უკრაინას, რომ სიმართლე ცალსახად მის მხარესაა. მაგრამ, ამავე დროს, მისი დახმარების მასშტაბი და მეთოდები მისი საკუთარი ინტერესების გააზრებასაც უკავშირდება: ის არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მის სასიცოცხლო ინტერესებს ეჭვის ქვეშ დააყენებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს არა იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს უპირატესობას ანიჭებს აბსტრაქტულ პრინციპებთან შედარებით, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. რატომ აკეთებს ის ამას - რუსეთის ზეწოლით, ბიძინა ივანიშვილის პირადი გამორჩენის, თუ ვითარების არასწორი შეფასების გამო, მეორეხარისხოვანია.

საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა ნიშნავს არა ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას, როგორც ხელისუფლება გვეჩიჩინება, არამედ პირიქით, ის მისი დაცვის ყველაზე სარწმუნო გარანტიაა. პატარა ქვეყანა მოკავშირეების გარეშე ვერ იარსებებს; ჩვენს შემთხვევაში მოკავშირე დასავლეთია, რეგიონში კი - უკრაინა. მათთან ურთიერთობის გაფუჭება პირველ რიგში იმიტომაა ცუდი, რომ ეს ჩვენს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მაგრამ ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უკრიტიკოდ მივიღოთ ყველაფერი, რასაც ევროპა გვეტყვის. ​

ამავე დროს, არსებულ ვითარებაში, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობის შენარჩუნება, ანუ რუსეთთან ომის თავიდან აცილება. როცა „ოცნება“ ამას თავის პრიორიტეტად ასახელებს, ამაში ვერ შეედავები. ის იმაშიც მართალია, რომ საქართველოს პოლიტიკა ვერ იქნება იმ ქვეყნების იდენტური, ვისაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს: დიახ, რაღაც საკითხებში ჩვენ მეტი სიფრთხილე და მოქნილობა გვმართებს. ამ პრინციპების ეჭვის ქვეშ დაყენება არსებითად არასწორიცაა და პოლიტიკურად წამგებიანიც. ოღონდ აქედან არ გამომდინარეობს, რომ ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება სიფრთხილით ამართლებს, მართლა ქვეყნის ინტერესებშია.

ცხადია, ხელისუფლება შეგნებულად ტყუის, როცა თავის ოპონენტებს „ომში ჩათრევის“ საიდუმლო გეგმას მიაწერს. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მკაფიო პასუხის არარსებობა მთავრობის ტყუილს საზოგადოების ნაწილის თვალში გარკვეულ დამაჯერებლობას უქმნის.

ერთადერთი რეალური ფაქტი, რასაც მთავრობა თავისი შეთქმულების თეორიის გასამართლებლად იყენებს, არის უკრაინის რამდენიმე ოფიციალური პირის გამონათქვამი, რომლებმაც საქართველოს მომენტით სარგებლობა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ურჩიეს. ცხადია, ეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა, რაც უკრაინის ინტერესებშია. არცერთ ქართულ ოპოზიციურ პარტიას არ უთქვამს, რომ ეს მართლაც კარგი აზრია; მაგრამ ქართული ოპოზიციის დუმილი ამ საკითხზე სახელისუფლებო ნარატივის სასარგებლო აღმოჩნდა (გარდა იმისა, რომ თავისთავად არასწორია). ოპოზიციის წარმომადგენელებს ძალიან მკაფიოდ და მრავალგზის უნდა ეთქვათ, რომ გვინდა მყარი იყოს ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის რისკს შეიცავს, საქართველოს ინტერესებში არ შედის; ამიტომ უკრაინელი ოფიციალური პირების ეს შემოთავაზებები მიუღებელია. ​

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ზოგმა ოპოზიციურმა ფიგურამ, მაგალითად, მაშინ ჯერ კიდევ თავისუფალმა ნიკა გვარამიამ, უკრაინელი ოფიციალური პირების მოწოდებები სოციალურ ქსელში არაორაზროვნად გააკრიტიკა. მაგრამ ერთი-ორი ფეისბუკპოსტი საკმარისი არაა. რაკი ხელისუფლებამ საქართველოს ომში ჩათრევის თემა თავისი მესიჯბოქსის მთავარ ნაწილად აქცია, ოპოზიციასაც სისტემური ძალისხმევა სჭირდება მის გასაბათილებლად.

დაბოლოს, როგორ შეეფარდება ეს ყველაფერი მორალურ ფაქტორს? როგორც უკვე ვთქვი, დასავლეთის პოლიტიკაში მორალური ფაქტორი და გეოპოლიტიკური გათვლა ერთმანეთს ერწყმის ისე, რომ მათ ერთმანეთს ვერ დააშორებ. ჩვენ ობიექტურად სხვა ვითარებაში ვართ: პატარა ერებს ძლიერებზე ნაკლებ აქვთ იმის ფუფუნება, თავიაბთი საგარეო-პოლიტიკური ქცევა სამართლიანობის იდეას შეუთანადონ. ისინი ობიექტურად უფრო მოწყვლადნი არიან და მეტი შანსია, თვითგადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე, მორალურად არასასიამოვნო კომპრომისებზე წასვლა მოუხდეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გმირული თავგანწირვითაც არის სავსე და უაღრესად არასასიამოვნო კომპრომისებითაც: ორივე რომ არ შეგვძლებოდა, აქამდე ვერ მოვაღწევდით.

მაგრამ ახლა ის იღბლიანი შემთხვევაა, როდესაც ისტორიის ნათელ მხარეს დგომა, რაც ამ შემთხვევაში უკრაინელ ხალხთან სოლიდარობას და დასავლელ პარტნიორებთან სიახლოვეს ნიშნავს, ამავე დროს, ჩვენი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვის ინტერესს ემთხვევა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის როგორც მორალურ ღირებულებებთან, ისე ქვეყნის ცივი გონებით გათვლილ ინტერესთან. მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის ცხადი გახდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

XS
SM
MD
LG