Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მ სანქციები დაუწესა სომხეთის კომპანია „მედისარს“


რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფოტოილუსტრაცია
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფოტოილუსტრაცია

ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მორიგ პაკეტში, 80-მდე რუსულ კომპანიასთან ერთად ერევანში დაფუძნებული კომპანია „მედისარიც“ შეიყვანა. აშშ ამ კომპანიებს რუსეთის იარაღისა და სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

2001 წელს დაფუძნებული „მედისარი“ ქიმიური ნივთიერებებისა და ლაბორატორიის მოწყობილობების იმპორტითაა დაკავებული. „მედისარი“ აცხადებს, რომ სომხეთის ამ სფეროში მომუშავე უმსხვილესი კომპანიაა.

კომპანიის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს ვიდეოინტერვიუზე უარი უთხრეს, თუმცა ისე კი განაცხადეს, რომ სომხეთის მთავრობას მათთვის პროდუქციის რუსეთში ექსპორტი არ აუკრძალავს. მათი თქმით, ისინი კანონს ემორჩილებიან და შესაბამის ორგანოებს ყოველთვის აცნობენ, თუ ზუსტად რის ექსპორტსა და იმპორტს ახორციელებენ.

„მედისარი“ რუსეთში ქიმიური ნივთიერებებისა და ლაბორატორიული მოწყობილობების რეექსპორტს ახორციელებდა.

„მედისარი“ მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში სომხეთის მთავრობას ადანაშაულებს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ვინმეს უნდა გაეფრთხილებინა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის რუსეთში გაგზავნა აკრძალული იყო. მსგავსი გაფრთხილება კი მათ არ მიუღიათ.

კომპანიის თანამშრომელმა, რომელმაც სახელის თქმა არ ისურვა, თქვა, რომ „მედისარი“ რუსეთში ქიმიური ნივთიერებებისა და ლაბორატორიული მოწყობილობების რეექსპორტს ახორციელებდა. ამ პროდუქციის იმპორტს კი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ახორციელებდა. კომპანიამ ჯერაც არ იცის, თუ რა შედეგი მოჰყვება აშშ-ის სანქციებში მათ მოხვედრას. არც ის იციან, შეწყდება თუ არა საქონლის ექსპორტი რუსეთში.

ოფიციალური მონაცემებით კომპანიას ერთი მფლობელი ჰყავს - მანველ გაბრიელიანი. ინტერნეტში რამდენიმე ვიდეოა განთავსებული, სადაც ის თავისი კომპანიის საქმიანობას აღწერს. „მე ქიმიური პროდუქტების საბითუმო ვაჭრობით ვარ დაკავებული. ამ პროდუქციის 100 პროცენტი ინდუსტრიულ და ლაბორატორიულ საქმიანობაში გამოიყენება“, - ამბობს ის 2018 წელს ჩაწერილ ვიდეოში.

მანამდე სომხეთში დარეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანია, TAKO LLC, მოექცა აშშ-ის სანქციების ქვეშ. ეს კომპანია ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობს.

სომხეთის კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას წინ უძღოდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის გაფრთხილებები, რომ აკრძალული პროდუქცია რუსეთში სომხეთის გავლით შედიოდა.

ოფიციალური ერევანი ამტკიცებს, რომ სომხეთი დასავლეთის სანქციებს არ არღვევს. 22 მაისის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ეს საკითხი ხშირად წამოიჭრება ხოლმე დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბრისას და სომხეთის პასუხი მუდამ ერთია: „სომხეთს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. თუმცა, სომხეთის რესპუბლიკა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცეს. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან შემოიფარგლება მხოლოდ იმ რაოდენობით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დასავლეთის სანქციების ქვეშ არ მოვექცეთ“, - აცხადებს ფაშინიანი.

ომის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში 760 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა. 2022 წლიდან კი ექსპორტმა ორ-ნახევარჯერ იმატა და 1,9 მილიარდი ევრო შეადგინა.

ნიკოლ ფაშინიანს არ განუმარტავს, თუ როგორ მოხვდა ორი სომხური კომპანია სანქციების სიაში.

აქამდე მოსკოვის დახმარების დაუშვებლობაზე ძირითადად აშშ ლაპარაკობდა ხოლმე. თუმცა, ახლა ევროკავშირიც ცდილობს ზომები მიიღოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ბრიუსელი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი ევროკავშირიდან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში, ამ პროდუქციის ნაწილი კი შემდეგ რუსეთში ხვდება.

„ევრონიუსის“ ცნობით, ომის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში 760 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა. 2022 წლიდან კი ექსპორტმა ორ-ნახევარჯერ იმატა და 1,9 მილიარდი ევრო შეადგინა. 700 პროცენტითაა გაზრდილი მიკროჩიპების ექსპორტი სომხეთში. ეჭვობენ, რომ ამ მიკროჩიპებს რუსეთი სამხედრო ინდუსტრიის მიზნებისთვის იყენებს. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთიდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის გასამმაგდა.

ევროკავშირი ახლა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეთერთმეტე პაკეტს ამზადებს. „ბლუმბერგის“ სააგენტოს ცნობით, სანქციების სიაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის სომხეთის, კომპანიები მოხვდებიან. კომპანიების სახელი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG