Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-ერევანი: სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა - "კომპრომისის და მოქნილობის პირობებში“

ვაშინგტონში სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა - რა მოხდება მოსკოვის მოლაპარაკებებზე?
ვაშინგტონში სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა - რა მოხდება მოსკოვის მოლაპარაკებებზე?

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად „მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს რთულ საკითხებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. დაკარგა თუ არა რუსეთმა დიპლომატიური ინიციატივა და არიან თუ არა მხარეები მზად მშვიდობისთვის?

ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი მეტი კეთილგანწყობის, კომპრომისისა და მოქნილობის შემთხვევაში, გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება მიღწევადიაო, - მშვიდობის მხარდაჭერის პირობასთან ერთად ასეთი გზავნილი მიიღეს მხარეებმა ვაშინგტონისგან, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ენტონი ბლინკენი მასპინძლობდა.

  • როგორ აფასებენ ვაშინგტონის მოლაპარაკებებს ერევანსა და ბაქოში?
  • რა ნაბიჯები უნდა გადადგან ახლა მხარეებმა?
  • რას შეიძლება სომხეთი და აზერბაიჯანი ელოდოს მოსკოვში ვიზიტისაგან?

4-დღიანი მოლაპარაკებები

აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთისა საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის 4-დღიანი მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრები ვაშინგტონსა და არლინგტონში, ვირჯინიის ქალაქში ვაშინგტონთან, პირველ მაისს დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ერთ-ერთზე შეხვედრებით მირზოიანთან და ბაირამოვთან. იყო სამმხრივი ფორმატებიც, - როგორც ენტონი ბლინკენის, ისე ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მონაწილეობით.

ენტონი ბლინკენი ხვდება არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს არლინგტონში. 2023 წლის 4 მაისი
ენტონი ბლინკენი ხვდება არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს არლინგტონში. 2023 წლის 4 მაისი

ბლინკენმა მოლაპარაკებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ:

  • ორმხრივი და სამმხრივი დისკუსიების ინტენსიური და კონსტრუქციული სერიის შემდეგ, მხარეებმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს რთული საკითხების მოგვარების საკითხებში.
  • ორივე მხარემ აჩვენა ურთიერთობების ნორმალიზებისა და ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების გულწრფელი სურვილი.

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებმა ცალ-ცალკე გააკეთეს განცხადებები, რომელთა შინაარსი მეტწილად იდენტური იყო - მადლობა გადაუხადეს შტატებს მედიაციისათვის და განაცხადეს, რომ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ნორმალიზაციის თაობაზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ:

„გააღრმავეს მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების გარკვეულ მუხლებზე ურთიერთგაგება“.

„რუსეთმა დაკარგა დიპლომატიური ინიციატივა“

რიჩარდ გირაგოსიანი, ვეტერანი სომეხი ანალიტიკოსი ყარაბაღისა და სომხეთის საკითხებზე, „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეალისტურად მიაჩნია ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლომდე ხელმოწერა. ვაშინგტონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყოო, ამბობს იგი და განმარტავს:

  1. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები. 4-დღიან შეხვედრებს მოლაპარაკებები ახალ ხარისხში აჰყავს;
  2. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ რუსეთმა დაკარგა დიპლომატიური ინიციატივა. როგორც ბრიუსელის, ასევე ვაშინგტონის დაინტერესება [სამშვიდობო ხელშეკრულებით] მიანიშნებს დასავლეთის ჩართულობის ზრდაზე. ის ფაქტი, რომ ბლინკენმა 4 დღე დაუთმო ამ საკითხს, - ესე იგი, ამ საკითხს დაახარჯა დიპლომატიური და პოლიტიკური კაპიტალის 4 დღე, აჩვენებს აშშ-ის მნიშვნელოვან ინტერესს მოლაპარაკებებში.

ბაქოელი ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზი შენიშნავს, რომ მართალია, ბრიუსელი მნიშვნელოვან პლატფორმას სთავაზობდა მხარეებს, თუმცა მან „მხოლოდ მცირე ხანს გასტანა, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრის არაზუსტი ან მიკერძოებული მიდგომის გამო აზერბაიჯანის მიმართ ბაქოს დემოტივაცია გამოიწვია“.

ფუად შაჰბაზი, ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან
ფუად შაჰბაზი, ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან

აქედან გამომდინარე, ვაშინგტონის გააქტიურება ევროკავშირის შესუსტებული როლის კომპენსაციად შეიძლება მივიღოთო, წერს შაჰბაზი აზერბაიჯანულ ანალიტიკურ პლატფორმა caliber-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფუად შაჰბაზი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა ამ კვირაში ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ასეთი ნაბიჯი „აღაშფოთებდა სომხურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც აფრთხილებდნენ პაშინიანის მთავრობას, თავი შეიკავოს ბაქოსთან რაიმე შეთანხმებისგან“.

არიან მხარეები მზად მშვიდობისათვის?

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნა, რომ მინისტრებს შესთავაზა, „დაბრუნდნენ დედაქალაქებში, რათა თავიანთ მთავრობებს გაუზიარონ პერსპექტივა, რომ დამატებითი კეთილგანწყობის, მოქნილობისა და კომპრომისის პირობებში, შეთანხმება ახლოსაა“.

რიჩარდ გირაგოსიანს მიაჩნია, რომ მართალია, ოფიციალურ დონეზე ბაქო და ერევანი „ჭეშმარიტად არიან მოწადინებულნი, სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა არცერთ მხარეს არ გადაუდგამს საკმარისი ნაბიჯები ასეთი შეთანხმებისთვის საზოგადოებების შესამზადებლად; საზოგადოებრივი აზრის მომზადება არ მომხდარა“.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, მხარეებმა ამ მიმართულებით იმუშაონ: „ეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის გამოწვევაა, - დაფიქრდნენ ამაზე, რათა უზრუნველჰყონ გრძელვადიანი მშვიდობა“.

როგორია კონტექსტი?

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ძირითადად მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირდება, ათწლეულებსა და ათიათასობით მსხვერპლს ითვლის. წლების განმავლობაში მოლაპარაკებების არაერთი მცდელობისა და მექანიზმის გამოყენების მიუხედავად, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდა.

  • 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო; ეს ომი დასრულდა 9 ნოემბრის ხელშეკრულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; მედიაცია რუსეთის ფედერაციამ გასწია და შეთანხმების შედეგად რეგიონში განათავსა 2000-მდე ჯარისკაცი მშვიდობისმყოფელების მანდატით.
  • 2021-22 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რამდენჯერმე მოხდა ესკალაცია, როგორც ყარაბაღთან, ისე ორ ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებს შორის საზღვრის გასწვრივ, რამაც საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა.
  • 2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივ ბლოკადაშია. „ლაჩინის დერეფანი“, - რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანელ „ეკო-აქტივისტებს“ ჰქონდათ გადაკეტილი; 2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე სისხლიანი დაპირისპირება.
23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანთან გამშვები პუნქტი მოაწყო.
23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანთან გამშვები პუნქტი მოაწყო.

1-4 მაისის მოლაპარაკებები შტატების მედიაციის მცდელობის მორიგი რაუნდი იყო. მისი პირველი მცდელობა საზოგადოებამ იხილა 2022 წლის ნოემბერში, როდესაც ბლინკენმა მირზოიანი და ბაირამოვი მიიღო ვაშინგტონში.

ამჟამინდელი მოლაპარაკებები კი 2023 წლის თებერვალში, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა. გერმანიაში შეხვედრისას ბლინკენმა მიანიშნა აშშ-ის სურვილზე, უფრო აქტიურად ჩართულიყო სამშვიდობო პროცესში.

მოლაპარაკებები მოსკოვში?

ვაშინგტონში მოლაპარაკებების დასრულების დღესვე, 4 მაისს, პრაღაში მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თქვა, რომ მომდევნო კვირას მოსკოვს ეწვევა. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

მოსკოვი უარყოფითაც უყურებს სომხეთის დასავლელი პარტნიორების ჩართვას მედიაციის პროცესში და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება 2020 წლის სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შედგეს.

ერთი კვირით ადრე, 27 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებს შორის მოსკოვში შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. თარიღი მას არ დაუზუსტებია. 4 მაისს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მირზოიანი და ბაირამოვი მოსკოვში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს.

აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პირველი პირები მოლაპარაკებებზე სოჭში. 2022 წლის 31 ოქტომბერი.
აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პირველი პირები მოლაპარაკებებზე სოჭში. 2022 წლის 31 ოქტომბერი.

5 მაისს, პრაღაში „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისში სტუმრობისას, რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მტკიცედ განაცხადა, რომ „ვაშინგტონში დაწყებული დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს მოსკოვში“ და უარყო, რომ სამშვიდობო შეთანხმების „დასავლური და რუსული პროექტები განსხვავდება“.

შეერთებული შტატების აქტიურობის მიუხედავად, ანალიტიკოს ფუად შაჰბაზს მიაჩნია, რომ რუსეთში შეხვედრები გამოკვეთს „ისეთი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს, როგორიცაა შეიარაღებული ინციდენტები, უსაფრთხოების ახალი საგუშაგო ლაჩინის გზაზე და სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების გაყვანა ყარაბაღიდან“.

რა უშლის ხელს მოლაპარაკებების ბოლოში გაყვანას?

ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო თავისუფლებასათან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მთავარი უთანხმოება უკავშირდება მთიან ყარაბაღს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი. სხვა საკითხებს შორის მან დაასახელა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობის სტატუსი.

რიჩარდ გირაგოსიანს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებებში წინ წაწევის გასაღები ყარაბაღის საკითხის გვერდის ავლაში იმალება:

„[ვაშინგტონის შეხვედრების შემდეგ ხელთ გვაქვს] სამშვიდობო ხელშეკრულების მეხუთე ვერსია. და, ვფიქრობ, შეთანხმების დასრულების გასაღები იმაშია, რომ მთიანი ყარაბაღი პირდაპირ არ იქნეს ნახსენები შეთანხმებაში“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი, „რეგიონული კვლევის ცენტრის“ დირექტორი.
ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი, „რეგიონული კვლევის ცენტრის“ დირექტორი.

რიჩარდ გირაგოსიანი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება:

„უნდა ველოდოთ რეგიონული ვაჭრობისა და ტრანსპორტირების, ასევე საზღვრის დემარკაციის საკითხების შესახებ შეთანხმების ასახვას სამშვიდობო ხელშეკრულებაში. მაგრამ, - კიდევ ერთხელ, - ვშიშობ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა არ იქნება საკმარისი და სწორედ იმისთვის უნდა ვემზადოთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ურთიერთობა ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ“.

XS
SM
MD
LG