რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალაქ ბელგოროდში რუსული ბომბი ჩამოვარდა. რუსეთის ამ ქალაქის ცენტრში აფეთქება გასულ ღამით მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 2 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.
შუაღამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელგოროდის თავზე, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან სუ-34 „მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არასაშტატო ჩამოსვლა“. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
- რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
- რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.
- რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.